საქართველო ექსპორტზე დამოკიდებულებით მსოფლიოში 51-ე ადგილზეა

2 (64)

საქონლისა და მომსახურების ექსპორტზე დამოკიდებულების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 51-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

ტრადიციულად, ექსპორტში საქონლის ექსპორტი იგულისხმება, მაგრამ დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში მომსახურების ექსპორტიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. დღეს მსოფლიო ეკონომიკის 65%-მდე მომსახურების სექტორზე მოდის.

საქონლის ექსპორტი მოიცავს ქვეყნის შიგნით წარმოებული პროდუქციის სხვა ქვეყანაში გატანას, რომლის აღრიცხვაც საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას ხდება. მომსახურების ექსპორტის შემთხვევაში აუცილებელი არ არის, მომსახურებამ საზღვარი გადაკვეთოს. შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში იმყოფებოდეს და აქ გაეწიოს მომსახურება, მაგალითად, განათლება მიიღოს ან იმკურნალოს, რაც მომსახურების ექსპორტად ითვლება. მომსახურების ექსპორტია ტურიზმიც.

ექსპორტის სტატისტიკას, როგორც ნომინალურ რიცხვებში, ასევე ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ-თან) მიმართებით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს. ექსპორტის მოცულობის მშპ-თან ფარდობა გვაჩვენებს, თუ რამდენად არის ქვეყანა დამოკიდებული ექსპორტზე, ანუ რა წილი უჭირავს ექსპორტირებულ საქონელსა და მომსახურებას ეკონომიკაში.

ექსპორტზე მაღალი დამოკიდებულება ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს, თუმცა გლობალური ან რეგიონული კრიზისების დროს ექსპორტზე მაღალი დამოკიდებულების ქვეყნები უფრო ზარალდებიან, როგორც ეს მოხდა 2020-2021 წლებში პანდემიის ზეგავლენით.

საქართველო ექსპორტზე დამოკიდებულების რეიტინგში

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2024 წელს საქონლისა და მომსახურების ექსპორტზე დამოკიდებულებით საქართველო 168 ქვეყანას შორის 51-ე ადგილზე იყო. საქართველოზე მეტად ექსპორტზე 50 ქვეყანა იყო დამოკიდებული. 2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებულმა საქონლისა და მომსახურების ღირებულებამ 16.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოს მშპ-ის 47.8%-ს შეადგენდა. 2023 წელს საქართველო 48-ე ადგილს იკავებდა, ექსპორტი მშპ-ის მიმართ 49.3% იყო. პანდემიამდე, 2019 წელს, ექსპორტი მშპ-ის მიმართ 54.3% იყო, რეიტინგში კი საქართველო 37-ე ადგილს იკავებდა.

2024 წლის საქონლისა და მომსახურების ჯამური 15 მილიარდი დოლარის ექსპორტიდან 8.7 მილიარდი საქონლის ექსპორტზე მოდის, ხოლო 7.5 მილიარდი – მომსახურების ექსპორტზე. მომსახურების ექსპორტში ყველაზე დიდი წილი – 4.4 მილიარდი დოლარი ტურიზმს ეჭირა. $8.7-მილიარდიანი საქონლის ექსპორტიდან კი $3.6 მილიარდი რეექსპორტზე მოდიოდა.

2025 წლის ექსპორტის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ჯერჯერობით რანჟირებული არ არის. თუმცა უკვე ცნობილია, რომ 2025 წელს საქართველოდან საქონლის ექსპორტი 11%-ით გაიზარდა, ხოლო მომსახურების ექსპორტი – 10%-ით. ჯამში, საქონლისა და მომსახურების ექსპორტმა 18 მილიარდ დოლარამდე შეადგინა.

საქართველოს საქონლისა და მომსახურების ექსპორტი მშპ-ის მიმართ

წყარო: მსოფლიო ბანკი
ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული ექსპორტზე

მსოფლიო ბანკის მიხედვით, მსოფლიოში ყველზე მეტად ექსპორტზე ლუქსემბურგია დამოკიდებული, რომელიც უმდიდრესი ქვეყანაა. 2024 წელს ლუქსემბურგის საქონლისა და მომსახურების ექსპორტი 179 მილიარდ დოლარამდე იყო, რაც მშპ-ის 192%-ია. ლუქსემბურგი საფინანსო მომსახურების ექსპორტით გამოირჩევა. მეორე ადგილზე სინგაპურია, რომელიც ასევე მომსახურების ექსპორტის გავლენით იკავებს ასეთ მაღალ პოზიციას. პირველ ათეულში ფინანსური ცენტრების გარდა ბუნებრივი რესურსებით მდიდარი და სამრეწველო პროდუქციის წარმოებით გამორჩეული ქვეყნები ხვდებიან.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შემდეგი სიტუაციაა: სომხეთის საქონლისა და მომსახურების ექსპორტი მშპ-ის 74%-ია და მსოფლიოში 21-ე ადგილზეა, აზერბაიჯანის 46%-ია და 53-ე ადგილზეა, თურქეთის 28%-ია და 113-ე ადგილზეა, რუსეთის 22%-ია და 130-ე ადგილზეა.

2023 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ექსპორტზე ყველაზე ნაკლებად სუდანი იყო დამოკიდებული – 0.7%-ით. შემდეგ მოდის ჰაიტი 3.4%-ით და ეთიოპია 5.5%-ით. ექსპორტზე დამოკიდებულება დაბალია აშშ-შიც – 11.1%, თუმცა ნომინალურ გამოსახულებაში აშშ მსოფლიოში მეორე ადგილზეა, წლიურად 3.2 ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ექსპორტს ახორციელებს. პირველ ადგილზე ჩინეთია 3.8 ტრილიონი დოლარის ექსპორტით.

ექსპორტზე ყველაზე მეტად დამოკიდებული ქვეყნები, 2024 წელი

 ქვეყანამშპ-ის მიმართ, %
1ლუქსემბურგი192
2სინგაპური179
3ირლანდია144
4ჯიბუტი126
5მალტა118
6საამიროები107
7კვიპროსი97
8ვიეტნამი90
9ბაჰრეინი85
10სლოვაკეთი85

წყარო: მსოფლიო ბანკი

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა