საქსტატი: 2025 წელს რკინიგზით ტვირთბრუნვა 3%-ით შემცირდა

საქსტატი: 2025 წელს რკინიგზით ტვირთბრუნვა 3%-ით შემცირდა

ფოტო: Georgian Railway

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, რომელიც სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით 3%-ით ნაკლები ტვირთი გადაიტანეს, სულ 13.3 მილიონი ტონა.

ანგარიშის თანახმად, მთლიანი ტვირთის 7.9% ადგილობრივ გადაზიდვაზე მოდის, 34.7% – საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 57.5% – ტრანზიტზე.

აქვე აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 75.8% ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე მოდის, 24.2% კი – ქვეყნიდან გატანილზე.

შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 35.8%-ის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, მეორე ადგილზე კი აზერბაიჯანია 27.2%-ით. დანარჩენი ქვეყნების წილი 10%-ს ჩამოუვარდებოდა.

რაც შეეხება გატანილ ტვირთს, მისი მთლიანი მოცულობის 16.2%-ის დანიშნულების ქვეყანას სომხეთი წარმოადგენდა, 9.2%-ისას – ყაზახეთი, 8.4%-ისას კი – რუსეთის ფედერაცია.

2025 წელს ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყანის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 13.4% – ნიდერლანდები, 10.8% – თურქეთი, 6.6% – ჩინეთი, 2.9% – უკრაინა, 2.4% – იტალია, 1.3% – რუმინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.

საანგარიშო პერიოდში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 6%-ის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 3%-ისას – თურქეთი, 1.2%-ისას – აშშ, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.