აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული გლობალური ტარიფები უკანონოდ ცნო. მოსამართლეებმა გადაწყვეტილება ხმების განაწილებით, 6 3-ის წინააღმდეგ მიიღეს. ამით სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტრამპმა 1977 წლის კანონის – საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტი (IEEPA) – გამოყენებით უფლებამოსილებას გადაამეტა.
ცნობისთვის, IEEPA პრეზიდენტებს უფლებამოსილებას აძლევს დააწესონ ეკონომიკური სანქციები ეროვნული საგანგებო სიტუაციების დროს, თუმცა არ აკონკრეტებს, რომ ეს უფლებამოსილება ტარიფების დაწესებას მოიცავს. ამიტომ, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ის არ შეიძლება გავრცელდეს ტარიფებზე.
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დღის წესრიგში დადგა კითხვა – როგორ და რა ფორმით მოხდება დაახლოებით 175 მილიარდი დოლარის ტარიფების უკან დაბრუნება იმ კომპანიებისთვის, რომლებმაც ეს თანხა უკვე გადაიხადეს? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას კი Reuters-ი შეეცადა. აღსანიშნავია, რომ თვითონ სასამართლოს არ განუმარტავს, თუ როგორ უნდა მოხდეს თანხის დაბრუნება. მოსამართლემ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ანაზღაურების პროცესი, სავარაუდოდ, „ქაოსური“ იქნება.
როგორ იკრიბება ტარიფები?
ტარიფების ქვეშ მოხვედრილი თითქმის ყველა საქონლის შემთხვევაში, იმპორტიორი აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სააგენტოში აფორმებს ხელშეკრულებას და წინასწარ იხდის მოსალოდნელ ტარიფს, რათა პროდუქცია ქვეყანაში შეიტანოს. საბოლოო თანხის დადგენა კი ხდება ე.წ. „ლიკვიდაციის“ პროცესში, რაც, ჩვეულებრივ, საქონლის შეტანიდან დაახლოებით 314 დღის შემდეგ სრულდება. ამ ეტაპზე ან ზედმეტად გადახდილი თანხა უკან ბრუნდება, ან იმპორტიორს დამატებითი გადასახადის დაფარვა ევალება.
აღსანიშნავია, რომ იმპორტიორებმა მიმართეს აშშ-ის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოს, რათა უზენაესი სასამართლოს განხილვის პერიოდში, საბოლოო ტარიფების დადგენის პროცესი შეეჩერებინათ. თუმცა სასამართლომ მათი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საქმე ახლა ისევ საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოს დაუბრუნდება, რომელმაც უნდა განსაზღვროს, როგორ წარიმართება ტარიფებში გადახდილი თანხის უკან დაბრუნების პროცესი.
როგორ შეიძლება მოხდეს თანხების უკან დაბრუნება?
Reuters-ის ინფორმაციით, საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოში უკვე შეტანილია 1,000-ზე მეტი სარჩელი იმპორტიორების მხრიდან, რომლებიც ტარიფებში გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ. მოსალოდნელია, რომ სარჩელების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
სასამართლომ ჯერ კიდევ დეკემბერში დაადგინა, რომ მას აქვს უფლებამოსილება, ხელახლა გახსნას საბოლოო ტარიფების დადგენის საქმეები და მთავრობას თანხების პროცენტით უკან დაბრუნება დაავალოს. ტრამპის ადმინისტრაციამ სასამართლოში განაცხადა, რომ ამ უფლებამოსილებას არ გაასაჩივრებდა, რაც სფეროს ექსპერტების შეფასებით, შესაძლო იურიდიულ გართულებებს ამცირებს.
რა უნდა გააკეთონ კომპანიებმა თანხის უკან დასაბრუნებლად?
იურისტების შეფასებით, თითოეულ იმპორტიორს საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოში შესაძლოა სარჩელის შეტანა თავად მოუწიოს. ამ ეტაპზე გაურკვეველია, შესაძლებელია თუ არა კოლექტიური სარჩელის შექმნა, რომელიც ტარიფების გადამხდელ კომპანიებს გააერთიანებს. აშშ-ის სავაჭრო კანონმდებლობის მიხედვით, კომპანიებს სარჩელის შესატანად ორი წელი აქვთ.
მედიასააგენტოს შეფასებით, პროცესი შესაძლოა განსაკუთრებით რთული აღმოჩნდეს მცირე ბიზნესებისთვის, რომელთაც ტარიფების გავლენა უფრო მძიმედ დააწვა, ვიდრე მსხვილ და ფინანსურად მდგრად კომპანიებს. იურისტების თქმით, ზოგმა მცირე იმპორტიორმა შესაძლოა საერთოდ უარიც კი თქვას ანაზღაურებაზე, თუ სასამართლო ხარჯები ათასობით დოლარს გადააჭარბებს.
რატომ შეიძლება იყოს ეს ქაოსური პროცესი?
სავაჭრო ექსპერტების შეფასებით, მთავრობა ტარიფების გადახდების შესახებ დეტალურ მონაცემებს უკვე ფლობს, რაც უკან დასაბრუნებელი თანხების ოდენობის განსაზღვრას ამარტივებს. მცირე ბიზნესები ადმინისტრაციას მოუწოდებენ, ავტომატური ანაზღაურების მექანიზმი აამოქმედოს. ისინი ასევე გამოთქვამენ შიშს, რომ მთავრობამ შესაძლოა იმპორტის დოკუმენტაციის მკაცრი შემოწმებით პროცესი გააჭიანუროს.
მაშინაც კი, თუ თანხის დაბრუნების პროცესი დაიწყება, ზოგიერთმა კომპანიამ, რომელიც ამას ითხოვს, შესაძლოა თანხა უკან ვერ მიიღოს. ამას კი ის განაპირობებს, რომ კომპანია შესაძლოა არ იყოს რეგისტრირებული იმპორტიორად, რომელიც იმპორტირებული საქონლის რეგულაციებთან შესაბამისობისა და გადასახადების გადახდის უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი.
იმის დადგენა, თუ ვინ მიიღებს თანხას, დამოკიდებული იქნება ტარიფის გადამხდელ კომპანიასა და რეგისტრირებულ იმპორტიორს შორის დადებულ სახელშეკრულებო შეთანხმებაზე, რაც კიდევ ერთ პოტენციურ სამართლებრივ დავას წარმოქმნის. ამ პროცესს კი შეიძლება წლები დასჭირდეს.
საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ ტარიფები არაკანონიერად გამოცხადდა, 175 მილიარდი დოლარის დაბრუნება, სავარაუდოდ, ხანგრძლივ და რთულ სამართლებრივ პროცესად გადაიქცევა, რომელიც როგორც ბიზნესს, ისე ფედერალურ ხელისუფლებას მრავალწლიანი დავების წინაშე დააყენებს.








