ვინოდ ხოსლა: AI-ით ჩანაცვლების შემთხვევაში, 125 მილიონი ადამიანი საშემოსავლო გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს

ვინოდ ხოსლა: AI-ით ჩანაცვლების შემთხვევაში, 125 მილიონი ადამიანი საშემოსავლო გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს

ფოტო: Getty Images

 

Sun Microsystems-ის თანადამფუძნებლისა და ვენჩურული ინვესტორის, მილიარდერ ვინოდ ხოსლას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელოვნური ინტელექტი მომდევნო ათწლეულებში 125 მილიონამდე ადამიანს უმუშევრად დატოვებს, ეს ადამიანები საშემოსავლო გადასახადისგან უნდა გათავისუფლდნენ. ხოსლას თქმით, მთავრობას მოუწევს დაკარგული შემოსავალი კაპიტალის მოგების გადასახადის საშუალებით დააკომპენსიროს.

სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ხოსლა ამტკიცებს, რომ ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე „კაპიტალიზმისა და თანასწორობის პრინციპების გადახედვა“ აუცილებელია. კაპიტალზე მოგების გადასახადის გაზრდა კი მთავრობას საშუალებას მისცემს, დააკომპენსიროს ის დანაკარგი, რომელსაც სულ მცირე 125 მილიონი გადამხდელის საშემოსავლო გადასახადიდან ამოღებით მიიღებს.

იმავე განცხადებაში ხოსლა აღნიშნავს, რომ გარკვეული საგადასახადო შეღავათების გაუქმება — მაგალითად, არარეალიზებული მოგების უზრუნველყოფით აღებული სესხების პრაქტიკის შეზღუდვა — სახელმწიფოს დეფიციტის შევსებაში დაეხმარება. რეალურად, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 160 მილიონი გადასახადის გადამხდელია და ხოსლას გეგმა მათ თითქმის 80%-ს საშემოსავლო გადასახადისგან გაათავისუფლებს.

ცნობისთვის, გასულ წელს ხოსლამ დაბალი შემოსავლის მქონე ამერიკელებისთვის, რომელთა სამუშაო ადგილები AI-ის გამო შემცირდა, უნივერსალური საბაზისო შემოსავლის შემოღების შესაძლებლობაზეც ისაუბრა. მილიარდერის პროგნოზით, მომავალში სამუშაო ადგილების დაახლოებით 80%-ს სწორედ ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2025 წლის ანგარიშით, რომელიც სამუშაო ადგილების სამომავლო პერსპექტივას მიმოიხილავს, 2030 წლისთვის ხელოვნურმა ინტელექტმა 92 მილიონი სამუშაო ადგილი უნდა ჩაანაცვლოს.