ფოტო: Thierry Monasse/Getty Images
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მისი მოლოდინით, ქვეყანა ევროკავშირში მომავალ წელს გაწევრიანდება. ავსტრიის კანცლერ კრისტიან შტოკერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანება, შესაძლოა, საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყოს.
„უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ერთ-ერთი ძირითადი უსაფრთხოების გარანტიაა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ სრულიად ევროპისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ და დაამატა, რომ, თავის მხრივ, უკრაინა მნიშვნელოვანი აქტორი იქნება უსაფრთხოების, ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის სფეროებში ევროპის კოლექტიური სიძლიერის ხელშეწყობისთვის. „ამიტომაც ვსაუბრობთ კონკრეტულ თარიღზე – 2027 წელზე და ვიმედოვნებთ, რომ ამ პოზიციაზე ჩვენი პარტნიორებისგან მხარდაჭერასაც მივიღებთ“, – დასძინა მან.
ამავე საკითხს ვოლოდიმირ ზელენსკი ორი დღის წინ, ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისასაც შეეხო. ზელენსკიმ დამსწრეებს განუცხადა, რომ უკრაინა ტექნიკურად მზადაა 2027 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებების კლასტერების გახსნის პროცესი დასრულდება.
უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2022 წელს, რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი საომარი ქმედებების დაწყების შემდეგ მიიღო, ხოლო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად 2024 წელს დაიწყო. თუმცა მოლაპარაკებების კლასტერების გახსნის პროცესს უნგრეთი ბლოკავს, რომლის პოზიციითაც, EU-ში უკრაინის გაწევრიანებას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ეკონომიკური რისკები მოჰყვება.
უნგრეთის მხარემ დაგმო ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ზელენსკის ბოლო განცხადებაც. როგორც პოლიტიკური მიმართულებით ვიქტორ ორბანის მრჩეველმა, ბალაჟ ორბანმა X-ზე დაწერა, EU-ში უკრაინის გაწევრიანება „პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის როგორც ევროპელებს, ასევე უნგრელებს, რის გამოც [უნგრეთის] პატრიოტული მთავრობა მას წინააღმდეგობას გაუწევს“.
პარალელურად, გამოცემა Euronews-ს გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულმა ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა დაუდასტურა, რომ ბლოკი უკრაინის შემთხვევაში ე.წ. „ეტაპობრივ ინტეგრაციასაც“ განიხილავს. წყაროს თქმით, 2025 წელს, უნგრეთის ვეტოს მიუხედავად, უკრაინამ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია და თუ ყველა სამუშაო პროცესი ზედმიწევნით შესრულდება, ამ შემთხვევაში საბოლოო შედეგად გვექნება კონკრეტული გადაწყვეტილება – „კი“ ან „არა“.














