CES 2026: მომავლის გლობალური რეპეტიცია

იანვრის პირველ კვირას ლას–ვეგასმა კიდევ ერთხელ მოირგო მსოფლიოს ტექნოლოგიური სარკის როლი – ნეონის შუქით, კაზინოებითა და შოუებით ცნობილმა ქალაქმა უკვე 31-ჯერ უმასპინძლა სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენას. ბრჭყვიალა სარეკლამო ბანერებზე ნახევრად შიშველი მოცეკვავეებისა და მიშლენის რესტორნების გაპრანჭული კერძების ნაცვლად ჩიპები, ლეპტოპები და რობოტები ტრიალებდა. თუმცა CES 2026 აღარ იყო უბრალოდ ტექნოლოგიური გამოფენა – ის გახდა ერთგვარი ცოცხალი ექსპერიმენტი, რომელიც ამოწმებდა, რამდენად მზად არის კაცობრიობა დაჩქარებული მომავლისთვის.
უახლესი გაჯეტები, ჭკვიანი სათვალეები, რობოტები და პროტოტიპების სახით წარმოდგენილი ინოვაციები 250 ათას კვადრატულ მეტრზე იყო გაშლილი, რასაც ლას-ვეგასის უდიდესი საკონფერენციო ცენტრის ოთხი შენობის გარდა, გონდოლებიანი სასტუმრო „ვენეციის” ექსპოს სამი სართული და რამდენიმე სასტუმროს საკონფერენციო სივრცეები დასჭირდა. 4000-ზე მეტი კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროდუქტები თითქმის 150 ათასმა ადამიანმა დაათვალიერა.
გამოფენას უკვე მესამეჯერ დავესწარი, მაგრამ წელს პირველად მქონდა ტექნოლოგიის სრული დომინაციის შეგრძნება – ის უკითხავად და უკონტროლოდ მკვიდრდება ნებისმიერის ცხოვრებაში. ხელოვნური ინტელექტიც აღარ არის ცალკე მდგომი დარგი, ის ჩვენი საარსებო გარემო გახდა, თან – ძალიან სწრაფად.
სფეროს 14 ათას კვ/მ ეკრანზე „მოტოროლას“ გლობალური პროდუქტების მარკეტინგის ხელმძღვანელის, ანჯელინა გომესის უზარმაზარი სახე ბედნიერი ღიმილით გვიყვებოდა, როგორ იყენებს „ლენოვოს“ Qira-ს არა მარტო სამსახურის საქმეების, არამედ ოჯახური ცხოვრების სამართავადაც. არ იცი, რა უყიდო საკუთარ შვილს დაბადების დღეზე? – ჰკითხე „ქირას“ და გეტყვის. ხოლო „ქირამ“ რომ კარგად გაგიცნოს, ჯობს, კისერზე მუდმივად გეკიდოს ჭკვიანი მედალიონი, რომელიც ყველაფერს ჩაიწერს, რაც შენ ირგვლივ ხდება, საღამოს კი განვლილი დღის ანალიზს მოგცემს. დარბაზის 25 ათასი მაყურებელი ცოტა გაუბედავად უკრავდა ტაშს – იქნებ მათაც „შავი სარკე” ჰქონდათ ნანახი? ეს გამოსვლა Lenovo-ს მიერ სფეროში მოწყობილი შოუს ნაწილი იყო, სადაც მან წარადგინა Hybrid AI ხედვა, რომელიც აერთიანებს პირად, სამსახურისა და საჯარო AI-ს. სწორედ ამ ჰიბრიდული ხელოვნური ინტელექტის ცენტრია Qira, „გარემოს ინტელექტი“, რომელიც ასინქრონიზებს ლეპტოპს, ტელეფონსა და სატარებელ მოწყობილობებს და წინასწარ ხვდება მომხმარებლის საჭიროებებს.

ასეთ ტექნოლოგიურ დუღილს შესაბამისი ჩიპები სჭირდება – როგორც ცხოვრების ყველა ასპექტში შეჭრის, ისე პირადი ცხოვრების დაცვისთვის. Intel-ის, NVidia-ს, Qualcomm-ის უახლესი, მძლავრი ჩიპები თუ ხელოვნური ინტელექტის ამოცანებზე მორგებული პლატფორმები საფუძველია როგორც სამყაროს ციფრული ტყუპისცალის შექმნისთვის, ისე საკუთარი დახურული გამოთვლითი ცენტრებისთვის, სადაც ხელოვნური ინტელექტის ექსპერიმენტებს დაცულად ჩაატარებთ.
ჩიპების განვითარება უფრო და უფრო აჭკვიანებს რობოტებსაც, რომელთა რაოდენობა წლევანდელ გამოფენაზე ალბათ 20-ჯერ იყო გაზრდილი შარშანდელთან შედარებით. გეზარებათ გაზონის კრეჭა? ინებეთ ავტომატური გაზონმკრეჭების ასამდე ვერსია. რთულია აუზის გაწმენდა ყოველდღე? ინებეთ ავტომატური აუზმწმენდავების ორმოცი ვერსია, რომლებიც სულ უფრო უკეთ დადიან კედლებზე და წვდებიან აუზის კუთხეებს. უკმაყოფილო ხართ ნაცნობი მრგვალი ჭკვიანი მტვერსასრუტებით, რომლებიც ვერც საფეხურებზე ადიან და ვერც დაყრილ სათამაშოებს აგროვებენ? ნახეთ, ზოგმა კომპანიამ ფეხები მიამაგრა, ზოგმა ხელები. მერე რა, რომ ჯერ ძალიან ნელა მოძრაობენ, ხუთ წელიწადში იოლად გამოიყენებთ.
მაგრამ ჰუმანოიდები, ოჰ, ჰუმანოიდები, რომელთა გამოჩენა კარელ ჩაპეკმა იწინასწარმეტყველა ყველაზე კარგად: მოცეკვავე, მოსაუბრე, მოჩხუბარი, პიანინოზე დამკვრელი და გამრთობი ჰუმანოიდები, რომლებიც ყველა ამ საქმეს გაცილებით უკეთ და სწრაფად აკეთებენ, ვიდრე სარეცხის დაკეცვაა. ჰუმანოიდების გვერდით ბევრ კომპანიას ძაღლრობოტებიც ჰყავდა – რომელთა ფუნქციები ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია. მოდი, შევქმნათ რკინის ცხოველი და მერე მოვიფიქროთ, რაში გვჭირდება – ჯერ კი გაგვიღოს კარი, გვიცეკვოს, სურათები გადაგვიღოს, ირბინოს. გადაჭარბების გარეშე, ასზე მეტი ჰუმანოიდის სახეობა ართობდა მნახველებს ამ გამოფენაზე.
„ჰიუნდაის“ დარბაზში Boston Dynamics-ის Atlas-ი ისე იყო მნახველებით გარშემორტყმული, როგორც „მონა ლიზა“ ლუვრში – მარტო მაღლა აწეული ტელეფონები ჩანდა. ისინი კი რობოტიკის ბოლო მიღწევებს აჩვენებდნენ, რომლებიც სრულყოფილებისგან ჯერ საკმაოდ შორსაა, საზიანო გამოყენებასთან კი – ძალიან ახლოს.
ზოგი კომპანია კი იმის ჩვენებას ცდილობდა, რამდენად მოქნილი იყო მათი რობოტების თითები, როგორი იყო მოძრაობის სიზუსტე, ძალის კონტროლი, ადამიანის ხელის იმიტაცია. ამიტომ ნახავდით რობოტს, რომელიც კაზინოს დილერი იყო, ან ძაფებით თოჯინებს ამოძრავებდა, და ზოგჯერ – „პოლაროიდის“ აპარატით სურათს გიღებდა და გაწვდიდა. და ასევე იყო რობოტი – ხერხემლის ქირურგი!
LG-ის CLOiD-ი გვპირდებოდა, რომ სულ მალე დაგვილაგებს სახლს, თუმცა რეალურად ეს უფრო რთული საქმე აღმოჩნდა, ვიდრე საწყობების ან ქარხნების მართვა, როგორც მაგალითად OTTO Motors–ის ავტონომიური რობოტები გვიჩვენებდნენ – როცა მათი ჯგუფები ერთმანეთთან კოორდინაციის პროცესების და მარშრუტების ოპტიმიზაციას ახდენენ და რეალურ დროში წყვეტენ შეფერხების ნებისმიერ პრობლემას.
CES 2026-მ აჩვენა, რომ AI-ის საბოლოო მიზანი უხილავად მართვაა.
ჭკვიანი სახლები აღარ ელიან ბრძანებებს – ისინი წინასწარ პროგნოზირებენ. გათბობა ერგება ამინდსა და მომხმარებლის ჩვევებს, განათება – განწყობასა და რუტინას, უსაფრთხოების სისტემები ითვალისწინებს მთელ სახლს, როგორც ეკოსისტემას, მაცივარი კი საჭირო პროდუქტებს იმის მიხედვით შეუკვეთს, თუ როგორი კვების რეჟიმი განგისაზღვრათ თქვენმა პირადმა ხელოვნურმა ასისტენტმა.

„ვეიმოს“ თვითმართვადი ტაქსები და „ზუქსის“ უმძღოლო მინივენები უკვე ჩვეული ამბავია, მაგრამ ყურადღება მაინც მიიქცია „ტენზორის“ მანქანამ – პირველმა თვითმართვადმა მანქანამ მეოთხე დონის ავტომატიზაციით, რომლის პირადად ფლობა შესაძლებელი იქნება, რობოტაქსებისგან განსხვავებით. თუმცა ცხადია, მისი ავტომატური ფუნქციების გამოყენება კონკრეტული ადგილის რეგულაციებზე იქნება დამოკიდებული.
ტარებადი მოწყობილობები გადაიქცა ჩვენი სხეულის გააზრებისა და გაძლიერების მედიუმებად – საათები წინასწარ აფრთხილებენ სტრესისა და არითმიის შესახებ, ჭკვიანი სათვალეები რეალურ დროში თარგმნიან, ამოიცნობენ ობიექტებს და რეალობას ზედ დაშენებული მნიშვნელოვანი ინფორმაციით გაწვდიან. სულ მალე აღარ ჩავარდებით უხერხულ მდგომარეობაში, როცა სადღაც გაცნობილი ადამიანის სახელი ან პროფესია დაგავიწყდებათ – სათვალე უხილავად შეგახსენებთ მისი ლინკდინის ყველაზე არსებით დეტალებს.
და ტარებადი მოწყობილობები იმავე დროს პერსონალიზებული ჯანდაცვის მთავარი ინსტრუმენტებია, რომელთა წილი სულ უფრო იზრდება. დიდი კომპანიებიც და პატარა სტარტაპებიც აჩვენებდნენ სხვადასხვა დაავადების ავტომატური დიაგნოზირების აპებს თუ მასშტაბურ სისტემებს, ადამიანის ტვინის მუშაობის უკეთესად გააზრების ჰედსეტებს თუ ოფლის მიხედვით სტრესის მაჩვენებლების გაზომვის სამაგრებს. ერთ მხარეს ჭკვიანი სასწორი Withings Body Scan 2 პრაქტიკულად პატარა დიაგნოსტიკურ ლაბორატორიას წარმოადგენდა – გულის რიტმი, ნერვული აქტივობა, სხეულის კომპოზიცია, ბალანსი – ორ წუთში. მეორე მხარეს მაგიურ სარკეში ერთი წუთით ჩახედვა საკმარისი იყო იმისთვის, რომ სხვადასხვა დაავადების რისკი და სიცოცხლის ხანგრძლივობის ალბათობა ეჩვენებინა – ყოველ შემთხვევაში, კომპანია ამას ამტკიცებდა. სხვა კომპანიები აჩვენებდნენ AI-დიაგნოსტიკას კანის დაავადებებისთვის სმარტფონის კამერით. ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში AI უკვე აკვირდება რეალურ დროში მონაცემებს და აფრთხილებს სეფსისის ან სუნთქვის გაუარესების რისკზე მანამ, სანამ ტრადიციული ნიშნები გამოჩნდება. ჯანდაცვა ხდება უწყვეტი, პროგნოზირებადი და ალგორითმულად მართული, და ამავდროულად ღრმად ინტრუზიული, რადგან ყველა ეს სისტემა ისეთი მონაცემების დამუშავებას მოითხოვს ჩვენი სხეულის შესახებ, რაც ხშირად ჩვენთვისაც უცნობია. ცხადია, ჯანდაცვის ტენდენციებს არც სექს-ინდუსტრია ჩამორჩებოდა და დისტანციურად მართვადი, AI სექს-სათამაშოები გამოფინა რამდენიმე დახლზე, რომლებიც „შორით ტრფობით დამწვარ” შეყვარებულებს ერთ წერტილში აგრძნობინებს თავს.
სატარებელი მოწყობილობები მარტო ადამიანების კი არა, შინაური ცხოველების ჯანმრთელობასაც აკვირდება – ცხენის ფლოქვზე ჩამოცმული სამაჯური, კატის ან ძაღლის საყელური, საკვები ჯამი ან ქვიშის ტუალეტიც კი გვიყვება, როგორ გრძნობენ თავს ცხოველები. და თუ ეს საკმარისი არ არის, შეგიძლიათ საყვარელ ცხოველს ბურთი-რობოტი კომპანიონი შეუძინოთ, რომელიც გორაობით აედევნება ყველგან და მის ყველა მოძრაობას პირდაპირ რეჟიმში მოგაწვდით ტელეფონში.
მსგავსი რობოკომპანიონები შეიძლება ხანშიშესულ ნათესავებს ან საკუთარ შვილებსაც მიამაგროთ – მათზე მუდმივი ზრუნვისთვის ან დაკვირვებისთვის. ჰიპერმზრუნველი მშობლობა ხელოვნური ინტელექტით განმტკიცდება და როგორ იმოქმედებს ბავშვის განვითარებაზე, ამაზე შეგვიძლია 15 წლის შემდეგ ვიფიქროთ, ტექნოლოგიების მიერ გაზრდილი ტინეიჯერების პირველი თაობა როცა აუჯანყდება მშობლებს – ან გამზრდელ რობოტებს.
ასეთი ეთიკური დილემებისგან თავისუფალი აგროტექნოლოგიები კი სულ უფრო ავტონომიური და სანდო ხდება. AI–დრონები აანალიზებენ მცენარეთა სტრესს, ტენიანობას და დაავადებებს, ქმნიან რუკებს ზუსტი ინტერვენციებისთვის. ავტონომიური ტრაქტორები და მოსავლის ამკრეფი რობოტები დამოუკიდებლად და მაღალი სიზუსტით მუშაობენ. აგრიტექ-პლატფორმები კი აერთიანებენ სატელიტურ სურათებს, ნიადაგის სენსორებსა და ამინდის მონაცემებს, რათა თესვის, მორწყვისა და სასუქის შეტანის ოპტიმალური პროცესები შეიმუშაონ. აქ განსაკუთრებულად ახალი არაფერი იყო – მხოლოდ სიზუსტის, სანდოობისა და შესაძლებლობების გაზრდა, რაც მოწყობილობების გაიაფებასთან ერთად იმედს იძლევა, რომ საკვების გარეშე ჯერ არ დავრჩებით და ამას მოვახერხებთ ნაკლები ადამიანური შრომით და გარემოს ნაკლებად დაბინძურებით.

რაც უფრო მეტად აღწევს AI ყოველდღიურობაში, მით უფრო აქტუალური ხდება პირადი მონაცემების დაცვის პრობლემა. მუდმივი მონაცემთა ნაკადები ჩვენი ჯანმრთელობის, ქცევის, ლოკაციის, ჩვევების შესახებ დიდ კორპორაციულ პლატფორმებზე იყრის თავს და პირდაპირ ან ფარულად მიეყიდება კომპანიებს, რომლებიც საკუთარ პროდუქტებს გვახვევენ თავზე. პროგნოზირებადი AI, რომელიც არა მხოლოდ რეაგირებს, არამედ „ხვდება“ ჩვენს განზრახვებს, ერთდროულად მოხერხებულიცაა და ძალიან საშიშიც, განსაკუთრებით ავტორიტარული მთავრობების პირობებში. ბევრი კომპანია საუბრობდა on-device AI–სა და federated learning–ზე, როგორც გამოსავალზე – მონაცემები რჩება მოწყობილობაზე, მოდელი სწავლობს დეცენტრალიზებულად. მაგრამ მთავარი კითხვა მაინც რჩება: როცა AI ყველაფერს ამარტივებს, სად მთავრდება დახმარება და სად იწყება კონტროლი?
საგანმანათლებლო ტექნოლოგიები ჩვეული ტექსტებით იყო წარმოდგენილი: პერსონალიზებული სწავლება, AI-ასისტენტი, AI-მასწავლებელი, ამდენი პროცენტით გაზრდილი ათვისება. რატომღაც ამ ტექნოლოგიების მუდმივი განვითარების პარალელურად განათლების სისტემებს კლასიკური პრობლემები მაინც ვერ გადაუჭრიათ, რადგან ინსტრუმენტზე მნიშვნელოვანი სწორი სისტემის შექმნაა. საგანმანათლებლო ტექნოლოგიებზე უფრო შთამბეჭდავი ის საინჟინრო ინოვაციები იყო, რომლებიც ამერიკულმა, ევროპულმა და აზიურმა უნივერსიტეტებმა წარმოადგინეს. კვლევითი დემო–ზონები, ინდუსტრია–აკადემიის პარტნიორობები, და უნივერსიტეტიდან გამოსული სპინ–ოფები სულ უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნების ტექნოლოგიური განვითარებისთვის. საუნივერსიტეტო სტარტაპებთან საუბრისას სულ თვალწინ მედგა ქართული უნივერსიტეტების სავალალო მდგომარეობა – ამ თვალსაზრისით, არათუ გლობალურ CES-ზე, რეგიონალურ ონლაინსივრცეებშიც ძლივს ბჟუტავენ. გაცილებით უარესი მდგომარეობა დადგება ახალი რეფორმით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაჩეხის შედეგად, რომელთაც, კერძო უნივერსიტეტებთან შედარებით, მეტი კვლევითი პოტენციალი აქვთ.
საქართველოს სტენდი მოგებიან ადგილას იდგა – საუკეთესო ინოვაციების საგამოფენო სივრცის გვერდით, მაგრამ დიდი დაინტერესება მის ირგვლივ არ ჩანდა. „Start Up in Georgia“-ს სტენდზე მთავარი აქცენტი საგადასახადო შეღავათებზე კეთდებოდა, რაც დღეს გაცილებით ნაკლებადაა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური კომპანიების მოსაზიდად, ვიდრე ტექ-ტალანტის არსებობა ქვეყანაში. ლოგისტიკური პრობლემების გამო, შერჩეული ოთხი ქართული სტარტაპიდან მხოლოდ ერთმა შეძლო გამოფენაზე სრულად დასწრება, რაც საქართველოს ტექ-ეკოსისტემის რეალურ პოტენციალს ვერ წარმოაჩენდა. არ ვიცი, ამ სიმწირეს როგორ უხსნიდა დაინტერესებულ ადამიანებს საქართველოს გენერალური კონსული სან-ფრანცისკოში, რომელმაც შარშან ე.წ. „ინოვაციების ჰაბი” შექმნა სტარტაპების გლობალურ ცენტრში, ან საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელი. იმას ნამდვილად არ ეტყოდნენ, ტექნოლოგიების განმავითარებელი რამდენი ორგანიზაცია იკავებს თავს პრორუსულ მთავრობასთან თანამშრომლობისგან.
საბოლოოდ, CES 2026-ზე მომავლის გლობალური რეპეტიცია ვნახეთ, სადაც საქართველოც გამოვიდა სცენაზე, მაგრამ არაფერი ჰქონდა სათქმელი.