მილიარდერი ნელსონ პელცი Wendy’s-ის შესყიდვას განიხილავს

მილიარდერი ნელსონ პელცი Wendy’s-ის შესყიდვას განიხილავს

ფოტო: NBCU Photo Bank/NBCUniversal via Getty Images

 

ამერიკელი მილიარდერი და ინვესტორი ნელსონ პელცი, რომლის ქონების დიდი ნაწილიც ჰეჯ-ფონდებზე მოდის, სწრაფი კვების ობიექტების ქსელის, Wendy’s-ის შესყიდვას განიხილავს. პელცის განცხადებით, Wendy’s-ის აქციები, რომელთა ფასიც უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 50%-ით დაეცა, არასათანადოდ დაბალი ღირებულებითაა შეფასებული.

ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის მიერ წარდგენილ დოკუმენტში მოყვანილია პელცის კიდევ ერთი განცხადება, რომელშიც მილიარდერი კომპანიის გადარჩენის გზებს შორის მისივე ფირმის, Trian Fund Management-ის მიერ Wendy’s-ში საკონტროლო წილის შესყიდვას განიხილავს. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ შესყიდვის ვერგანხორციელების შემთხვევაში, პელცი Wendy’s-ში თავისი წილის ნაწილობრივ ან სრულად გაყიდვაზეც ფიქრობს.

13 თებერვლით დათარიღებული ანგარიშის თანახმად, მიმდინარე თვის დასაწყისში Wendy’s-ის აქციების ღირებულება $6.75-მდე იყო დავარდნილი, თუმცა პელცის განცხადების შემდეგ, ერთ დღეში თითქმის 16%-ით, $8.28-მდე გაიზარდა. როგორც პელცმა, ისე მისმა ფირმამ, გასული ზაფხულიდან Wendy’s-ში თავიანთი წილი გაზარდეს. შედეგად, მილიარდერი ახლა სწრაფი კვების ობიექტების ქსელის 16.24%-ს, ხოლო Trian Fund Management-ი 7.85%-იან წილს ფლობს.

ცნობისთვის, 2007-დან 2024 წლის სექტემბრამდე პელცი The Wendy’s Company-ის თავმჯდომარის პოსტსაც იკავებდა. Forbes-ის შეფასებით, პელცი $1.6 მილიარდის ქონებას ფლობს, ხოლო მისი ფირმის საკუთრებაშია $8.5 მილიარდის ღირებულების აქტივები და წილები Bank of New York Mellon-ში, DuPont-სა და Mondelez International-ში.