ფოტო: Getty Images
საფონდო ბირჟებზე განთავსებული აქციებით მოვაჭრე პოპულარული პლატფორმა Robinhood-ი საკუთარ მომხმარებლებს AI-აგენტების გამოყენების უფლებას მისცემს. კერძოდ, Robinhood-ის მომხმარებლებს AI-აგენტების დახმარებით აქციებით ვაჭრობის ავტომატიზაცია და ვირტუალური საკრედიტო ბარათებით შესყიდვების განხორციელება შეეძლებათ.
Robinhood-ი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, გახსნან სპეციალური AI-აგენტის სავაჭრო ანგარიშები მათი სტანდარტული ანგარიშებისგან განცალკევებით, რაც მათი ხელოვნური ინტელექტის აგენტებს საშუალებას მისცემს, დამოუკიდებლად იყიდონ და გაყიდონ აქციები იმ თანხებით, რომლებზეც წვდომა ექნებათ.
კომპანიის ცნობით, მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს შეაჩერონ ეს ავტონომიური ვაჭრობა და მოთხოვნის შემთხვევაში წინასწარ დაათვალიერონ მათი აგენტების მიერ განხორციელებული ტრანზაქციები.
Robinhood-ის თანახმად, AI-აგენტით ვაჭრობის ფუნქცია ბეტა-ვერსიაში გამოდის და თავდაპირველად მხოლოდ აქციებით ვაჭრობისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო ოფციონებით, კრიპტოვალუტით, ობლიგაციებითა და ფიუჩერსებით ვაჭრობის ფუნქციონალი მოგვიანებით ჩაირთვება.
მომხმარებლებს შეეძლებათ დააწესონ ხარჯვის ლიმიტები თავიანთი AI-აგენტებისთვის ან აირჩიონ ტრანზაქციის ინდივიდუალურად დამტკიცების მოთხოვნა ნებისმიერ დროს, როდესაც AI-აგენტი ეცდება შეისყიდოს ან გაყიდოს კონკრეტული აქცია.
Forbes-ის შეფასებით, Robinhood-ის დამფუძნებლის, ვლად ტენევის ქონების ღირებულება $4.6 მილიარდს შეადგენს, რაც მას ოთხშაბათის მონაცემებით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 924-ე ადგილზე აყენებს. ტენევმა ქონება, ძირითადად, Robinhood-ის წარმატების წყალობით დააგროვა. სავაჭრო პლატფორმამ პოპულარობა საცალო ინვესტორებში კორონავირუსის პანდემიის დროს მოიპოვა და გაფართოვდა ისეთ ბიზნესებში, როგორებიცაა კრიპტოინდუსტრია და პროგნოზირების ბაზარი.

















