Photo by BoliviaInteligente on Unsplash
პროგრამული უზრუნველყოფის ამერიკულმა კომპანია Oracle-მა, მიმდინარე კვირაში, „არსებული ბიზნესსაჭიროებების“ მოტივით, ათასობით თანამშრომელი დაკავებული პოზიციებიდან გაათავისუფლა. კომპანიის გადაწყვეტილება მიმდინარე წელს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ხარჯების ზრდით აიხსნება, რაც Oracle-ის აქციების ღირებულებაზეც დადებითად აისახა.
CNBC-ის ცნობით, სამშაბათს Oracle-მა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ათასობით თანამშრომელს აცნობა, ხოლო თავისი გადაწყვეტილების მიზეზად „მიმდინარე ბიზნესსაჭიროებები“ მიუთითა. Oracle-მა დასაქმების მაჩვენებლები ბოლოს 2025 წლის მაისში გამოაქვეყნა. ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) მიერ წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, იმ პერიოდისთვის კომპანიაში 162 ათასი პირი იყო დასაქმებული.
სამშაბათის განცხადების შემდეგ, შუადღის მონაცემებით, Oracle-ის აქციების ღირებულება დაახლოებით 2.5%-ით გაიზარდა. ფასების მატება დადებითი დინამიკაა კომპანიისთვის, რომლის აქციების ღირებულება მიმდინარე წელს 27%-ზე მეტით დაეცა. ღრუბლოვან სერვისებსა და ხელოვნურ ინტელექტზე მაღალი მოთხოვნის მოლოდინით, 2026 წლისთვის Oracle-ი $50 მილიარდის დახარჯვას გეგმავს, რაც საწყის პროგნოზზე ($35 მილიარდი) მნიშვნელოვნად მეტია.
კომპანიამ იანვარში ვალდებულებისა და კაპიტალის სახით $50 მილიარდის მოზიდვის გეგმების შესახებაც განაცხადა, თუმცა მალევე Oracle-ის აღმასრულებლებმა ამ გეგმის განხორციელება გადაიფიქრეს. ამის სანაცვლოდ, თანხის ნაწილი, შესაძლოა, Oracle-მა შემცირების უახლესი რაუნდით დაზოგა. როგორც TD Cowen-ის ანალიტიკოსები იანვარში წერდნენ, Oracle-ს 30 000-მდე თანამშრომლის დათხოვნა ფულადი ნაკადების სახით დაახლოებით $10 მილიარდს გამოუთავისუფლებდა.












