როგორ გამდიდრდა მალტა?

მალტა 2

მალტაში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 53,000 დოლარია და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 23-ე ადგილს იკავებს. მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით (PPP) 81,700 დოლარია და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-16 ადგილზეა. მალტა კუნძულოვანი სახელმწიფოა, რომლის ტერიტორია სიდიდით 316 კვადრატული კილომეტრია, ანუ დაახლოებით თბილისის ნახევარია ფართობით. მალტაზე 520 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ქვეყნებს შორის მოსახლეობის სიმჭიდროვით მე-9 ადგილზეა.

მალტას ხანგრძლივი ისტორია აქვს, სხვადასხვა სამეფოში შედიოდა. მე-19 საუკუნიდან დიდი ბრიტანეთის სამეფოს ნაწილი გახდა და დამოუკიდებელი სახელმწიფო 1964 წლიდან არის. ამ დროს მალტა დაბალშემოსავლიანი ქვეყანა იყო, რომელიც შემოსავალს ძირითადად იქ მყოფი ბრიტანული სამხედრო ბაზისგან იღებდა. 1964 წლის შემდეგ ერთ მოსახლეზე საშუალო ნომინალური შემოსავალი მალტაში 45-ჯერ არის გაზრდილი, ხოლო რეალური შემოსავალი (ინფლაციის გამოკლებით) -16-ჯერ. 1967 წელს მალტელების 30%-ს ჰქონდა საკუთარი სახლი, ახლა კი ეს მაჩვენებელი 90%-მდეა გაზრდილი.

1964 წლის შემდეგ ბრიტანეთმა მალტას დაფინანსება თანდათან შეუმცირა და 1979 წელს სრულად დატოვა მალტა. ეს ქვეყნისთვის დიდი გამოწვევა იყო. მალტის მთავრობამ პრიორიტეტად ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიის განვითარება, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა მიიჩნია. ტურიზმის ზრდამ უძრავ ქონებაზე გაზარდა მოთხოვნა, რამაც მშენებლობის დარგის სწრაფად ზრდას შეუწყო ხელი. 1970-იანი წლებიდან მთავრობამ მრეწველობის დარგში უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა დაიწყო, განსაკუთრებით ტექსტილისა და ელექტრონიკის მიმართულებით. ხელისუფლება 5-წლიან გეგმებს მიჰყვებოდა. მრეწველობამ ვერ დაასაქმა იმდენი, რასაც მთავრობა მოელოდა, მაგრამ ტურიზმის სექტორში პირიქით მოხდა, ტურიზმი და, ზოგადად, მომსახურების სექტორი მთავარი დამსაქმებელი და უფრო სწრაფად მზარდი მიმართულება გახდა.

1980-იანი წლების დასაწყისში მალტაში უმუშევრობა ჯერ კიდევ მაღალი იყო, 13%-ს აღწევდა, რაც 1990 წლისთვის 5%-მდე შემცირდა. ამ პერიოდში მნიშვნელოვნად ვითარდება მალტის საფინანსო მომსახურების სექტორი, ბანკებზე ოფშორული რეგულაციები წესდება, რაც დაბალ გადასახადებს და მაღალ კონფიდენციალურობას ნიშნავს. ამ ნაბიჯმა მალტა ფინანსურ ცენტრად აქცია.

საფინანსო სექტორთან ერთად მალტის ეკონომიკის მთავარი ძალა ტურიზმი გახდა, იმატა ევროპიდან ვიზიტორების რიცხვმა.  ტურიზმის ზრდას სასტუმროების, აეროპორტებისა და პორტების ინფრასტრუქტურის განვითარება მოჰყვა. 1990-იან წლებში მალტის ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 5.7%-ით იზრდებოდა. ერთ მოსახლეზე საშუალო წლიურმა შემოსავალმა 10,000 დოლარს მიაღწია. 90-იან წლებში მალტაში მნიშვნელოვანი პრივატიზაცია განხორციელდა და ეკონომიკა უფრო მეტად გადაეწყო საბაზრო პრინციპებზე, რაც, ერთგვარად, ევროკავშირში გაწევრიანების სამზადისის ნაწილი იყო.

2004 წელს მალტა ევროკავშირის წევრი გახდა, რამაც ქვეყანას ევროპის ბაზარზე სრული წვდომა, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დაფინანსება და გაზრდილი უცხოური ინვესტიციები მოუტანა. 2008 წლიდან მალტის ვალუტა ევრო გახდა, რაც მეტ მონეტარულ სტაბილურობას, ინვესტორების გაზრდილ ნდობას და ევროკავშირთან ვაჭრობის გამარტივებას ნიშნავს.

მომსახურების სექტორთან ერთად მალტაში მნიშვნელოვნად არის განვითარებული მრეწველობა, განსაკუთრებით – ელექტრონიკისა და ფარმაცევტული საქონლის წარმოება. ქვეყანაში 250-მდე უცხოური, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოა.

2009 წლის კრიზისი მალტასაც შეეხო და მისი ეკონომიკა 1.5%-ით შემცირდა, 2010-2019 წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდა აჩვენა – წლიურად საშუალოდ 6.3%-ით იზრდებოდა. ასეთი მაღალი ზრდის მიზეზი ისეთი ახალი დარგების ზრდა იყო, როგორებიცაა: ონლაინ სათამაშო ბიზნესი, ფინტექები და საინვესტიციო ფონდები. მალტაში მარტივია სათამაშო ბიზნესის ლიცენზიის მიღება, რამაც ის საერთაშორისო ონლაინ ოპერატორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად აქცია. შემოსავლების ზრდამ, უცხოური სამუშაო ძალის შემოსვლა და სამშენებლო ბიზნესი გაზარდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა უძრავი ქონების ფასები. 1964 წელთან შედარებით მალტის მოსახლეობა 55%-ით გაიზარდა.

კოვიდპანდემიის გამო გამო ეკონომიკა 3.5%-ით შემცირდა, თუმცა 2022-2025 წლებში განვითარებული ქვეყნისთვის მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, წლიურად საშუალოდ 5.2%. უმუშევრობის დონე 3%-ზე ჩამოვიდა. პანდემიის შემდეგაც წამყვანი სექტორი ტურიზმია, თუმცა, ბოლო წლებში სწრაფად განვითარდა სამოქალაქო ავიაცია და ციფრული ეკონომიკა.

მალტა დემოკრატიული ქვეყანაა, დემოკრატიის ინდექსით მსოფლიოში 27-ე ადგილზეა, უსწრებს ბელგიას, იტალიას, პოლონეთს.

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა