ფოტო: Shutterstock
კორონავირუსის პანდემიის შემდეგ სტანდარტულ სამუშაო პროცესში დისტანციური რეჟიმის დანერგვამ კორპორაციული მიდგომები მკვეთრად შეცვალა. მოქალაქეებისთვის, რომელთაც საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ სრულად დისტანციურად მუშაობა სურთ, 2020 წელს ციფრული ვიზის, ე.წ. „ნომადის“ პროგრამები დაინერგა.
ციფრული ნომადის ვიზები დასაქმებულებს საშუალებას აძლევს, იცხოვრონ საზღვარგარეთ ლეგალურად, ამავდროულად კი, დამსაქმებლებისა და კლიენტებისთვის სხვა ქვეყანაში განაგრძონ დისტანციურად მუშაობა. ტენდენცია სწრაფად გაფართოვდა. იმიგრანტთა ორგანიზაციის მონაცემებით, ამჟამად ციფრული ნომადის ვიზების პროგრამას დასაქმებულებს მსოფლიოს 50-ზე მეტი სახელმწიფო სთავაზობს.
ამ გზით მოქალაქეებს საშუალება აქვთ, სხვა ქვეყანაში იმიგრაციის რთული პროცესების გავლის გარეშე დასაქმდნენ. მაღალია მთავრობების დაინტერესებაც, რადგან ნომადები, რომლებიც გაწეული სამუშაოსთვის ანაზღაურებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ იღებენ, თანხებს ძირითადად მასპინძელ სახელმწიფოში ხარჯავენ, თანაც ადგილობრივად დასაქმებულთათვის პირდაპირი კონკურენციის შექმნის გარეშე.
ციფრული ნომადის ვიზების პროგრამების უმეტესობას მსგავსი მოთხოვნები და კრიტერიუმები აქვს. განმცხადებლებმა, როგორც წესი, უნდა დაადასტურონ დისტანციური შემოსავლის მიღება, დააკმაყოფილონ მინიმალური ხელფასის ზღვრები და ფლობდნენ ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევას.
ამერიკული Forbes-ის მიერ წარმოდგენილი ეს 10 ქვეყანა უცხოეთის მოქალაქეებს 2026 წლისთვის ციფრული ნომადის ვიზის პროგრამებს სთავაზობს — მათგან ნაწილი მარტივ, ერთწლიან ბინადრობის ნებართვას გასცემს, ნაწილი კი — გრძელვადიან ბინადრობის ნებართვას იმ დისტანციურად მომუშავე პროფესიონალებისთვის, რომლებიც ქვეყანაში დარჩენას გადაწყვეტენ.
პორტუგალია — ევროპის ქვეყნებს შორის პორტუგალიის D8-ტიპის ციფრული ნომადის ვიზის პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. განმცხადებლებს ვიზის მისაღებად სტაბილური დისტანციური შემოსავლის დადასტურება სჭირდებათ (თვიური მინიმალური €3,480); დროებითი ბინადრობის უფლების ფლობის შემთხვევაში კი აქვთ შესაძლებლობა, გრძელვადიანი ნებართვაც მიიღონ. პროგრამამ მიიზიდა ფრილანსერები, მეწარმეები და დისტანციურად მომუშავე თანამშრომლები, რომელთა დაინტერესებას პორტუგალიის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო, ინფრასტრუქტურა და მრავალეროვანი საზოგადოება ზრდის.
ესპანეთი — ესპანეთმა დისტანციურად მომუშავე პროფესიონალებისთვის ციფრული ნომადის ვიზა 2023 წელს დანერგა. ვიზა მუშაკებს საშუალებას აძლევს, იცხოვრონ ესპანეთში და ამავდროულად მიიღონ შემოსავალი უცხოელი დამსაქმებლებისგან ან კლიენტებისგან. განმცხადებლებმა, როგორც წესი, უნდა წარმოადგინონ მინიმალური ყოველთვიური შემოსავალი (სულ მცირე €2,850) და დისტანციურად დასაქმების დამადასტურებელი საბუთი.
საბერძნეთი — ქვეყნის ციფრული ნომადის ვიზა დისტანციურად მომუშავე პირებს საბერძნეთში ცხოვრების ნებართვას აძლევს. ვიზის მისაღებად განმცხადებლებმა უნდა დააკმაყოფილონ მინიმალური შემოსავლის მოთხოვნა (თვიური €3,500) და წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია სამუშაო ადგილის დასადასტურებლად. საწყის ეტაპზე პროგრამა ერთ წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვას გასცემს, განახლების შესაძლებლობით.
იტალია — იტალიამ ციფრული ნომადის ვიზების პროგრამა 2024 წელს დანერგა. განმცხადებელთა უმრავლესობას იტალია ცხოვრების წესით, კულტურითა და რეგიონული მრავალფეროვნებით იზიდავს. ვიზის მისაღებად განმცხადებლების წლიური შემოსავალი სულ მცირე €28,000–€32,400-ით განისაზღვრება; მოთხოვნებს შორისაა პირადი დაზღვევა და საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ესტონეთი — ესტონეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ციფრული ნომადის ვიზების სპეციალური პროგრამა დაიწყო. ის საშუალებას აძლევს დისტანციურად მომუშავეებს, იცხოვრონ ქვეყანაში და იმუშაონ უცხოელ დამსაქმებლებთან ან კლიენტებთან. ვიზის მისაღებად აპლიკანტების მინიმალური თვიური შემოსავალი €4,500-ით განისაზღვრება.
ხორვატია — ხორვატიის პროგრამა დისტანციურად მომუშავე პირებს საშუალებას აძლევს, ქვეყანაში ერთ წლამდე პერიოდით დარჩნენ, განახლების შესაძლებლობით. აპლიკანტები თვეში სულ მცირე €3,295-ს უნდა გამოიმუშავებდნენ ხორვატიის ფარგლებს გარეთ დაფუძნებულ კომპანიებში, იყვნენ დასაქმებულნი და არ ჰქონდეთ ნასამართლეობა.
კოსტა-რიკა — ნომადის ვიზების პროგრამა კოსტა-რიკამ ქვეყანაში ხანგრძლივად დარჩენის მსურველი დისტანციური მუშაკების მოსაზიდად დაიწყო. მოთხოვნებს შორისაა მინიმალური თვიური შემოსავალი $3,000-ის ოდენობით და ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევა.
პანამა — პანამა დისტანციურად მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოკლევადიან ვიზებს სთავაზობს. პროგრამით მოსარგებლე პირებს პანამაში დარჩენა 18 თვის ვადით შეუძლიათ, ამისთვის კი მათი თვიური შემოსავალი სულ მცირე $3,000-ს (წლიურად $36,000) უნდა შეადგენდეს.
ტაილანდი — ტაილანდმა გრძელვადიანი რეზიდენტობის ვიზა დანერგა, რომლის მიზანი უცხოელი ტალანტებისა და ინვესტიციების მოზიდვაა. ტაილანდის ვიზისთვის შემოსავლის მოთხოვნები უფრო მაღალია, ვიდრე ზოგიერთ სხვა პროგრამაში. ვიზა 5-წლიანია და ქვეყანაში რამდენჯერმე შესვლის საშუალებას იძლევა, აპლიკანტებს კი ფინანსურ მოთხოვნად სულ მცირე $14,500-ის დანაზოგს უწესებს.
იაპონია — იაპონიის ციფრული ნომადის ვიზა 49 ქვეყნიდან/ტერიტორიიდან დისტანციურად მომუშავე პირებს იაპონიაში 6 თვემდე ვადით ცხოვრებისა და მუშაობის საშუალებას აძლევს. განმცხადებლებს ნებართვის მისაღებად სულ მცირე $65,000-ის წლიური შემოსავალი უნდა უფიქსირდებოდეთ, ჰქონდეთ კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა და იმუშაონ არაიაპონურ კომპანიებში.














