როგორ გამდიდრდა ესპანეთი?

daniel-prado-2COX4tG0tc0-unsplash-scaled.jpg

ესპანეთში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 38 ათასი დოლარია და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში 31-ე ადგილს იკავებს. მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით (PPP), 57 ათასი დოლარია, თუმცა ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 35-ე ადგილზეა. ესპანეთში დღეს დაახლოებით 49 მლნ ადამიანი ცხოვრობს.

ესპანეთისთვის მსოფლიოში ძლიერებისა და გამორჩეული სიმდიდრის პერიოდი მე-16 საუკუნე იყო, რომელსაც ესპანეთის „ოქროს ხანას“ უწოდებენ. ყველაზე მეტად ამას ხელი დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა შეუწყო. ესპანეთი გაბატონებული იყო ზღვებზე. ახალი მიწებიდან, კოლონიებიდან, ესპანეთმა დიდძალი სიმდიდრე ჩამოიტანა, განსაკუთრებით – სამხრეთ ამერიკიდან, სადაც მრავლად იყო ოქროსა და ვერცხლის საბადოები. თუმცა მე-17 საუკუნიდან უკვე ეკონომიკური პრობლემები დაეწყო, მათ შორის, ჭარბი ოქროს გამო, რამაც ინფლაცია გამოიწვია.

ეკონომიკურმა პრობლემებმა, ომებმა და აბსოლუტურ მონარქიაში შედარებით გვიანობამდე დარჩენამ ესპანეთი დაასუსტა. მე-19 საუკუნეში ლათინური ამერიკის კოლონიებმა თავისუფლება მოიპოვეს. ეკონომიკა ძირითადად აგრარული რჩებოდა, როცა ჩრდილო-დასავლეთი ევროპა სწრაფი ინდუსტრიალიზაციის გზას ადგა.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ესპანეთი მდიდარი ქვეყანა არ იყო, საშუალო შემოსავლის ქვეყანა იყო, მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ცენტრალურ და ჩრდილო-დასავლეთ ევროპას. 1936-1939 წლებში ესპანეთში სამოქალაქო ომი იყო, რამაც კიდევ უფრო დაასუსტა ეკონომიკა. 1939 წელს ქვეყნის სათავეში გენერალი ფრანსისკო ფრანკო მოვიდა, რომელმაც დიქტატურა დაამყარა და სიკვდილამდე, 1975 წლამდე მართავდა ესპანეთს. ფრანკო იდეოლოგიურად მემარჯვენე ნაციონალისტი იყო.

მეორე მსოფლიო ომში ესპანეთს ნეიტრალური პოზიცია ჰქონდა, თუმცა ფარულად ნაცისტებს გარკვეული დახმარება გაუწია. პირველ წლებში ფრანკომ ეკონომიკაში ავტარკიის პოლიტიკა (თვითკმარი ეკონომიკის შენება) აირჩია, რაც წარუმატებელი აღმოჩნდა და ქვეყანა კიდევ უფრო გაღარიბდა. ფრანკომ რეპრესიული ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა, მაგრამ რადგან „ცივი ომის“ დროს ანტიკომუნისტური პოზიცია ჰქონდა, აშშ-მა მასთან დიპლომატიური კავშირი დაამყარა.

ესპანეთის ეკონომიკამ სწრაფი ზრდა 1959 წელს დაიწყო, რაც 1974 წლამდე გაგრძელდა და ამ პერიოდს „ესპანეთის ეკონომიკურ სასწაულს“ უწოდებენ. ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 7.2%-ით იზრდებოდა. ესპანეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 1958 წელთან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა. მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 17%-ით გაიზარდა და ესპანეთმა ერთ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით საშუალოზე მაღალშემოსავლიან ქვეყნებში გადაინაცვლა.

„ესპანეთის ეკონომიკური სასწაული“ ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს მოჰყვა. მთავარი იყო მკაცრი სახელმწიფო კონტროლიდან ეკონომიკის ლიბერალიზაციაზე გადასვლა. ეს შეეხებოდა ქვეყნის შიდა და საგარეო ვაჭრობას, ფასებს, უცხოური ინვესტიციების დაშვებას, რასაც შედეგად ინდუსტრიალიზაციის ტემპის დაჩქარება მოჰყვა. დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობის გამოსწორებას ტურიზმისა და მშენებლობის სექტორში ბუმი მოჰყვა. სოფლის მოსახლეობას შეეძლო, თავისუფლად გადასულიყო ქალაქებში საცხოვრებლად, რამაც მრეწველობის სექტორს დამატებით სამუშაო ძალა მოუტანა. მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩაიდო ინფრასტრუქტურასა და განათლებაში.

ესპანეთს ისტორიულად დიდი პოტენციალი ჰქონდა გამდიდრების, თუნდაც მისი მდებარეობის გამო, მაგრამ ეს პოტენციალი ხელოვნურად იყო შეკავებული მმართველების მიერ. ფრანკოს რეფორმების მთავარი არსი ეს იყო – განვითარებაზე ნაკლებად ხელის შეშლა. ესპანეთი არალოგიკურად გვიანობამდე დარჩა ღარიბ ქვეყნად.

1973 წელს მსოფლიოში ნავთობი 3-ჯერ გაძვირდა და ყველა ნავთობიმპორტიორი ქვეყანა, მათ შორის ესპანეთი, დააზარალა. 1979 წელს მეორე „სანავთობო შოკი“ იყო. 1975-1985 წლებში ესპანეთის ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 2%-ით იზრდებოდა, რაც დაბალი ზრდაა.

ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ ესპანეთის დემოკრატიზაცია დაიწყო და 1982 წელს ნატოს წევრი, ხოლო 1986 წელს ევროკავშირის წევრი გახდა. ევროკავშირის წევრობა ესპანეთის ეკონომიკას დაეხმარა. 1986-1992 წლებში ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 4%-ით იზრდებოდა და, მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, ესპანეთმა მდიდარი ქვეყნების ჯგუფში გადაინაცვლა. ესპანეთმა გამოიყენა როგორც ევროკავშირის დახმარების ფონდები, ასევე შეუერთდა საერთო-ევროპულ ბაზარს, სადაც მეტი კონკურენცია იყო, რაც ესპანურ კომპანიებს მოდერნიზებას, ხოლო ესპანეთის მთავრობას ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას აიძულებდა.

ესპანეთს კარგი პერიოდი ჰქონდა 1990-იანი წლების ბოლოდან 2008 წლამდე, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაწყებამდე, ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 3.6%-ით იზრდებოდა, რაც მდიდარი ქვეყნისთვის ნორმალური მაჩვენებელია. ამ პერიოდში განსაკუთრებით განვითარდა მომსახურების სექტორი. 2008-2009 წლების კრიზისმა და 2020-2021 წლების პანდემიამ ესპანეთიც მნიშვნელოვნად დააზარალა, თუმცა დღესაც მდიდარი ქვეყანაა და ბოლო წლებში (2023-2025) მისი ეკონომიკა წლიურად საშუალო 3%-ით იზრდებოდა.

2025 წელს ესპანეთის ეკონომიკა 2 ტრილიონ დოლარამდე იყო და მსოფლიოში მხოლოდ 11 ქვეყანას ჩამორჩებოდა.

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა