ფოტო: Michael M. Santiago | Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სამშაბათს, New York Post-თან გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც მან აღნიშნა, რომ ამერიკული სამხედრო ძალები ირანს მალე დატოვებენ, საფონდო ბირჟებზე მატება მოჰყვა. იმავე დღის განცხადებაში ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის დასრულების სავარაუდო თარიღად მომდევნო 2-3 კვირა დაასახელა და თქვა, რომ მათ მიზნებში არა ქვეყანაში რეჟიმის ცვლილება, არამედ ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება შედიოდა, რაც, ფაქტობრივად, მიღწეულია.
აღნიშნული განცხადებების შემდეგ, ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთული Nasdaq-ის ღირებულებამ შუადღისას პიკს მიაღწია და ბაზრის დახურვამდე ნახევარ საათზე ნაკლებ დროში 3.8%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც ორი დღის სავაჭრო სესიის დანაკარგები შედარებით დაკომპენსირდა. Dow Jones-ის სამრეწველო საშუალო ინდექსი კი 2.4%-ით გაიზარდა, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი ისეთი კომპანიების აქციების მატებამ ითამაშა, როგორებიცაა: Goldman Sachs-ი, JPMorgan Chase-ი, Microsoft-ი და Caterpillar-ი. აღნიშნული აქციების ფასები, სულ მცირე, 3%-ით გაიზარდა.
გარდა ამისა, სამშაბათის მდგომარეობით, 2.9%-ითაა გაზრდილი S&P 500-ის ინდექსი, რაც უკანასკნელ ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური ზრდაა. მათ შორის, სულ მცირე, 4%-ით გაიზარდა Nvidia-ს, Google-ის, Meta-სა და Tesla-ს აქციების ფასები. შედეგად, სამშაბათი, 2025 წლის 12 მაისის შემდეგ, თითოეული ინდექსისთვის საუკეთესო სავაჭრო დღე იყო.
ცნობისთვის, აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების დაწყების შემდეგ, ძირითადი საფონდო ინდექსები, მინიმუმ, 5%-ით დაეცა. ამის შემდგომ საფონდო ბირჟებზე რყევები ფიქსირდებოდა, განსაკუთრებით კი ჰორმუზის სრუტის ბლოკადისა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის კრიზისის საფრთხიდან გამომდინარე. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრამპი ამჟამად ირანის წინააღმდეგ ომის დასრულებას ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის გარეშე განიხილავს.














