მაკრონის „Top Gun“-ის სტილმა სათვალეების მწარმოებლის ღირებულება $4 მილიონით გაზარდა

მაკრონის „Top Gun“-ის სტილმა სათვალეების მწარმოებლის ღირებულება $4 მილიონით გაზარდა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ავიატორის სტილის სათვალით გამოჩენამ აღნიშნული პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის აქციები მკვეთრად გააძვირა. იტალიურ ბირჟაზე განთავსებული iVision Tech-ის აქციების ღირებულება ხუთშაბათს თითქმის 28%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მაკრონი სათვალით დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოვიდა.

iVision Tech-მა, რომელიც სათვალეების ფრანგულ ბრენდ Henry Jullien-ს ფლობს, ოთხშაბათს განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს დავოსის ფორუმზე Pacific S 01 მოდელი ეკეთა, რომლის ფასი კომპანიის ვებგვერდზე 659 ევროს შეადგენს. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მაკრონს ეს სათვალე 2024 წელს თავად გადასცა.

ანალიტიკოსების შეფასებით, აქციების ღირებულების მკვეთრმა ზრდამ iVision Tech-ის საბაზრო კაპიტალიზაციას დაახლოებით 4 მილიონი დოლარი შემატა.