ფოტო: Serhii Korovayny/ UNOCHA
მსოფლიო ბანკის, გაეროს, ევროკომისიისა და უკრაინის მთავრობის ერთობლივი შეფასებით, ქვეყნის რეკონსტრუქციის სავარაუდო ხარჯი 12%-ით გაიზარდა და $588 მილიარდს მიაღწია. ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბოლო პერიოდში რუსეთის შეტევების შედეგად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებაა.
ანგარიშის თანახმად, უკრაინაში პირდაპირი ზარალი უკვე $195 მილიარდს აღწევს, რაც წინა შეფასებასთან შედარებით თითქმის 11%-ით მეტია და ორჯერ აღემატება 2022 წლის პირველ ანგარიშში დაფიქსირებულ მაჩვენებელს. ყველაზე მეტად საცხოვრებლები, ტრანსპორტი და ენერგოინფრასტრუქტურა დაზარალდა. დაზიანება განსაკუთრებით შეეხო ფრონტისპირა რეგიონებსა და დიდ ქალაქებს, მათ შორის დედაქალაქ კიევს.
გასათვალისწინებელია, რომ კვლევა არ მოიცავს რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე იანვარსა და თებერვალში განხორციელებული გაძლიერებული თავდასხმების მონაცემებს, რამაც უკრაინაში ათიათასობით ადამიანი, ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ცივ ზამთარში, გათბობის, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დატოვა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ომმა, რომელიც უკრაინაში უკვე ოთხი წელია, რაც მიმდინარეობს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მწვავე ლტოლვილთა კრიზისი გამოიწვია, რომლის დროსაც 2025 წლის დეკემბრის მონაცემებით, ქვეყნის გარეთ 6 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილად ცხოვრობს, ხოლო მის საზღვრებში 4.6 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია.
ამან დიდი ზიანი მიაყენა უკრაინის ეკონომიკას, მისი მთლიანი შიდა პროდუქტი ამჟამად რეალურ მაჩვენებლებში 21%-ით ნაკლებია, ვიდრე 2021 წელს, რუსეთის შეჭრამდე იყო. თუ ომი წელსაც გაგრძელდება, მსოფლიო ბანკის შეფასებით, უკრაინის მშპ-ის ზრდა დაახლოებით 2%-ით შემოიფარგლება, თუმცა, თუ წლის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება იქნება ძალაში, ზრდამ შესაძლოა 2027 წელს 4%-მდე და 2028 წელს 4.5%-მდე შეადგინოს.
„რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი წლის შემდეგ, უკრაინის რეკონსტრუქციისა და აღდგენის საერთო ღირებულება მომდევნო ათწლეულის განმავლობაში თითქმის 588 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რაც თითქმის სამჯერ აღემატება ქვეყნის 2025 წლის ნომინალურ მშპ-ს პროგნოზს“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ყველაზე დიდი, 61 მილიარდი დოლარის ზარალი, საბინაო სექტორში დაფიქსირდა, სადაც საცხოვრებლების 14% დაზიანდა ან განადგურდა, მას მოჰყვება რკინიგზა და მთლიანად ტრანსპორტის სექტორი, რომლის ზარალმაც 40.3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ენერგეტიკის სექტორმა, რომელიც გასულ წელს რუსეთის სარაკეტო დარტყმებისა და თავდასხმების სამიზნე გახდა, თითქმის 25 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა.
ანგარიშის ავტორების შეფასებით, თუ უკრაინა მიზნობრივ რეფორმებს გაატარებს და კერძო ინვესტიციების მოზიდვას შეძლებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და ტურიზმი, რეკონსტრუქციის საჭიროების დაახლოებით 40%-ის დაფინანსება კერძო სექტორის საშუალებით იქნება შესაძლებელი.









