გაერთიანებული სამეფოს მიერ „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირებას მოჰყვა კითხვები: რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? გაიყინება თუ არა მათი აქტივები? შეძლებენ თუ არა ჩვეულ რეჟიმში მუშაობას? გაიგეთ, როგორ ზღუდავს გაერთიანებული სამეფოს სანქციები რუსულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებულად შეფასებული მედიასაშუალებების ფინანსურ ოპერაციებს.
რატომ მოხვდნენ ქართული ტელევიზიები ბრიტანეთის სანქციების სიაში?
„იმედი“ და POSTV გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების რეჟიმში შეიყვანა – იმავე სამართლებრივ ჩარჩოში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებულ ზომებს მიესადაგება.
სანქციების ოფიციალურ შეტყობინებაში აღნიშნულია: ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ არსებობს გონივრული ეჭვის საფუძველი, რომ ორივე მედია ორგანიზაცია წარმოადგენს ე.წ. ჩართულ პირს (involved person), რადგან მათ მიერ გავრცელებული მასალები მოიცავდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ დეზინფორმაციულ ნარატივებს და უკრაინის სუვერენიტეტის დამაზიანებელ განცხადებებს.
ეს მნიშვნელოვანი იურიდიული კატეგორიაა: იგი ნიშნავს, რომ ორგანიზაციები სანქცირებულნი არიან არა მედიის რეგულირების, არამედ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების რეჟიმის ფარგლებში.
რას ნიშნავს სანქციები პრაქტიკაში?
სანქციების მთავარი ინსტრუმენტი არის აქტივების გაყინვა. ოფიციალური განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ:
- ნებისმიერი ფინანსური რესურსი ან ეკონომიკური აქტივი, რომელიც ეკუთვნის დასანქცირებულ პირს, უნდა გაიყინოს;
- არავის აქვს უფლება, პირდაპირ ან არაპირდაპირ მიაწოდოს დასანქცირებულ პირს ფული ან ეკონომიკური რესურსები, მათ შორის სესხის, კრედიტის ან მომსახურების ფორმით, სპეციალური ნებართვის გარეშე.
ეს არის სანქციების ძირითადი მექანიზმი. ანუ, ორგანიზაცია შეიძლება აგრძელებდეს ადგილობრივ საქმიანობას, მაგრამ მნიშვნელოვნად ეზღუდება საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში მოქმედება.
ეს ვალდებულება ეკისრება უშუალოდ გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ პირებსა და კომპანიებს („UK persons“) – მათ შორის მაშინაც, როცა ოპერაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხდება.
რატომ აქვს გაერთიანებული სამეფოს სანქციებს გლობალური ეფექტი?
ბრიტანეთის სანქციები მხოლოდ მის ტერიტორიაზე არ მოქმედებს. ოფიციალური წესების მიხედვით, ისინი ვრცელდება:
- გაერთიანებული სამეფოს ყველა მოქალაქეზე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში;
- ყველა კომპანიაზე, რომელიც შექმნილია გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით;
- ასეთი კომპანიების საზღვარგარეთ ფილიალებზეც.
სწორედ ეს ქმნის ე.წ. ექსტრატერიტორიულ ეფექტს: სანქციები პირდაპირ ვრცელდება გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ პირებსა და კომპანიებზე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ხოლო პრაქტიკაში მათი გავლენა კიდევ უფრო ფართოა, რადგან საერთაშორისო ფინანსური სისტემის წესები აიძულებს ბანკებსა და პარტნიორებს, თავი აარიდონ სანქცირებულ სუბიექტებთან ურთიერთობას.
გაიყინება POSTV-ის და „იმედის“ აქტივები საქართველოში მოქმედ ბანკებში?
სანქციების გამოცხადების შემდეგ საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ ქვეყნის ორი უმსხვილესი ბანკი – საქართველოს ბანკი და თიბისი – გაერთიანებულ სამეფოსთან დაკავშირებული ბანკებია.
მნიშვნელოვანია ზუსტად განვასხვავოთ: არც ერთი მათგანი არ არის „ბრიტანული ბანკი“ ოპერაციული თვალსაზრისით. ორივე არის ქართული კომერციული ბანკი, რომელიც ლიცენზირებულია და რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.
თუმცა მათი საბოლოო მშობელი კომპანიები – Lion Finance Group PLC (საქართველოს ბანკის შემთხვევაში) და TBC Bank Group PLC – რეგისტრირებულია გაერთიანებულ სამეფოში და ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. სწორედ ეს ჰოლდინგები ფლობენ ბანკების საკონტროლო პაკეტებს და არიან იურიდიული ერთეულები, რომელთა აქციებითაც საერთაშორისო ინვესტორები ვაჭრობენ.
ოფიციალურ განმარტებებში წერია: სანქციები ვრცელდება „ყველა პირზე და იურიდიულ ერთეულზე, რომელიც UK-ის კანონმდებლობით არის შექმნილი, სადაც არ უნდა საქმიანობდნენ ისინი”, მაგრამ უცხოური შვილობილი კომპანიები ავტომატურად არ ექვემდებარება ბრიტანულ იურისდიქციას.
პრაქტიკაში სანქციების გლობალური ეფექტი ჩნდება სხვა მიზეზით: საერთაშორისო ფინანსური სისტემის წესები და საბანკო მოთხოვნები აიძულებს კომპანიებსა და ბანკებს, თავი აარიდონ სანქცირებულ სუბიექტებთან ურთიერთობას, რათა არ დაკარგონ წვდომა გლობალურ ფინანსურ ქსელებზე. გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციაში მოქმედი ჰოლდინგებისთვის კი რისკი გამორჩეულად მაღალია.
რაც შეეხება საქართველოში მოქმედ ბანკებს თიბისის და საქართველოს ბანკის მიღმა…
სანქციების გავლენა ქართულ ბანკებზე მხოლოდ ორი ბანკით არ შემოიფარგლება. საქართველოში მოქმედი ბანკები საერთაშორისო გადახდებს ახორციელებენ კორესპონდენტ ბანკებზე და პარტნიორებზე დაყრდნობით. როგორც ზევით აღვნიშნეთ, ასეთ სისტემაში სანქციებთან „შეხებისას“ ავტომატურად დგება ნორმების შეუსრულებლობის (ე.წ. compliance) რისკი და ასეთ რისკს, როგორც წესი, ყველა ერიდება. ლოგიკა შემდეგნაირია: წესები კრძალავს დასანქცირებულებისთვის „ფულის/რესურსის მიწოდებას” როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ.
საქართველოში მოქმედი ბანკებიდან ნებისმიერი საერთაშორისო გადახდა გადის კორესპონდენტ ბანკებზე, SWIFT ქსელზე, უცხოურ კლირინგ-სისტემებზე და საერთაშორისო რეგულატორებზე. ამ პირობებში ნებისმიერი ბანკი, რომელსაც საერთაშორისო არხებზე წვდომა სჭირდება, ცდილობს არ აღმოჩნდეს სიტუაციაში, როცა შეიძლება უთხრან: „თქვენ დაეხმარეთ ან გაუმარტივეთ ტრანზაქცია სანქცირებულ პირებს”.
2024 წლის 9 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოდკასტში “42-ე პარალელი” სტუმრად მყოფმა ირაკლი რუხაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის მაღალჩინოსნების დასანქცირების შემთხვევაში ლიბერთი ბანკი იძულებული იქნებოდა, მათი ანგარიშები დაეხურა, რადგან “ბანკი აღარ იქნება ლიბერთი ბანკი, როგორც კი დასანქცირებულებს მოემსახურება”. მისი თქმით, ფინანსური სანქციების შემთხვევაში “საბანკო სისტემა დაუპირისპირდება ქვეყანას”.
როგორია საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციები საერთაშორისო სანქციების გარშემო?
საქართველოში საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხი განსაკუთრებით მწვავე გახდა 2023 წლის სექტემბერში, როდესაც აშშ-მა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან კავშირების ბრალდებით.
სანქციების გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს დაავალა მისი ანგარიშებისა და ტრანზაქციების შეზღუდვა, რაც შეესაბამებოდა იმ დროისთვის მოქმედ რეგულაციას, რომელიც ფინანსურ სექტორს ავალდებულებდა, დაეცვა აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის სანქციების რეჟიმები.
თუმცა უკვე 2023 წლის 19 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა ეს წესი შეცვალა. ცვლილების მიხედვით, საერთაშორისო სანქციები აღარ ვრცელდებოდა ავტომატურად საქართველოს მოქალაქეებზე, თუ მათ მიმართ არ არსებობს ქართული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება კონსტიტუციური პრინციპებით ახსნა – განსაკუთრებით უდანაშაულობის პრეზუმფციით.
ფორმალურად უცხოური სანქციების აღსრულება საქართველოში შეიძლება საჭიროებდეს შიდა სამართლებრივ საფუძველს, განსაკუთრებით მოქალაქეების შემთხვევაში, თუმცა პრაქტიკაში მათი ეკონომიკური ეფექტი ხშირად მაინც დგება, რადგან საერთაშორისო ფინანსური ქსელი დამოუკიდებლად რეაგირებს რისკებზე.
შეძლებს ეროვნული ბანკის რეგულაცია დაიცვას POSTV და „იმედი“ სანქციებისგან?
პრაქტიკაში საერთაშორისო ფინანსური სისტემა არ მუშაობს მხოლოდ ეროვნული კანონებით. ის მუშაობს ქსელური ნდობის წესებით. რას ნიშნავს ეს? დღეს ნებისმიერი საერთაშორისო გადახდა გადის კორესპონდენტ ბანკებზე, SWIFT ქსელზე, უცხოურ კლირინგ-სისტემებზე და საერთაშორისო რეგულატორებზე.
თუ ამ ქსელის რომელიმე ნაწილმა მიიჩნია, რომ ტრანზაქცია სანქციებთან არის დაკავშირებული, ის უბრალოდ არ გაატარებს გადახდას. ამ პროცესში არავის აინტერესებს, რა წერია კონკრეტული ქვეყნის შიდა რეგულაციაში.
ბანკებისთვის ყველაზე დიდი რისკი არის არა ადგილობრივი სასამართლო, არამედ საერთაშორისო გადახდების არხების დაკარგვა. თუ ბანკი ერთხელ მაინც მოხვდება სანქციების დარღვევის ეჭვქვეშ, შეიძლება დაებლოკოს დოლარის/ევროს კლირინგი, დაკარგოს კორესპონდენტი ბანკები და შეექმნას რეგულატორული პრობლემები უცხოეთში. ეს ბანკებისთვის ეგზისტენციური საფრთხეა. ამიტომ ფინანსურ წრეებში არსებობს დაუწერელი წესი: საერთაშორისო სანქციები პრაქტიკაში ყოველთვის „ზედმეტად სრულდება“. ამას de-risking ეწოდება. სისტემა თავიდანვე ერიდება ნებისმიერ რისკიან კლიენტს.
საბოლოო ჯამში, რას ნიშნავს ეს ყოველივე?
ნიშნავს თუ არა სანქციები იმას, რომ „იმედისა“ და POSTV-ის ანგარიშები ავტომატურად გაიყინება საქართველოში? იურიდიული პასუხია – არა აუცილებლად.
გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ პირებსა და კომპანიებს ბრტანული კანონმდებლობა ავალდებულებს, რომ არ დაუშვან სანქცირებული სუბიექტებისთვის ფინანსური რესურსების მიწოდება. ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე აქტივების ფორმალური გაყინვა შეიძლება ადგილობრივ სამართლებრივ საფუძველს საჭიროებდეს.
თუმცა პრაქტიკაში, დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის გავლენასთან დაკავშირებულ სუბიექტებად შეფასებული „იმედისა“ და POSTV-ის წვდომა ფინანსურ სისტემებზე, დიდი ალბათობით, მნიშვნელოვნად შეიზღუდება. საერთაშორისო ფინანსური სისტემა მუშაობს გლობალური ქსელის წესებით: ნებისმიერი მნიშვნელოვანი ტრანზაქცია გადის კორესპონდენტ ბანკებზე, უცხოურ კლირინგ-სისტემებზე და საერთაშორისო პარტნიორებზე. თუ ამ ქსელის რომელიმე რგოლი სანქციებთან დაკავშირებულ რისკს ხედავს, ის უბრალოდ არ გაატარებს ოპერაციას. დიდი ალბათობით, საქართველოში მოქმედი ბანკები სანქციების შეუსრულებლობით საერთაშორისო ფინანსური სისტემებისგან დეზინტეგრაციის რისკებს თავიდან აირიდებენ.
სანქციები ავტომატურად არ ნიშნავს აქტივების ფორმალურ გაყინვას საქართველოში, თუმცა პრაქტიკაში ბანკები, საერთაშორისო ფინანსური სისტემის რისკების გამო, ხშირად ზღუდავენ ან აჩერებენ ასეთ ანგარიშებზე ოპერაციებს.
Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი.














