Tripadvisor-მა Travelers’ Choice Awards-ის ფარგლებში სხვადასხვა სია გამოაქვეყნა. ისინი მოგზაურების მიერ ერთი წლის განმავლობაში დატოვებული შეფასებების საფუძველზეა შედგენილი. რეიტინგები კატეგორიების მიხედვით არის დაყოფილი და მოიცავს საკვებისა და კულტურის, სოლო-მოგზაურობის, „თაფლობის თვისა“ და სხვა კუთხით პოპულარულ მიმართულებებს.
2025 წლის საუკეთესო მიმართულებად ბალი დასახელდა, თუმცა ჩვენთვის გაცილებით საინტერესოა 2026 წლის ტრენდული მიმართულებების სია, რომელშიც საქართველოს დედაქალაქი, თბილისი, ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა.
აღნიშნულ სიაში პირველ ადგილს ატლანტის ოკეანეში მდებარე კუნძული მადეირა იკავებს, რომელიც პორტუგალიის ავტონომიური რეგიონია. გეოგრაფიული იზოლაციის წყალობით მან საკუთარი იდენტობის კარგად შენარჩუნება შეძლო. კუნძული ცნობილია ველური ლანდშაფტებით, სანახაობრივი საფეხმავლო მარშრუტებით, რთულად მისადგომი პლაჟებითა და განსაკუთრებული მიკროკლიმატით, რომელიც მთელი წლის განმავლობაში სტაბილურ, თბილ ტემპერატურას უზრუნველყოფს. მადეირას ხშირად „ევროპის ჰავაისაც“ უწოდებენ და აქტიური დასვენების მოყვარულებისთვის ნამდვილ სამოთხედ მიიჩნევა.

რეიტინგში მეორე ადგილს საქართველოს დედაქალაქი, თბილისი იკავებს. Tripadvisor-ის შეფასებით, 2026 წელი შეიძლება იყოს ის წელი, როდესაც თბილისი გლობალურ ტურისტულ რუკაზე ადგილს საბოლოოდ დაიმკვიდრებს. საქართველოს დედაქალაქი ახალი სასტუმროების, კულტურული სივრცეებითა და მუზეუმებით ტურისტებში სულ უფრო პოპულარული ხდება.
Tripadvisor-ი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ახალ სასტუმრო The Telegraph-ზე, რომელიც პოსტსაბჭოთა არქიტექტურას თანამედროვე დიზაინსა და კომფორტს უთავსებს. გამოარჩევს რუსთაველის გამზირზე მდებარე ოპერისა და ბალეტის თეატრს, რუსთაველის თეატრსა და მუზეუმებს, მათ შორის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების განახლებული მუზეუმს, რომელიც ვიზიტორებს ქართული და მსოფლიო ხელოვნების მდიდარ კოლექციას სთავაზობს. თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით კი გამოყოფს ახლად გახსნილ Art Foundation Anagi-ს.

მესამე ადგილს აშშ-ის ილინოისის შტატის ქალაქი, ჩიკაგო იკავებს. როგორც Tripadvisor-ის ვებგვერდზე ვკითხულობთ, „ქარიანი ქალაქი“ 2026 წელს სტუმრებს განსაკუთრებით დატვირთული კულტურული და საზოგადოებრივი კალენდრით ხვდება. ქალაქის სამხრეთ ნაწილში გაიხსნება ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ცენტრი, მრავალფუნქციური სივრცე ღონისძიებებით, გამოფენებითა და საგანმანათლებლო პროგრამებით. გარდა ამისა, მაისში Field Museum-ში Pokémon-ის თემატური გამოფენა გაიმართება, ასევე Route 66-ის 100 წლის იუბილე აღინიშნება.

Tripadvisor-ის მიხედვით, 2026 წლისთვის მსოფლიოს ტოპ-10 ტრენდული მიმართულება:
მადეირა, პორტუგალია
თბილისი, საქართველო
ჩიკაგო, აშშ
ქუი-ნიონი, ვიეტნამი
პუერტო-ესკონდიდო, მექსიკა
მილანი, იტალია
გლაზგო, შოტლანდია
აბუ-დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
რესიფი, ბრაზილია
სან-კარლოს-დე-ბარილოჩე, არგენტინა








