Financial Times-ის ინფორმაციით, უოლ-სტრიტის ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის პროგნოზით, 2030 წლისთვის ილონ მასკის SpaceX-ის AI-მიმართულების შემოსავლები $322 მილიარდს გადააჭარბებს. ცნობისთვის, 2025 წელს კომპანიის AI-მიმართულების შემოსავლებმა პროგნოზირებულზე 100-ჯერ ნაკლები, $3.2 მილიარდი შეადგინა.
Goldman Sachs-ი ვარაუდობს, რომ კომპანიის სრული შემოსავალი 2030 წლისთვის $474 მილიარდს გადააჭარბებს. შედარებისთვის, შარშან SpaceX-ის შემოსავლებმა $18.7 მილიარდი შეადგინა.
საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, კოსმოსური კომპანიის მიერ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიით გენერირებული შემოსავალი უკვე წელს შარშანდელ მაჩვენებელს 388%-ით გადააჭარბებს და $15.6 მილიარდი იქნება. მომავალ წელს კი $34.5 მილიარდის შემოსავლის მიღებას პროგნოზირებს.
შეგახსენებთ, SpaceX-ი ამჟამად IPO-ს განხორციელების პროცესშია. კომპანიამ განაცხადი აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისიაში უკვე შეიტანა და მისი აქციების საფონდო ბირჟებზე საჯაროდ ხილვას მომდევნო კვირებში უნდა ველოდოთ.
Goldman Sachs-ი, სხვა წამყვან საინვესტიციო ბანკებთან ერთად, SpaceX-ის IPO-ს პროცესში აქტიურად არის ჩართული. მის გარდა, SpaceX-ის ფინანსურ საკითხებს Morgan Stanley, Bank of America, Citigroup-ი და J.P. Morgan-ი აწესრიგებენ.
SpaceX-ის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადების თანახმად, ერთი აქციის საწყისი ღირებულება $135 იქნება.
















