ლარი პეიჯის ქონებამ $300 მილიარდს პირველად გადააჭარბა

ლარი პეიჯის ქონებამ $300 მილიარდს პირველად გადააჭარბა

ფოტო: Associated Press

ლარი პეიჯის ქონებამ პირველად გადააჭარბა $300 მილიარდს მას შემდეგ, რაც Alphabet-ის აქციების ფასი, კომპანიის ძლიერი კვარტალური შედეგების გამოქვეყნების გამო, მნიშვნელოვნად გაიზარდა.

Forbes-ის რეალურ დროში განახლებადი მილიარდერების სიის მიხედვით, პეიჯის ქონება ხუთშაბათის მდგომარეობით $300.9 მილიარდს გაუტოლდა, რაც ერთ დღეში $14.9 მილიარდით ზრდას ნიშნავს. შედეგად, Google-ის თანადამფუძნებელი მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანია.

Google-ის მეორე თანადამფუძნებლის, სერგეი ბრინის ქონებაც გაიზარდა – $13.7 მილიარდით და $277 მილიარდს მიაღწია. ცნობისთვის, ის ამავე რეიტინგში მესამე ადგილზეა. ამასთან, ჯეფ ბეზოსის ქონება $3.5 მილიარდით შემცირდა და $267 მილიარდი შეადგინა.

Alphabet-ის აქციების ღირებულება ხუთშაბათს 6.5%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ პირველ კვარტალში მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები აჩვენა. კომპანიამ ერთ აქციაზე $5.11-ის მოგება და $109.8 მილიარდის შემოსავალი დააფიქსირა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზებს მნიშვნელოვნად აღემატება.

შემოსავლის ზრდის მთავარი წყარო Google Cloud-ის ბიზნესი გახდა. ამ მიმართულების გაყიდვები წლიურად 63%-ით გაიზარდა და $20 მილიარდს მიაღწია. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტი კომპანიისთვის პირველად გახდა „ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა“.

Alphabet-ის ფინანსურმა დირექტორმა, ანატ აშკენაზიმ განაცხადა, რომ კომპანია გეგმავს ხარჯების მნიშვნელოვნად გაზრდას 2027 წლამდე. მისი თქმით, 2026 წელს კაპიტალური ინვესტიციები შესაძლოა $190 მილიარდამდე გაიზარდოს, რაც წინა პროგნოზს აღემატება. როგორც ცნობილია, ინვესტიციები, ძირითადად, AI-ინფრასტრუქტურაში ჩაიდება.

აქციების ფასის ზრდის შედეგად, Alphabet-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $4.5 ტრილიონს მიაღწია, რითაც კომპანია მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ Nvidia-ს ჩამორჩება, რომლის შეფასებაც $4.9 ტრილიონია.

აღსანიშნავია, რომ „შესანიშნავია შვიდეულის“ ოთხმა კომპანიამ ფინანსური შედეგები ერთდროულად გამოაქვეყნა. Alphabet-ისგან განსხვავებით, Amazon-მა, Microsoft-მა და Meta-მ ინვესტორებს იმედები ვერ გაუმართლეს — მათი აქციების ფასი, შესაბამისად, 1.1%-ით, 4.5%-ით და 9.4%-ით დაეცა.

ამის ფონზე, მარკ ცუკერბერგის ქონება $21.9 მილიარდით შემცირდა და $207.5 მილიარდს გაუტოლდა. ასევე შემცირდა სტივ ბალმერის ქონებაც – $5.8 მილიარდით, $128.6 მილიარდამდე, რის შედეგადაც ის Forbes-ის რეიტინგში მე-13 ადგილიდან მე-15 ადგილზე გადავიდა.