ენერგეტიკულ ობიექტებზე ირანის იერიშის ფონზე ნავთობის ფასმა $119-ს გადააჭარბა

ენერგეტიკულ ობიექტებზე ირანის იერიშის ფონზე ნავთობის ფასმა $119-ს გადააჭარბა

ფოტო: REUTERS/Nick Oxford

 

ირანის მიერ ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშის მიტანის შემდეგ, გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. ირანის ნაბიჯი ისრაელის მიერ მის სამხრეთ პარსის ბუნებრივი აირის საბადოზე დარტყმებს მოჰყვა.

შედეგად, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე $119.13-მდე გაიზარდა და 9 მარტს მიღწეულ სამწელიწად-ნახევრის პიკს მიუახლოვდა. ამავე დროს, ამერიკული West Texas Intermediate-ის ღირებულება შედარებით ზომიერად გაიზარდა და $96.39-ს მიაღწია. თუმცა დღის განმავლობაში მცირე ხნით მისი ფასი $100-იან ნიშნულსაც გადასცდა. აღსანიშნავია, რომ WTI-ისა და Brent-ის ფასსა შორის სხვაობა 11 წლის მაქსიმუმზეა.

ოთხშაბათს აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები უცვლელი დატოვა. ეს ნაბიჯი ინფლაციის ზრდის პროგნოზად განიხილება, რადგან მონეტარული პოლიტიკის შემქმნელები ომის შედეგებს აფასებენ.

პარალელურად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, ნოემბრის არჩევნების წინ საწვავის ფასების ზრდა თავიდან აირიდოს. აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, შესაძლოა ამ მიზნით ირანულ ნავთობზე სანქციები მოიხსნას. საუბარია ტანკერებზე ჩარჩენილ დაახლოებით 140 მილიონ ბარელ ნავთობზე.

ისრაელმა ირანის სამხრეთ პარსის ბუნებრივი აირის საბადოზე თავდასხმა განახორციელა, თუმცა, როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, აშშ და კატარი ამაში არ მონაწილეობდნენ. სამხრეთ პარსი მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდესი საბადოს ირანული სექტორია, რომელსაც ირანი აშშ-ის მოკავშირე კატართან იზიარებს.

ტრამპმა დასძინა, რომ ისრაელი სამხრეთ პარსში ირანის ობიექტებს თავს აღარ დაესხმება, თუ ირანი კატარზე თავდაუსხმელობის პირობას დადებს. გარდ ამისა, მან ირანი გააფრთხილა, რომ აშშ დოჰაზე თავდასხმას უპასუხოდ არ დატოვებს.