ამერიკულმა Forbes-მა საკუთარი საქმიანი მკითხველისთვის ბიზნესის გაზრდისა და გაფართოების AI-გზამკვლევი მოამზადა და ამით ანტრეპრენიორების უფრო რთული მიზნების დასახვა წაახალისა. კერძოდ, Forbes-ი მკითხველებს ხელოვნური ინტელექტის პოპულარული ჩატბოტ ChatGPT-ის ხუთ რჩევას სთავაზობს, რომლებიც 2026 წელს მათ ბიზნესის მართვასა და განვითარებაში დაეხმარებათ.
მიჰყევი შენს აღტაცებას
დაივიწყე მუშაობის ძველებული მეთოდები და პრიორიტეტად დაისახე შენი სამუშაო პროცესით სიამოვნების მიღება. შეწყვიტე ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც უბედურად გაგრძნობინებს თავს. შენი კომპასი შენი ენერგიაა. მხიარულება და აღტაცება კი პროდუქტიულობის მთავარი გასაღებია.
„იმის გათვალისწინებით, თუ რა იცი ჩემზე, გააანალიზე ჩემი წინა მონაწერები და დააიდენტიფიცირე ჩემს სამუშაოში ის ნაწილი, რომელიც ენერგიას მაძლევს და ის, რომელიც მღლის. ჩამოთვალე ხუთი კონკრეტული აქტივობა ან პროექტი, სადაც ჩემი ენთუზიაზმი ნათლად ჩანს. შემდეგ კი შემომთავაზე, როგორ გარდავქმნა ჩემი 2026 წელი ისე, რომ უფრო მეტად ის ვაკეთო, რაც აღმაფრთოვანებს და ნაკლებად ის, რისი კეთებაც არ მსიამოვნებს. მკითხე უფრო მეტი დეტალი, თუ საჭიროა“.
იფიქრე ათჯერ უფრო მასშტაბურად
შენ შეგიძლია, შენი ბიზნესი წელს ათჯერ გაზარდო, მაშინ როდესაც მხოლოდ გაორმაგებაზე ფიქრობ. შეწყვიტე მცირე მიზნებზე ფოკუსირება. პატარა მიზნების საფრთხე ის არის, რომ მათ მიაღწევ. აღმოაჩინე შენი უნარების ყველაზე ძლიერი ბერკეტი და დადე ყველაზე დიდი გარიგებები, რომელთა წარმოდგენაც შეგიძლია. ჩამოაყალიბე იმდენად დიდი მიზნები, რომ მათი მცირედით გეშინოდეს და თან აღგაფრთოვანებდეს.
„იმის გათვალისწინებით, თუ რა იცი ჩემს ბიზნესსა და მიზნებზე, დააიდენტიფიცირე სამი მიმართულება, სადაც საკმაოდ ვიწროდ ვფიქრობ. თითოეული მათგანისთვის შემომთავაზე მათი ათმაგად გაზრდის გეგმა. თან დაურთე კონკრეტული შემოსავლების მიზანი, აუდიტორიის ზომა და გავლენის ხარისხი. შემდეგ კი შექმენი თითოეული ამ უფრო დიდი ხედვის სამოქმედო გეგმა, რომლის დასაწყებად პირველი ნაბიჯის გადადგმა ამ კვირასვე შემიძლია“.
დაგეგმე შენი უქმე დრო
ყველაზე პროდუქტიული ხარ არა შენს ლეპტოპთან, არამედ მაშინ, როდესაც გარეთ სეირნობ, ყავას სვამ, შხაპს იღებ ან როდესაც შენი გონება დასვენებულია და შეგიძლია საქმეზე დროებით არ იფიქრო. ასე ახალ იდეებს დაბადების საშუალებას აძლევ. დაგეგმე, როგორ გაატარო უქმე დრო 2026 წელს. დაჯავშნე შენს თავთან საუბრის, აღდგენის, გადაფასების დრო და დაბრუნდი უფრო ძლიერი. თუკი დასვენების დროს ისეთივე მონდომებით დაგეგმავ, როგორითაც შენს საქმიანობას, თავს უფრო ბედნიერად იგრძნობ.
„იმის გათვალისწინებით, რა ინფორმაციაც გაქვს ჩემი მუშაობის სტილისა და ენერგიის დონის შესახებ, შეადგინე 2026 წლის დასვენებისა და აღდგენის კვარტალური გეგმა. გამოიყენე კონკრეტული ტიპის უქმე აქტივობები, რომლებიც ჩემნაირი ადამიანისთვის იმუშავებს. მომეცი რჩევა, რამდენად ხშირად დავისვენო და რამ უნდა მიმანიშნოს, რომ დასვენება მჭირდება. შეადგინე რეალური გეგმა, მოლაპარაკების გარეშე“.
იფიქრე წინასწარ სხვადასხვა სცენარზე
თუკი ეს, მაშინ რა იქნება? თუკი ის, მაშინ რა იქნება? არ გადააბიჯო 2026-ში დაუგეგმავად. წინასწარ დაგეგმვა შედეგს იძლევა. ChatGPT-ი შენი მსოფლიო დონის ბიზნესკონსულტანტად აქციე პროგნოზირების საკითხში და შეიქმენი წარმოდგენა იმ მოვლენებზე, რომლებიც 2026 წელს შეიძლება მოხდეს. როდესაც წინასწარ სხვადასხვა სცენარზე ფიქრობ, რეაგირებაც უფრო სწრაფად შეგიძლია. პანიკაში გადაწყვეტილებების მიღების პრევენციით საათებს დაზოგავ.
„იმის გათვალისწინებით, რაც იცი ჩემს ბიზნესსა და ინდუსტრიაზე, დააიდენტიფიცირე ხუთი სხვადასხვა სცენარი, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ჩემს ბიზნესზე 2026 წელს. ყველა სცენარისთვის შექმენი შემდეგი სახის მოდელი – თუ ეს, მაშინ რა? – და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. გეგმა უნდა შეიცავდეს პოტენციურ შესაძლებლობებს, რომელთა გამოყენებაც შემეძლება და რისკებს, რაზეც მზაობა უნდა მქონდეს. განსაზღვრე სცენარების პრიორიტეტულობა მათი მოხდენის ალბათობისა და პოტენციური გავლენის მიხედვით“.
ჩაატარე მეტი ექსპერიმენტი
შესაძლოა, შენი წარმატებული ბიზნესის დაწყებამდე მხოლოდ ერთი ექსპერიმენტი გაშორებდეს. ჩაატარე მეტი ექსპერიმენტი წელს. აღმოაჩინე, რა მუშაობს, რა არ მუშაობს, ნუ შეუშინდები მარცხს. რაც უფრო სწრაფად წამოდგები, მით უფრო სწრაფად აღმოაჩენ იდეას, რომელიც 2026 წელს შენს ზრდას განაპირობებს. ყველა წარმატებული ბიზნესის მფლობელი ტესტავს საფასო პოლიტიკას, მომხმარებლებთან კომუნიკაციის მესიჯებს, შეთავაზებებსა და არხებს. შენი შემდეგი წარმატება იმ ექსპერიმენტში იმალება, რომელიც ჯერ არ ჩაგიტარებია.
„იმის გათვალისწინებით, რაც იცი ჩემს ბიზნესზე, შემომთავაზე ათი ექსპერიმენტი, რომელთა ჩატარებაც 2026 წლის პირველ კვარტალში შემეძლება. ყოველი ექსპერიმენტი უნდა ტესტავდეს ერთ კონკრეტულ ცვლადს, რომლის მკაფიოდ გაზომვაც შესაძლებელი იქნება. შემომთავაზე დაბალი რისკის მქონე ექსპერიმენტები, რომელთა ჩატარებაც დაუყოვნებლივ შემეძლება და მაღალი რისკის მქონე ექსპერიმენტები დიდი პოტენციური ამონაგებით. თითოეული ექსპერიმენტისთვის დაითვალე ინვესტიციის მოცულობა და დრო, ასევე საზომი, რითაც მივხვდები, რომ მან გაამართლა.
Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

















