კაპიტალის ბაზრები ციფრულ ეპოქაში: როგორ ჩაიარა Forbes-ისა და DGFI-ს ერთობლივმა ფორუმმა

კაპიტალის ბაზრები ციფრულ ეპოქაში: როგორ ჩაიარა Forbes-ისა და DGFI-ს ერთობლივმა ფორუმმა

24 აპრილს Forbes Georgia-მ და DGFI Conference-მა Radisson Blu Iveria Hotel-ში ტოკენიზაციის ერთობლივი ფორუმი გამართეს.  ეს იყო ინსტიტუციური ფორმატის ღონისძიება, რომელმაც რეგულატორებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, ტექნოლოგიური პლატფორმების წარმომადგენლებსა და კაპიტალის ბაზრის მოთამაშეებს ერთ სივრცეში მოუყარა თავი.

ფორუმი თავიდანვე მკაფიოდ გაემიჯნა „ჰაიპზე“ აგებულ კონფერენციებს. პროგრამის თითოეული ელემენტი უფრო სამუშაო დისკუსიას ჰგავდა, ვიდრე პრეზენტაციას. მთავარი აქცენტი გაკეთდა არა ჰიპოთეტურ შესაძლებლობებზე, არამედ — ხელშესახებ შედეგებზე. 

ღონისძიება DGFI Conference-ის წარმომადგენლის, მიხეილ დიდებულიძის გახსნითი სიტყვით დაიწყო, რომელმაც ხაზგასმით აღინიშნა, რომ ტოკენიზაცია უკვე აღარ არის მომავლის ჰიპოთეზა, ის თანდათან გარდაიქმნება ფინანსური ეკოსისტემის პრაქტიკულ კომპონენტად.

პირველ პანელურ დისკუსიაში Tokenization & Capital Markets: Bridging Regulation & Innovation მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, Silkbank-ის, Clarsen-ისა და საერთაშორისო იურიდიული ექსპერტიზის წარმომადგენლები. მთავარი გზავნილი იყო, რომ რეგულაცია ბარიერის ნაცვლად იქცევა ჩარჩოდ, რომლის ფარგლებშიც უნდა განვითარდეს ინოვაცია. თუმცა, როგორც დისკუსიამ აჩვენა, გამოწვევები კვლავ რჩება: განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის მასშტაბირებაში, იურიდიულ სტრუქტურირებასა და სხვადასხვა სისტემის სინქრონიზაციაში. ნდობა კი, როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, ტექნოლოგიაზე ნაკლებად და მმართველობით ჩარჩოებზე მეტად არის დამოკიდებული.

კონცეფციიდან ბაზარზე დამკვიდრებამდე

მეორე პანელმა Real-World Assets Tokenization in Practice: From Concept to Market Adoption ფოკუსი უკვე პრაქტიკულ საკითხებზე გადაიტანა: რას ნიშნავს აქტივის ტოკენიზაცია რეალურ სამყაროში? როგორ იქმნება მოთხოვნა? რა როლი აქვთ სტეიბლკოინებს და რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტორთა ნდობა?

დისკუსია ბაზრის იმ ძირითად მოთამაშეებს შორის წარიმართა, რომელთა ხედვაც ინდუსტრიის განვითარებას აქტიურად განსაზღვრავს.

პანელზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ტოკენიზაცია არ არის “ჯადოსნური პასუხი”. რატი მორჩილაძემ (Foresight) მნიშვნელოვან საბაზრო პერსპექტივაზე გაამახვილა ყურადღება: ტოკენიზაცია ვერ გადაწონის ცუდ აქტივს. კომპანია, უპირველეს ყოვლისა, თავად უნდა იყოს საინვესტიციოდ მიმზიდველი. ბროკერის პერსპექტივიდან,  ხარისხი რჩება იმ საფუძვლად, რომელზეც შემდგომ ყველაფერი შენდება.

აქტივების მფლობელის პერსპექტივიდან, ნატო ბოჭორიშვილმა (გუმბათი ჰოლდინგი) აღნიშნა, რომ ლიკვიდურობა ყოველთვის მთავარი პრიორიტეტია. უძრავი ქონების სექტორისთვის კაპიტალის ახალი არხების ძიება მუდმივი პროცესია, ტოკენიზაცია კი ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ინსტრუმენტად განიხილება. მექანიზმების სიღრმისეული შესწავლა და მოდელის ტესტირება უმნიშვნელოვანესია, რადგან პირველი წარმატებული პრეცედენტი ბაზრისთვის გარდამტეხი იქნება.

თამთა ახალკაცმა (თეგეტა) აქცენტი ემიტენტის ხედვაზე გააკეთა. იმ კომპანიებისთვის, რომლებიც უკვე აქტიურები არიან კაპიტალის ბაზარზე, ტოკენიზაცია მხოლოდ მაშინ ხდება რელევანტური, როდესაც ის ქმნის არსებულზე უკეთეს პროდუქტს — აუმჯობესებს წვდომას კაპიტალზე, დივერსიფიკაციასა და ინვესტორთა მოცვას.

სტრუქტურულ გამოწვევებზე საუბრისას, ნიკოლოზ ბერაძემ (VS1) აღნიშნა, რომ ტოკენიზაცია არა მხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ კოორდინაციის პრობლემაა. მასშტაბირებისთვის საჭიროა სხვადასხვა მოთამაშეების ერთიან ჩარჩოში მოქცევა. მისი თქმით, VS1-ის როლი სწორედ ამ რგოლების დაკავშირებაა, რათა გაიხსნას გზა იმ ლიკვიდურობისკენ, რომელიც ბაზარზე რეალურად არსებობს და მხოლოდ სწორ სტრუქტურირებას ელოდება.

ინფრასტრუქტურულ ნაწილზე კი მარიამ გოიშვილმა (Solana Superteam) ისაუბრა. მან განმარტა, რომ ტექნოლოგია დღეს აღარ წარმოადგენს ბარიერს. სისტემები სრულად მზად არიან ტრანზაქციების დიდი მოცულობისა და მასშტაბირებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებლობების დეფიციტი არ არსებობს.

პანელის დასასრულს გამოიკვეთა, რომ უძრავი ქონებისა და კერძო აქტივების ტოკენიზაციის პოტენციალი უზარმაზარია, თუმცა წარმატება ხარისხიანი აქტივების, სამართლებრივი კოორდინაციისა და გამართული ინფრასტრუქტურის სინერგიაზეა დამოკიდებული.

დისკუსიამ განსაკუთრებით გამოკვეთა უძრავი ქონებისა და კერძო აქტივების ტოკენიზაციის პოტენციალი.

Fireside დიალოგი — რატომ ახლა?

შინაარსობრივად ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ნაწილი იყო Fireside დისკუსია საერთაშორისო სპიკერთან, Stellar Development Foundation-ის წარმომადგენელ ფარაჯ აბუთალიბოვთან, რომელსაც Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი შოთა დიღმელაშვილი უძღვებოდა.

დისკუსია სიმბოლურად სწორედ იმ კითხვით დაიწყო, რომელიც დღეს ინდუსტრიის ცენტრში დგას: რატომ ახლა?

წლების განმავლობაში ტოკენიზაცია ხშირად ჟღერდა როგორც “მომავლის დაპირება“: ინოვაციური, იმედისმომცემი, თუმცა აბსტრაქტული. როგორც საუბარში გამოიკვეთა, მიმდინარე ეტაპზე დისკუსია მნიშვნელოვნად შეიცვალა: ფოკუსმა  ინფრასტრუქტურასა და რეალურ აქტივებზე გადმოინაცვლა.

დისკუსიამ რამდენიმე კრიტიკულ საკითხს გაუსვა ხაზი:

რა პრობლემას წყვეტს ტოკენიზაცია?

ტოკენიზაცია მხოლოდ ტექნოლოგიური განახლება არაა. მისი მთავარი ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ ის აუმჯობესებს კაპიტალზე წვდომას, ამცირებს ხარჯებს, აჩქარებს ოპერაციებს და ქმნის პროგრამირებად ფინანსურ ინსტრუმენტებს.

რა არის რეალური გამოყენება?

გადახდები ტოკენიზაციისათვის ერთგვარი “კარიბჭეა”, თუმცა სწრაფად მზარდ მიმართულებად რჩება რეალური აქტივების, მათ შორის უძრავი ქონებისა და კერძო ბაზრების ტოკენიზაცია.

სად ვხვდებით სირთულეს?

როგორც დისკუსიაში აღინიშნა, თავად ტოკენის გამოშვება ხშირად ყველაზე მარტივი ეტაპია. რეალური სირთულეები იწყება შემდეგ: იურიდიული სტრუქტურა, რეგულაცია, ლიკვიდურობა, ინვესტორების წვდომა და მეორადი ბაზრების შექმნა.

სკეპტიციზმი და რეალობა

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო იმ ფაქტორების განხილვას, რომელზეც ბაზარი საკმარისად არ საუბრობს. გამოიკვეთა, რომ ტოკენიზაციის გარშემო არსებული ნარატივის ნაწილი ჯერ კიდევ საჭიროებს დაზუსტებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება სწრაფ მასშტაბირებასა და ინსტიტუციურ დანერგვას.

საქართველოს კონტექსტი

დისკუსიამ ლოკალურ პერსპექტივაზეც გაამახვილა ყურადღება. აღინიშნა, რომ საქართველოს მსგავსი ბაზრებისთვის რეალისტური შესაძლებლობები შეიძლება გაჩნდეს ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა:

  • საერთაშორისო გადახდები
  • ალტერნატიული კაპიტალის მოზიდვა
  • უძრავი ქონების ტოკენიზაცია
  • სტეიბლკოინებზე დაფუძნებული ინფრასტრუქტურა
ფორუმის მთავარი დასკვნები

ღონისძიების მონაწილეები რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპზე შეთანხმდნენ:

  • რეგულაცია აღარ არის ბარიერი: მკაფიო ჩარჩოები უკვე იქმნება, ახლა ჯერი აღსრულებასა და ინფრასტრუქტურაზეა;
  • ნდობის ფაქტორი: ტექნოლოგია თავისთავად არ ქმნის ნდობას. ნდობა მოდის მმართველობის მოდელებიდან და სამართლებრივი გარანტიებიდან;
  • მომავლის პროგნოზი: 3 წელიწადში ის, რაც დღეს „ადრეულ ეტაპად“ ჟღერს (მაგალითად, ტოკენიზებული დეპოზიტები ან აქტივები), ფინანსური არქიტექტურის ჩვეულებრივი ნაწილი გახდება.

ღონისძიება მაღალი დონის ნეთვორქინგით დასრულდა, სადაც დისკუსიები პარტნიორობებისა და სამომავლო თანამშრომლობების განხილვით არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა.

სტრატეგიული პარტნიორები და ინდუსტრიის ლიდერები

ფორუმის წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა იმ კომპანიების ჩართულობამ, რომლებიც ციფრული ფინანსების ეკოსისტემის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების პარტნიორები სტრატეგიულად შერჩეული ის კომპანიები იყვნენ, რომლებიც ან უკვე არიან ჩართულები ტოკენიზაციის პროცესში, ან სამომავლოდ გეგმავენ ინოვაციური ფინანსური ინსტრუმენტების დანერგვასა და ათვისებას.

  • Gumbati Holding (ფორუმის სტრატეგიული პარტნიორი): დეველოპერული კომპანია, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს უძრავი ქონების სექტორში. „გუმბათი ჰოლდინგი“ ორიენტირებულია თანამედროვე, ინოვაციური პროექტების განვითარებაზე, მათ შორის ალტერნატიული დაფინანსების და ციფრული ფინანსური ინსტრუმენტების ინტეგრაციაზე.

  • Hadron by Tether: ტოკენიზაციის პლატფორმა, რომელიც რეალურ აქტივებს ციფრულ სამყაროსთან აკავშირებს. Hadron-ის მეშვეობით შესაძლებელია უძრავი ქონების, ოქროს, ობლიგაციებისა თუ აქციების ბლოკჩეინზე ტოკენებად გარდაქმნა. მსგავსი პლატფორმების გამოყენება ქართული ბიზნესისთვის უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად მნიშვნელოვან პერსპექტივებს აჩენს.

  • Solana Superteam Georgia: Solana-ს ოფიციალური ჰაბი საქართველოში, რომელიც რეგიონში სოლანაზე აგებული სტარტაპების ინკუბაციასა და Web3-ის გარშემო ცნობიერების ამაღლებაზეა ფოკუსირებული.

  • GAUS CRYPTO: საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კრიპტოვალუტის გაცვლის კომპანია. იგი უზრუნველყოფს კრიპტოაქტივების ყიდვა-გაყიდვის უსაფრთხო სერვისს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის, რაც აუცილებელი გარემოებაა ციფრული ეკონომიკის ფუნქციონირებისათვის.

ამგვარი თანამშრომლობები ადასტურებს, რომ საქართველოში არსებობს მზაობა და ინტელექტუალური რესურსი, რათა ქვეყანა ციფრული კაპიტალის ბაზრების ტრანსფორმაციაში რეგიონული ლიდერი გახდეს. პროცესი უკვე დაწყებულია და მის ეპიცენტრში ყოფნა ბიზნესისთვის სტრატეგიული პრიორიტეტია.