ნიუ–იორკის ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში, Carnegie Hall-ში, „სუხიშვილების“ ქართული ნაციონალური ბალეტის გამოსვლა მხოლოდ ემოციებით სავსე საღამო არ ყოფილა. ეს იყო კულტურული მოვლენა, რომელმაც ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი იდენტობა საერთაშორისო აუდიტორიას თანამედროვე კონტექსტში ახალი სიმაღლიდან გააცნო. პროექტის უკან დგას Emolas Corporation-ი – კომპანია, რომელმაც დაფუძნებიდან სამ წელიწადში შეძლო ნიუ–იორკის მაღალი რანგის ვენიუების ნდობა მოეპოვებინა და ბაზარზე თავი საკუთარი ხელწერით დაემკვიდრებინა. კომპანიის განვითარების გზაზე, „სუხიშვილების“ პროექტის დეტალებსა და სამომავლო გეგმებზე Emolas Corporation-ის დამფუძნებელი, სალომე ლილუაშვილი გვესაუბრა.
ავტორი: იზა გვარამაძე
სალომე, მოგვიყევით Emolas Corporation-ის მიერ განვლილ გზაზე. როგორ აფასებთ ნიუ–იორკის ბაზრის სპეციფიკას და რამდენად რთულია მაღალი რანგის ვენიუებთან თანამშრომლობა?
Emolas Corporation-ი სამი წლის წინ დავაფუძნე. ნიუ-იორკი და, ზოგადად, ამერიკა ამ ინდუსტრიის მექად მიიჩნევა. ამიტომ თავიდანვე რომ მეფიქრა – აქ თავის დამკვიდრება შეუძლებელია – დღეს ეს კომპანია ვერ იარსებებდა. ამ ქვეყანაში ცხოვრებამ მასწავლა მთავარი: ამერიკა არ არის უბრალოდ ოცნებების ქვეყანა, ეს არის მიზნების მიღწევის ქვეყანა. თუ ზუსტად იცი, რა გინდა, რატომ და რისთვის, შესაძლებლობები რეალურია. როგორც კი ამას გააცნობიერებ, იწყება შრომის, კონტაქტების დაგროვებისა და რეპუტაციის ზრდის ეტაპი.
ნიუ-იორკის ბაზარი დიდწილად ნეტვორკინგსა და სანდოობაზე დგას. კონკურენცია მაღალია, თუმცა სივრცე არსებობს ყველასთვის, ვინც პროფესიონალურად მუშაობს. ჩვენი პირველი დიდი ნაბიჯი იყო კონცერტი Webster Hall-ში – სტეფანეს გამოსვლა. ეს იყო დიდი გამოწვევა: ქართული პოპმუსიკა პოპის დედაქალაქში და სცენაზე, სადაც ცოტა ხნის წინ მადონა იდგა. გარდა ამისა, ამ ვენიუზე მანამდე ქართველი არტისტი არ გამოსულა და ეს პროექტი ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
კომპანია ახალი დაარსებული იყო, სპონსორები არ მყავდა და აბსოლუტურად ყველაფერს თავად ვაკეთებდი. არსებობდა სერიოზული ფინანსური რისკიც, რადგან კონტრაქტით დაზღვევის სტანდარტული პაკეტი 2 მილიონ დოლარს შეადგენდა, თუმცა როგორც ახალ კომპანიას, $5-მილიონიანი პაკეტი მოგვთხოვეს. კონცერტის წარმატებამ და გამოხმაურებამ კი მოგვიტანა ნდობა და კონტაქტები, რამაც მომდევნო პროექტების კეთება შედარებით გაგვიმარტივა.
სამი წლის შემდეგ უკვე Carnegie Hall-ში დავდექით – და ამ გზის გავლა მოპოვებული ნდობისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგად შევძელით.
როგორ გაჩნდა იდეა, რომ „სუხიშვილების“ კონცერტი სწორედ Carnegie Hall-ში გამართულიყო?
კომპანიის დაარსების დღიდან მიზანი იყო, რომ ბაზარზე თავი რაც შეიძლება სწრაფად დაგვემკვიდრებინა და თან ისე, რომ საკუთარი ხელწერა გვქონოდა. ამიტომ თავიდანვე მაღალი რანგის არტისტებისა და ტოპ-ვენიუების ერთმანეთთან დაკავშირება დავიწყეთ.
ჩვენი მუშაობის პრინციპი ასეთია – პირველ რიგში ვესაუბრებით ვენიუს და უკვე მათთან შეთანხმების შემდეგ ვუკავშირდებით არტისტს. ასე მოხდა „სუხიშვილების“ შემთხვევაშიც. ჯერ კიდევ ღონისძიების თარიღზე შეთანხმების პროცესში, რომელიც საკმაოდ რთული და ხანგრძლივი აღმოჩნდა, მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ Carnegie Hall-ში კონცერტი უნდა გაემართათ. როდესაც თარიღი დადასტურდა, „სუხიშვილებს“ მხოლოდ ამის შემდეგ დავუკავშირდით.

„სუხიშვილების“ ქართული ნაციონალური ბალეტის პორტფოლიო ძალიან მდიდარია, თუმცა „კარნეგის“ სცენა მათთვის ახალი იყო. სწორედ ეს სიახლე და მასშტაბი გახდა გადამწყვეტი, რამაც ამხელა ისტორიის მქონე ანსამბლისა და ტოპ-ვენიუს დაკავშირება გადაგვაწყვეტინა. მათ უკვე დაგეგმილი ჰქონდათ გამოსვლები სხვა პროდიუსერთან თანამშრომლობით, თუმცა ამ შესაძლებლობაზე უარი ვერ თქვეს და ტურნე გააუქმეს.
რამდენად რთული იყო მოლაპარაკებების პროცესი თვითონ Carnegie Hall-თან? რა იყო მთავარი გამოწვევა და როგორ გადალახეთ იგი?
Carnegie Hall-ი, ზოგადად, კლასიკური მუსიკის სივრცედ არის მიჩნეული და საცეკვაო გამოსვლისთვის სცენის გადაწყობა გახდა საჭირო. თავიდანვე გაგვაფრთხილეს, რომ ეს იქნებოდა ექსტრაორდინარული გამოწვევა, რომლის გადალახვაც დიდ შრომასა და ხარჯებს მოითხოვდა. თუმცა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო. სცენა სპეციალური საფარით დაიფარა, შეიცვალა განათებები და ტექნიკურად ადაპტირდა. მართალია, ამისთვის დამატებითი ხარჯი და შრომა გავწიეთ, თუმცა მიღებული შედეგი ამად ნამდვილად ღირდა.
სკეპტიციზმი არსებობდა ბილეთების საფასო პოლიტიკასთან დაკავშირებითაც. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ბილეთები სრულად გაიყიდა და კონცერტს 2 800 მაყურებელი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი პროექტი აღმოჩნდა ამ სივრცეში. ამასთან, ნიუ-იორკში ამ ფასად მანამდე არცერთი ქართველი არტისტის ბილეთები არ გაყიდულა.

როგორ შეაფასებთ ამ პროექტს? მაყურებელთა ემოციების მიღმა, როგორ ზომავთ წარმატებას?
ეს არ იყო მხოლოდ ემოციებით დატვირთული პროექტი, არამედ რეპუტაციული ნახტომი. დღეს უკვე საერთაშორისო დასები და არტისტები თავად გვიკავშირდებიან თანამშრომლობის სურვილით. გაიზარდა ჩვენი კომპანიის ცნობადობა, გამარტივდა კომუნიკაცია და ნდობის მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა აღარ გვჭირდება, რამაც პროცესები გაამარტივა და დააჩქარა.
ბუნებრივია, ეს წინსვლა არ არის მხოლოდ ერთი პროექტის შედეგი, ეს არის მრავალწლიანი შრომის ნაყოფი. შეიძლება ითქვას, რომ აქამდე მოსასვლელად მთელი ცხოვრება ვშრომობდი. ამავეს თქმა შემიძლია მთელ გუნდზე – ადამიანებზე, რომლებიც Emolas Corporation-ის უკან დგანან.
თქვენი საუბრიდანაც გამოჩნდა, რომ Carnegie Hall-ში კონცერტის გამართვა კომპანიისთვის დიდი ფინანსური რისკი იყო. როგორ აზღვევდით ამ რისკს?
ყველაზე დიდი გამოწვევა ის იყო, რომ ყველა ხარჯი წინასწარ, კონცერტამდე რამდენიმე თვით ადრე უნდა გაგვეღო, შემოსავალს კი ღონისძიების შემდეგ ვიღებდით. ამ რისკის დაზღვევაში დიდი წვლილი მიუძღვით სპონსორებს, რომლებმაც ქვეყნის გარეთ ორგანიზებულ კულტურულ ღონისძიებაში ინვესტიცია ჩადეს. ყოველთვის მადლიერი ვიქნები ნდობისთვის, რომელიც მათ გამოგვიცხადეს. რა თქმა უნდა, მათი ნდობის მოპოვებაში დიდი როლი ითამაშა „სუხიშვილების“ სახელმა, თუმცა მთელი ფინანსური პასუხისმგებლობა სწორედ ჩვენს კომპანიას ჰქონდა დაკისრებული.

ღონისძიების მთავარ სპონსორებს შორის იყვნენ „საქართველოს ბანკი“, „მეტროპოლი“, „ასკანელი“, „ბორჯომი“, eConsul-ი და Interavia. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე ასეთი მასშტაბის ღონისძიება ვერ განხორციელდებოდა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ სპონსორებისა და პარტნიორებისთვის ოფიციალური მიღება გაიმართა „როკფელერის ცენტრში“. იქ ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულტურული პრეზენტაცია შედგა, რაშიც „მადამ სომელიე“ დაგვეხმარა.
ეს ნიშნავს, რომ პროექტი მხოლოდ Carnegie Hall-ში კონცერტს არ მოიცავდა?
დიახ, ეს ღონისძიება რამდენიმედღიან ციკლს მოიცავდა და მომავალშიც მსგავსი ფორმატის პროექტებს ვგეგმავთ. ციკლი იწყება ოფიციალური მიღებით, როგორც ეს „სუხიშვილების“ პროექტის შემთხვევაში „როკფელერის ცენტრში“ მოხდა.
მეორე დღეს გაიმართა უშუალოდ მთავარი კონცერტი, ამის შემდეგ კი გვქონდა ე.წ. After Party. კონცერტის შემდეგ ბრუკლინში, უილიამსბურგში, გავაკეთეთ ივენთი „ასას“ და ჯინო დოლინის მონაწილეობით, რომელსაც 1000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. მსგავსი ფორმატი საშუალებას გვაძლევს, აუდიტორიის ყველა სეგმენტი მოვიცვათ.

ინტერნეტში ვნახეთ რობერტ დე ნიროს კადრები, რომელიც „სუხიშვილების“ კონცერტს დაესწრო და მის ხელმძღვანელებთან გაისაუბრა. ვისთვის იყო ეს კონცერტი გამიზნული და კმაყოფილი ხართ თუ არა აუდიტორიით?
აუდიტორიაზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. წინასწარ ვიცოდით, თუ ვინ სად უნდა დაგვესვა. კონცერტის გამორჩეული სტუმარი იყო კინოს ცოცხალი ლეგენდა, რობერტ დე ნირო, რომელიც ღონისძიებას მეუღლესთან ერთად დაესწრო.
გარდა ამისა, სტუმრებს შორის იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის ინგლისის, შვეიცარიის, ბელგიის, სამხრეთ აფრიკის, ფილიპინების, პოლონეთის, მალტის ელჩები. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ მეტროპოლიტენის ოპერის თეატრის დირექტორი, კულტურის სფეროს სხვა გამორჩეული ფიგურები და მედიის წარმომადგენლები. აუდიტორიის დაახლოებით 50% უცხოელებისგან შედგებოდა, რაც ჩვენი სტრატეგიული მიზანი იყო – ქართული კულტურა სწორ ადრესატამდე მიგვეტანა.
ამ ღონისძიების შესახებ არაერთმა ცნობილმა მედიამ დაწერა. ბევრი ემოციური წერილი მივიღე სტუმრებისგან. გარდა ამისა, როდესაც Carnegie Hall-ის გუნდს მადლობა გადავუხადე, მათ მომავალი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
როგორ ფიქრობთ, Carnegie Hall-ში „სუხიშვილების“ კონცერტმა რა შეცვალა ქართული კულტურის ექსპორტში?
ქართული კულტურა ძალიან მდიდარია და ყურადღება არც აქამდე აკლდა, თუმცა ხშირად მას საერთაშორისო ასპარეზზე უცხოური კომპანიები წარადგენენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტი თავიდან ბოლომდე ქართული იყოს – კონცეფციიდან კომუნიკაციამდე. ამ კამპანიაშიც აქცენტი გავაკეთეთ ქართული კულტურის ფესვებზე, მათ შორის ჯორჯ ბალანჩივაძის მემკვიდრეობაზე, რომელიც ამერიკის კლასიკური ბალეტის ფუძემდებელია. როდესაც საერთაშორისო აუდიტორიას აცნობ არტისტს და ამავე დროს მის კულტურულ კონტექსტს, ქვეყანასთან უფრო ღრმა და ძლიერი კავშირი მყარდება. მთავარია, ეს ყველაფერი სისტემურად და პროფესიონალურად მიიტანო ადრესატამდე და შედეგიც შესაბამისია.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ ასევე აქტიურად ვუწყობთ ხელს თანამედროვე ქართველი შემსრულებლების ლოკალურ ბაზარზე წარდგენას. მაგალითად, გასულ წელს „თამადას“ რამდენიმე კონცერტი ჩავატარეთ. მათ მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ.
მიიღეთ შეთავაზებები ამ პროექტის შემდეგ? რას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში?
ვაგრძელებთ ქართული კულტურის ექსპორტს და, პარალელურად, ვმუშაობთ საერთაშორისო არტისტებთანაც. წლის ბოლოს დაგეგმილია მაღალი რანგის ევროპელი შემსრულებლის კონცერტი. გარდა ამისა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ქართველი ტოპ-არტისტებისა ტოპ-ვენიუების დასაკავშირებლად.
ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ვაშენებთ ხიდებს ბევრი მიმართულებით, მათ შორის სპორტის, გასტრონომიის, მხატვრობის, ლიტერატურის. ამიტომ, Emolas Corporation-ისგან მომავალშიც ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტს უნდა ელოდოთ.












