თავისუფალ ვაჭრობაზე ახალი შეთანხმების პირობებით, რომლებიც ამჯერად განხილვის ეტაპზეა, ინდოეთი ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე არსებულ 110%-იან ტარიფს 40%-მდე შეამცირებს. ამის შესახებ, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემა Reuters-ი წერს.
Reuters-ის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მთავრობა დათანხმდა დაუყოვნებლივ შეამციროს გადასახადი ევროკავშირიდან იმპორტირებული ავტომობილების ლიმიტირებულ რაოდენობაზე, რომელთა იმპორტის ფასი 15,000 ევროს აღემატება. აღნიშნული გადასახადი დროთა განმავლობაში 10%-მდე შემცირდება, რაც ევროპული ავტომწარმოებლებისთვის, როგორიცაა Volkswagen-ი, Mercedes-Benz-ი და BMW, ინდოეთის ბაზარზე წვდომას გაამარტივებს.
ინდოეთის ვაჭრობის სამინისტრომ და ევროკომისიამ Reuters-თან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. თუმცა გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მოლაპარაკებები კონფიდენციალურია და შესაძლოა ყოველ წუთს შეიცვალოს.
Reuters-ის ინფორმაციითვე, ინდოეთი და ევროკავშირი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე გაჭიანურებული მოლაპარაკებების დასრულების შესახებ, სავარაუდოდ, სამშაბათს გამოაცხადებენ. ამის შემდგომ ხელშეკრულებას ორივე მხარე რატიფიცირებას გაუკეთებს.
მხარეებს შორის მიღწეული პაქტის მიზანი ორმხრივი ვაჭრობის გაფართოება და ინდოეთის მიერ ისეთი სასაქონლო პროდუქციის ზრდაა, როგორიცაა ტექსტილი და საიუველირო ნაკეთობები, რომლებიც აგვისტოს ბოლოდან აშშ-ის 50%-იანი ტარიფების გამო დაზარალდა.















