აზერბაიჯანის გავლით, რუსეთიდან სომხეთში მარცვლეულით დატვირთული ვაგონები გაიგზავნა

აზერბაიჯანის გავლით, რუსეთიდან სომხეთში მარცვლეულით დატვირთული ვაგონები გაიგზავნა

ფოტო: AZERTAC

 

ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის ფარგლებში, კვირას, აზერბაიჯანის გავლით, რუსეთიდან სომხეთში მარცვლეულით დატვირთული 25 ვაგონი გაიგზავნა. Euronews-ის ინფორმაციით, სომხეთისთვის 1-ელ თებერვალს მიწოდებული რუსული ტვირთის საერთო მოცულობა 1,746 ტონას შეადგენს.

სატრანზიტო გზების ხელახალი გახსნა ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ძალისხმევის ნაწილია. ახალი მარშრუტის გახსნა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ქვეყნებს შორის ყარაბაღზე დაწყებული კონფლიქტის გამო 1990-იან წლებში დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. სომხეთის მიმართულებით საქონლის ტრანზიტზე შეზღუდვების სრულად მოხსნის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, გასული წლის ოქტომბერში განაცხადა.

ოფიციალური ბაქოს მიერ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, აზერბაიჯანის გავლით სომხეთში მარცვლეულის პირველი პარტია, რომელსაც ყაზახური ხორბალი გადაჰქონდა, 2025 წლის ნოემბერში გაიგზავნა. რუსული საინფორმაციო სააგენტო Interfax-ის ცნობით, ამ დრომდე, აზერბაიჯანის გავლით, რუსეთიდან სომხეთში 285 ვაგონის საშუალებით 19,900 ტონა მარცვლეულის ტრანსპორტირება განხორციელდა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის გავლით რუსეთიდან მარცვლეული სომხეთში ერთი და იმავე მარშრუტით გაიგზავნა: აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი სომხეთის დალარიკის სადგური იყო.