უკრაინის ხაფანგი 22 

უკრაინის ხაფანგი 22 

გასული თვის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ირგვლივ იმდენი რამ მოხდა, რომ დამკვირვებლებს უჭირთ მოვლენების გააზრება და ლოგიკური ჯაჭვების აგება. თავდაპირველად პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბრის შემდეგ გაჩნდა მათი შეხვედრის პერსპექტივა, რომელიც მალევე გაქრა და მისი ადგილი ამერიკის ახალმა სანქციებმა დაიკავა. შემდეგ ვითარება კიდევ ერთხელ შეიცვალა – ყველა თითქოს არსაიდან მოსულ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე ალაპარაკდა. 

ამასობაში უკრაინა სრულმასშტაბიანი შეჭრის 4 წლის განმავლობაში თავის ყველაზე რთულ ზამთარს უახლოვდება მძიმე პრობლემებით ფრონტზე და კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში მყოფი ენერგეტიკული სექტორით და თითქოს ეს არ იქნებოდა საკმარისი, ყველაფერი ქვეყნის ისტორიაში უმსხვილესი კორუფციული სკანდალის ფონზე მიმდინარეობს.

ჯოზეფ ჰელერის საომარი ლიტერატურის კლასიკად ქცეული ნაწარმოების მთავარი პროტაგონისტი ომით ტრავმირებული მფრინავი იოსარიანია, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ხმელთაშუა ზღვის თეატრში მოქმედ ერთ-ერთ ამერიკულ საჰაერო დანაყოფში მსახურობს.

იოსარიანი ცდილობს ნებისმიერი ხერხით დააღწიოს თავი საბრძოლო მისიებს, მოკლე ვადებში ასრულებს ლიმიტს, რომლის შემდეგაც დემობილიზაციის უფლებას იღებს და ყოველ ჯერზე მეთაური ზრდის დემობილიზაციისთვის საკმარისი ფრენის ლიმიტს.

იოსარიანის ყოველი მცდელობა ეჯახება აბსურდულ ბიუროკრატიულ წესს, რომელიც ხაფანგი 22-ის სახელით არის ცნობილი. წესის მიხედვით, პილოტი მხოლოდ მაშინ შეიძლება გათავისუფლდეს ფრენისგან, თუ გიჟია, მაგრამ თუ ვინმე თავად ითხოვს ფრენისგან გათავისუფლებას, ეს ნიშნავს, რომ ის იაზრებს რისკებს და საღ გონებაზეა, შესაბამისად, ფრენა უნდა გააგრძელოს. სისტემა ლოგიკურად ჩაკეტილია.

იოსარიანის მსგავსად ომის მეოთხე წლის მიწურულს უკრაინა მსგავსი ხაფანგი 22-ის წინაშე აღმოჩნდა: რუსეთი დონეცკის ოლქიდან უკრაინული ჯარების გაყვანას ითხოვს, მათ შორის საუბარია სლოვიანსკ-კრამატორსკის მსხვილ აგლომერაციაზე, რომელიც უკრაინსთვის 2014 წლიდან აღმოსავლეთ ფრონტზე თავდაცვის მთავარი ზღუდეა. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე ომის ხანგრძლივობა რამდენიმე კვირაში გადააჭარბებს ე.წ. „მეორე სამამულო ომის” ხანგრძლივობას, საოკუპაციოა არმია კვლავ შორსაა მიზნისგან. 

ჰელერის ნაწარმოების ენაზე რომ ვთქვათ, კიევი სრულიად რაციონალურად იქცევა, როდესაც უარს ამბობს ტრამპის გეგმაზე, რომელიც ტერიტორიების უბრძოლველად დათმობას ითვალისწინებს, მაგრამ ცოცხალი ძალის დანაკლისისა და სამხედრო პერსპექტივის გაუარესების გათვალისწინებით ბრძოლის გაგრძელება შესაძლოა ფუჭი აღმოჩნდეს. 

მარტივად რომ ვთქვათ, არსებობს რისკი, რომ 2026 წელს დაგროვილი პრობლემების ფონზე რუსეთმა შესაძლოა დაიკავოს მეტი ტერიტორია ან მთლიანად დონეცკის ოლქი. ამგვარად, ეს გაანეიტრალებს ცეცხლის შეწყვეტის მთავარ წინააღმდეგობას, ხოლო უკრაინა იმავე შედეგს მიიღებს, ოღონდ უარესი პირობებით.

უკრაინა, იოსარიანის მსგავსად, ლოგიკურ ჩიხშია, რომელშიც ნებისმიერი რაციონალური არჩევანი შესაძლოა ერთი და იმავე, კატასტროფული შედეგით დასრულდეს.

დილემა არ არის ახალი – ამის მაგალითად 1995 წელს გაფორმებული დეიტონას შეთანხმება გამოდგება, რომელმაც ნატოს ჩარევის შემდეგ ბოსნიის უსასტიკესი ომი დაასრულა. ბოსნია-ჰერცეგოვინის პრეზიდენტი, ალია იზეტბეგოვიჩი მისი ქვეყნის წინაშე არსებულ გადაუჭრელ დილემაზე საჯაროდაც საუბრობდა. „ჩვენ არ შეგვიძლია მივაღწიოთ კარგ მშვიდობას, მაგრამ ასევე, არ ძალგვიძს სამართლიანი ომის გაგრძელება უკეთესი შედეგის მისაღწევად”- ამბობდა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი. 

მსგავსია უკრაინის არჩევანიც: ერთი მხრივ, ნაკლოვანი და არამყარი მშვიდობა, მეორე მხრივ, ომის გაგრძელება და უარესი სამშვიდობო შეთანხმების რისკი.

პოლიტიკის მეცნიერი, დენ რეიტერი თავის წიგნში „როგორ სრულდება ომები” ორ ცენტრალურ პირობას გამოყოფს: 1. ორივე მხარე დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ოპონენტი არ დაარღვევს შეთანხმებას; 2. მხარეებს უნდა ჰქონდეთ მკაფიო ცოდნა მოწინააღმდეგის სამხედრო სიმძლავრისა და განზრახვის შესახებ. უკრაინაში მიმდინარე გამოფიტვის ომის მსგავსად, როგორც წესი, ახალი სამხედრო ძალის ბალანსი შედარებით სწრაფად და მარტივად დგინდება. უფრო რთულია პირველი პირობის დაკმაყოფილება – ორივე მხარე დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ოპონენტი არ დაარღვევს შეთანხმებას მას შემდეგ, რაც გარემოებები მისთვის ხელსაყრელად შეიცვლება. ეს კიდევ უფრო ამძიმებს უკრაინის დილემას. 

როგორც წესი, სამშვიდობო შეთანხმებები მუშაობს, როდესაც მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ენდობიან, ან ძლიერ შუამავალს, თუ არბიტრს, შეუძლია ზავის დამრღვევი მკაცრად დასაჯოს. როდესაც შეკავების მექანიზმი სუსტია ან საერთოდ არ არსებობს, ყველაზე სავარაუდო სცენარი ახალი ომია.

დღეს აშშ-ს და ევროპას არ გააჩნია საკმარისი პოლიტიკური ნება და რესურსი, უზრუნველყოს უკრაინის მომავალი უსაფრთხოება. რუსეთი მიმდინარე ომს განიხილავს როგორც რეგიონულ ომს ნატოსთან – ეგზისტენციალურ დაპირისპირებად, რომელშიც რუსეთი მზად არის გაუძლოს სისხლიან ბრძოლებს დასახული მიზნების მიღწევამდე. 

უსაფრთხოების გარანტიები აქამდეც არაერთხელ ჩაფლავებულა: ბუდაპეშტის მემორანდუმმა ვერ შეაჩერა ყირიმის ანექსია 2014 წელს და 2022 წლის თებერვალში დაწყებული სრულმასშტაბიანი შეჭრა. რუსეთის უნდობლობის პრობლემას უკრაინისთვის ვერ გადაჭრის ტრამპის სამშვიდობო გეგმაში ნახსენები უსაფრთხოების ბუნდოვანი გარანტიები, აღსრულების კონკრეტული მექანიზმის გარეშე. ურყევი დაპირების გარეშე – რომელსაც ადგილზე ევროპული სამხედრო კონტინგენტი გაუმაგრებდა ზურგს – კიევი მიდის რისკზე დათმოს ტერიტორიები დღეს, მხოლოდ იმისთვის, რომ მოსკოვმა ხელახლა შეუტიოს, როდესაც პირობები მისთვის უფრო მოგებიანი იქნება. 

თუ უკრაინა უარს ამბობს ამჟამინდელ წინადადებებზე, მთავარი რისკი ქვეყნის რესურსისა და არმიის გამოფიტვაა. სამხედრო ანალიტიკოსების ცნობით, ბრძოლის ველზე ამჟამად შექმნილი ვითარება „არ არის საკმარისად ცუდი” ვლადიმირ პუტინის მაქსიმალისტური მოთხოვნების გასამართლებლად. პრობლემების მიუხედავად, ფრონტის ჩამოშლის შანსი არ არის მაღალი, რუსეთს უკიდურესად გაუჭირდება სლოვიანსკისა და კრამატორსკის ოკუპაცია მომდევნო წელს. 

და მიუხედევად ამისა, ომის ზოგადი ტრაექტორია უკრაინისთვის ნეგატიურია. რუსეთი მძიმე დანაკარგებს განიცდის, მაგრამ ამ დანაკარგების მონელებისა და ჩანაცვლების რესურსი ჯერადად აღემატება უკრაინისას. ომის გაგრძელების იმ სცენარში, რომელშიც საოკუპაციო არმია განაგრძობს წინსვლას, გრძელდება უკრაინული არმიის გამოფიტვაც და სამშვიდობო მოლაპარაკებებიც კიდევ უფრო მეტად რუსების მხარეს გადაიხრება.

არსებული ფორმით სამშვიდობო შეთანხმების მიღება უკრაინისთვის მძიმე ფასად შენარჩუნებული ტერიტორიისა და საგარეო პოლიტიკური სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას, ომის დანაშაულების დავიწყებას გულისხმობს – ეს ყველაფერი კი არამყარი, ნაკლოვანი მშვიდობის სანაცვლოდ. ასეთი დათმობები უკრაინაში სამოქალაქო მღელვარებისა და არმიასა და პოლიტიკურ ლიდერებს შორის საშიში განხეთქილების რისკს ქმნის. ბრძოლის ველზე შექმნილი ვითარება არ ამართლებს დონეცკის დარჩენილი ნაწილის დათმობას და მისი ჩაბარება სამხედროებში, მაღალი ალბათობით, შიდა ღალატის ნარატივს წაახალისებს. 

სამშვიდობო მოლაპარაკებებში სუსტი პოზიციით შესული ქვეყნები ხშირად არიან ტრაგიკული არჩევანის წინაშე: გააგრძელონ ბრძოლა მომავალში უკეთესი შეთანხმების იმედით, ან მიიღონ დანაკარგები და წავიდნენ შიდა არეულობის რისკზე დაუყოვნებლივ. მარტივად რომ ვთქვათ, უკრაინის წინაშე არსებული არჩევანი შემდეგნაირად გამოიყურება: ცუდი – ახლა, ან პოტენციურად უარესი – მოგვიანებით. დონბასის ომის გარეშე ვერჩაბარება წარმოუდგენლად მოჩანს, მაგრამ თავად ომის გაგრძელება იმავე რისკებს შეიცავს. 

ვინც ამ კონფლიქტს თვალს ახლოდან ადევნებს, მათთვის 2023 წლის ზაფხულიდან (ЗСУ-ს კონტრიერიშის ჩავარდნა) ცხადია, რომ ნებისმიერი სამშვიდობო გადაწყვეტა, რომელიც ბრძოლის ველზე შექმნილ ვითარებას დაეფუძნება, იქნება ამორალური და დააზიანებს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. და, რომ მსოფლიოში არ არსებობს ამის პრევენციისთვის საკმარისი პოლიტიკური ნება.

საკითხავია, რამდენად საზიანო და რამდენად ამორალური იქნება ეს მშვიდობა (თუ საერთოდ იქნება ახლო მომავალში) სწორედ ამის შესახებ მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

რეალპოლიტიკას აღმასრულებელი რედაქტორი.