ფოტო: Carlos Barria/Reuters
20 თებერვალს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ე.წ. „განთავისუფლების დღის“ ტარიფები უკანონოდ ცნო. მოსამართლეებმა გადაწყვეტილება ხმათა განაწილებით, 6 3-ის წინააღმდეგ მიიღეს.
ამით სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტრამპმა 1977 წლის კანონის – საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტი (IEEPA) – გამოყენებით უფლებამოსილებას გადაამეტა. IEEPA პრეზიდენტებს უფლებამოსილებას აძლევს დააწესონ ეკონომიკური სანქციები ეროვნული საგანგებო სიტუაციების დროს, თუმცა არ აკონკრეტებს, რომ ეს უფლებამოსილება ტარიფების დაწესებას მოიცავს. ამიტომ, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ის არ შეიძლება გავრცელდეს ტარიფებზე.
დონალდ ტრამპის განაცხადებით, უზენაესი სასამართლოს მიერ „განთავისუფლების დღის“ ტარიფების გაუქმების საპასუხოდ, დამატებით 15%-იან გლობალურ ტარიფს დააწესებს, რაც 1974 წლის სავაჭრო აქტის 122-ე მუხლით დაშვებული მაქსიმალური დონეა. ცნობისთვის, ეს კანონი პრეზიდენტს 150 დღის განმავლობაში 15%-მდე ტარიფების დაწესების უფლებამოსილებას ანიჭებს. ამის შემდეგ საკითხს კონგრესი განიხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება დროებითია.
ზოგიერთი ქვეყნისთვის – განსაკუთრებით ჩინეთისა და ბრაზილიისთვის – ახალი 15%-იანი საბაზისო ტარიფი მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე აშშ-ის ძველი ტარიფები, რომლებიც მათ წინააღმდეგ უკვე მოქმედებდა.
ამის საპირისპიროდ, რამდენიმე ათეული ქვეყნისთვის, რომლებიც შეერთებულ შტატებთან შეთანხმებების დადებით ორმხრივი ტარიფების ზემოქმედების თავიდან აცილებას ცდილობდნენ – მათ შორის დიდი ბრიტანეთისთვის, ევროკავშირისთვის და იაპონიასთვის – ახლა ისმის კითხვა, გაგრძელდება თუ არა ეს შეთანხმებები?
როგორც ევროკავშირმა, ასევე დიდმა ბრიტანეთმა გამოთქვეს სურვილი, რომ შეთანხმებები ძალაში დარჩეს. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია მეორე მხარის, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია.
მედიასააგენტო Reuters-მა შემოგვთავაზა დიაგრამა, რომელიც ასახავს ახალი 15%-იანი გლობალური ტარიფის ამოქმედების შემთხვევაში პოტენციურ მოგებულებსა და წაგებულებს ასახავს. მათი მომავალი ტარიფები შედარებულია იმ დონესთან, რომელიც სავაჭრო პარტნიორებისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მოქმედებდა.
შედარება ადრე მოქმედ მაჩვენებლებსა და ახლად გამოცხადებულ 15%-იან გლობალურ ტარიფს შორის ქვეყნების მიხედვით:
| ქვეყანა | ცვლილება | ტენდენცია |
|---|---|---|
| ჩინეთი | -7.14% | ↓ შემცირდა |
| ბრაზილია | -13.56% | ↓ შემცირდა |
| ინდოეთი | -5.63% | ↓ შემცირდა |
| ვიეტნამი | -2.81% | ↓ შემცირდა |
| ტაილანდი | -2.03% | ↓ შემცირდა |
| იაპონია | +0.45% | ↑ გაიზარდა |
| ტაივანი | -1.25% | ↓ შემცირდა |
| გერმანია | +0.63% | ↑ გაიზარდა |
| იტალია | +1.70% | ↑ გაიზარდა |
| საფრანგეთი | +0.96% | ↑ გაიზარდა |
| სამხრეთი კორეა | +0.56% | ↑ გაიზარდა |
| ევროკავშირი | +0.78% | ↑ გაიზარდა |
| მალაიზია | -1.69% | ↓ შემცირდა |
| შვეიცარია | +0.37% | ↑ გაიზარდა |
| ნიდერლანდები | +0.51% | ↑ გაიზარდა |
| გაერთიანებული სამეფო | +2.05% | ↑ გაიზარდა |
| მექსიკა | -2.90% | ↓ შემცირდა |
| კანადა | -3.27% | ↓ შემცირდა |
| სინგაპური | +1.13% | ↑ გაიზარდა |
| ირლანდია | +0.08% | ↑ გაიზარდა |









