ფოტო: Majid Saeedi/Getty Images
ირანი და აშშ ხუთშაბათს ჟენევაში ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ. ამის შესახებ კვირას ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბადრ ალბუსაიდიმ განაცხადა. მოლაპარაკებები ქვეყნებს შორის სამხედრო კონფლიქტის რისკის მზარდი შეშფოთების ფონზე გამიართება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში რეგიონში აშშ-ის საჰაერო და საზღვაო ძალების მობილიზაცია გაძლიერდა. კერძოდ, ირანის სიახლოვეს გადაიყვანეს გამანადგურებლები, ავიამზიდები და საწვავით მომარაგებისთვის განკუთვნილი ტანკერები.
„მოხარული ვარ დავადასტურო, რომ აშშ-ირანის მოლაპარაკებები ჟენევაში ამ ხუთშაბათს გაიმართება, დადებითი იმპულსით, რომ შეთანხმების დასრულებისკენ დამატებითი ნაბიჯი გადაიდგას“, – განაცხადა ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს.
მედიასააგენტო Reuters-მა კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი თავის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმების მისაღწევად აშშ-ს ახალ დათმობებს სთავაზობს, იმ პირობით, რომ ის მოიცავს ეკონომიკური სანქციების მოხსნას და აღიარებს თეირანის უფლებას მშვიდობიანი მიზნებით ბირთვული პროგრამის გაგრძელების შესახებ.
ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა კვირას X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ფრთხილი ოპტიმიზმი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ბოლოდროინდელმა მოლაპარაკებებმა „დამაიმედებელი სიგნალები მოგვცა“ და ამავდროულად, თეირანის „ნებისმიერი პოტენციური სცენარისთვის“ მზადყოფნაზე მიუთითა.
დაძაბულობა ბოლო კვირებში განსაკუთრებით გამწვავდა. ტრამპი ირანს რამდენჯერმე დაემუქრა „ძალიან ძლიერი მოქმედებით“, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ ირანის ხელისუფლება საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა სიკვდილით დასჯას ოფიციალურად აღასრულებს. შეგახსენებთ, ქვეყანაში რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტი ეკონომიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობს და მათი ძალადობრივი ჩახშობის შედეგად, სხვადასხვა წყაროს ცნობით, ათასობით დემონსტრანტი დაიღუპა.








