თამარ კაციტაძის გზა ექიმობიდან ესთეტიკურ მედიცინამდე პიროვნული ბრძოლის, მუდმივი წინსვლისა და ამ გზაზე სიარულის თავიდან სწავლის ისტორიაა. დღეს ის საქართველოში Biologique Recherche-ის საერთაშორისოდ აღიარებულ კოსმეტიკის ბრენდს ხელმძღვანელობს და მომხმარებლების სილამაზესა და ჯანმრთელობაზე ზრუნავს.
ავტორი: კახი ჩაკვეტაძე
თამარ, როგორი იყო თქვენი გზა საქართველოში პროფესიული კოსმეტიკის ხაზის ხელმძღვანელობამდე?
ენდოკრინოლოგიის რეზიდენტურა და ახალგაზრდა ექიმის საინტერესო კარიერა — ასეთი იყო გზის დასაწყისი. ექიმობასთან დაკავშირებით ერთი სახალისო ამბავიც მახსენდება: ხანმოკლე შვებულებით თბილისში დაბრუნებულმა მადლიერი პაციენტების წერილებითა და უმნიშვნელო საჩუქრებით სავსე სამი ჩემოდანი ჩამოვიტანე. იმ რთულ წლებში ბარგის ჩამოტანაში ბევრად მეტი გადავიხადე, ვიდრე საჩუქრები ღირდა, მაგრამ დედა და მამა საოცრად ბედნიერები იყვნენ.
შემდეგ, 2003 წლის 17 ნოემბერს, კომპანიას, სადაც სტუმრად ვიყავი, თავს დაესხა თბილისში ცნობილი კრიმინალური დაჯგუფება. ჩემი ცხოვრება წამებში რადიკალურად შეიცვალა — 25 წლის ასაკში გავხდი პირველი ჯგუფის ინვალიდი. შემდეგ იყო ოთხწლიანი ბრძოლა საკუთარ თავთან: რეაბილიტაცია, ლაპარაკისა და სიარულის თავიდან სწავლა.
შემდეგ ჩემი გზები Gigi Cosmetics-თან (ისრაელის პროფესიული კოსმეტიკა) გადაიკვეთა. Gigi-ის მენეჯმენტმა ნდობა გამომიცხადა, რაც ჩემთვის უდიდესი მოტივაცია იყო წარმატებისა და წინსვლისკენ, რისთვისაც მე მათი მადლობელი ვარ.
რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?
დედა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი იყო, მამა — ცნობილი მეღვინე. მე მედიცინა მაინტერესებდა. პროფესიული კოსმეტიკა იმ დროს ჩემთვის იძულებითი ნაბიჯი იყო. ფსიქოემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმობას ვერ შევძლებდი, ამიტომ გადავერთე პროფესიული კოსმეტიკის მიმართულებაზე, რომელიც დაკავშირებულია დადებით ემოციებსა და სილამაზესთან.
დღეს თავს ვგრძნობ სრულად რეალიზებულად. ვემსახურები ესთეტიკურ მედიცინას და ძალიან მიყვარს ჩემი სპეციალობა. ყოველი მადლიერი პაციენტი, ახლის შეცნობით კმაყოფილი კოსმეტოლოგი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორ და როდის გაჩნდა Biologique Recherche-ის ბრენდის საქართველოში შემოტანის იდეა? რა იყო მოტივაცია?
Biologique Recherche საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდია, სწორედ ამიტომ მათთან თანამშრომლობის დიდი სურვილი მქონდა. მინდოდა, ქართველ ქალებს BR-ის რეალური ეფექტურობა შეეგრძნოთ. ჩვენ შორის კონტრაქტი 2016 წლის 16 ოქტომბერს დაიდო — ჩემი შვილის დაბადებამდე, ეს იყო ჩემთვის ერთ–ერთი ყველაზე ბედნიერი დღე.
BR-ს სახის მოვლის მიმართულებები აქვს, რაც მოიცავს მომხმარებლისთვის სახის მოვლის პროდუქტებისა და პროცედურის პერსონალურად შერჩევას, სახის კანის, ფსიქოტიპისა და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით. Biologique Recherche-ის პროდუქტები მაქსიმალურად დაცლილია პარაბენებისგან, არ შეიცავს არომატიზატორებსა და კონსერვანტებს.
რამდენად მაღალია კონკურენცია და რა გამოწვევებს აწყდებით ადგილობრივ ბაზარზე?
ქართული პროფესიული კოსმეტიკის ბაზარი დატვირთულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პროდუქციით, რაც კონკურენციას ზრდის.
ვისურვებდი, რომ კონკურენცია იყოს ღირსეულ პარტნიორებს შორის. ჯანსაღი შეჯიბრი დამატებითი მოტივაციაა — ეს არის გზა განვითარების.
გამოწვევები, რა თქმა უნდა, უხარისხო პროდუქტებია: ურეიტინგო პროფესიული ხაზები, არასწორად ინფორმირებული კოსმეტოლოგები და არაპროფესიონალიზმით დაშვებული შეცდომები.
ვფიქრობ, რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, რათა ხარისხმა აიწიოს. ჩვენ შემოგვაქვს პროდუქცია, რომელიც მსოფლიო რეიტინგის ათეულშია, ერთ–ერთი პროდუქტი კი – ხუთეულშიც. ამ ხმამაღალ განცხადებას ამბიციაში ნუ ჩამომართმევთ — აუცილებელია, მომხმარებელს ინფორმაცია ჰქონდეს სწორი არჩევანის გაკეთებისთვის.
რა სპეციფიკურ სერვისებსა და პროდუქტებს სთავაზობთ მომხმარებლებს?
სპეციფიკურ სერვისთაგან მნიშვნელოვანია ონლაინმომსახურება. თუ მომხმარებელი ვერ ახერხებს სალონში მოსვლას და იცის საკუთარი კანის ტიპი, კოსმეტოლოგი შეძლებს კონსულტაციის ონლაინ ჩატარებას, პროდუქტის სწორად გამოყენების ინსტრუქციის მიცემასა და მისთვის საჭირო პრეპარატების გაგზავნას ქვეყნის ნებისმიერ წერტილში.
ვატარებთ ონლაინლექციებს როგორც დამწყები კოსმეტოლოგებისთვის, ისე გამოცდილი სპეციალისტებისთვის და ვაწვდით მათ ინფორმაციას სიახლეებზე.
გარდა ამისა, 24/7-ზე მუშაობის რეჟიმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალაქში არსებული გადატვირთული მოძრაობისა და საცობების პირობებში. მომხმარებელს შეუძლია, მომსახურებით ისარგებლოს მისთვის ყველაზე კომფორტულ დროს.
რა სახის მომსახურებასა და პროდუქტებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა ქვეყანაში?
ქართველი ქალები ითხოვენ ყველა სახის პროცედურას, იქნება ეს გამაახალგაზრდავებელი, თმის მოვლა თუ სხვა. გადამეტებული არ მგონია იმის თქმა, რომ ქართველი მომხმარებელი ყველაზე გემოვნებიანი და გონიერია მთელ მსოფლიოში. ქართველები ითხოვენ მომსახურების მაღალ სტანდარტს და მოსწონთ ხარისხიანი კოსმეტიკა.
როგორ შეიცვალა მომხმარებლების მოთხოვნები დროთა განმავლობაში?
დაახლოებით 18 წლის წინ ქართველი ქალი თავის მოვლის რუტინას ყოველდღიურ აუცილებლობად არ მიიჩნევდა. ის ამას მაშინ აკეთებდა, როდესაც, მაგალითად, წვეულებაზე იყო მიწვეული. კარგი ფეხსაცმელი, კაბა და ერთჯერადი თავის მოვლა — რუტინა ასეთი იყო. ახლა საქმე სულ სხვაგვარადაა და თავის მოვლა ქართველი ქალების ცხოვრების ყოველდღიურობად იქცა. ვფიქრობ, ამაში ჩემი წვლილიც დიდია და ამ ფაქტით ვამაყობ. მინდა, ქართველი ქალი იყოს ყველაზე მოვლილი მთელ მსოფლიოში.
თამარ, რა არის თქვენთვის ბიზნესის წარმატების უმთავრესი ფაქტორი?
ვფიქრობ, წარმატებას რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს, ესენია:
- სიყვარული — საქმე უნდა აკეთო სიყვარულით, ზრუნავდე მომხმარებელზე, გიყვარდეს თანამშრომლები და კონკურენტებიც კი, რადგან ისინი შენი მოტივატორები არიან, მათი სიძლიერე შენც გაძლიერებს.
- ცოდნის გაღრმავება — ყოველ დღეს უნდა უმტკიცო საკუთარ თავს, რომ დღეს უკეთესი ხარ, უფრო ინფორმირებული, უფრო გამოცდილი, ვიდრე გუშინ იყავი. სწორედ ამ მიზნით ვატარებთ წელიწადში რამდენიმე ტრენინგს მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ ესთეტიკურ ცენტრში, რათა გუნდი მუდმივად ვითარდებოდეს.
- გულწრფელი ურთიერთობა მომხმარებელთან — როცა რაღაც არ გამოგდის ან შენს პორტფოლიოში არ არის მომხმარებლისთვის საჭირო პროდუქტი, პაციენტს რაიმეს არ უნდა შეჰპირდე და ცრუ მოლოდინი არ უნდა შეუქმნა. იყავი მართალი პაციენტთან, კოლეგასთან, თანამშრომელთან.
გაქვთ თუ არა რაიმე გატაცება პროფესიული საქმიანობის მიღმა?
დიახ, ძალიან მიყვარს ზოოპარკების მონახულება. ბევრს ვმოგზაურობ ჩემს შვიდი წლის თედოსთან ერთად. აუცილებლად ვსტუმრობ იმ ქვეყნის ზოოპარკში, სადაც ვიმყოფები. ჩემი შვილი ოცნებობს, ყველა ცხოველი თავისუფალი იყოს. ვამაყობ იმით, რომ Biologique Recherche ცხოველებზე კვლევებს არ ატარებს.
რა რჩევას მისცემდით დამწყებებს?
აკეთეთ ბიზნესი სიყვარულით და იმუშავეთ თქვენს თავზე. არასდროს გაიხსენოთ თქვენი ცხოვრების ნეგატიური მომენტები. იარეთ წინ უკეთესი მომავლის იმედით. მე თუ გამომივიდა, თქვენც აუცილებლად გამოგივათ.
როგორია სამომავლო გეგმები?
ძალიან მინდა ქართველი მამაკაცების სეგმენტის გაფართოება, რადგან ჩემი მიზანია, ბევრი მოვლილი მამაკაცი იყოს ჩვენს ქვეყანაში. სამომავლოდ, 2026 წელს, დაგეგმილი მაქვს, რომ Biologique Recherche-თან ერთად, აქტიურად ვიმუშაო ონკოლოგიურ პაციენტებზე.
გვინდა უფრო მეტად ვიზრუნოთ ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებზე. BR-ს უკვე აქვს მეთოდოლოგიები, პროცედურები და პრეპარატები ონკოპაციენტებისთვის, რომლებსაც ისევე სჭირდებათ თავის მოვლა, როგორც სხვებს. ჩვენ გვაქვს ყველა საშუალება იმისთვის, რომ უსაფრთხოდ და ეფექტიანად ვიზრუნოთ ამგვარი პრობლემის მქონე პაციენტებზე.
S











