ევროკავშირის რომელი ქვეყნები გასცემენ ყველაზე მეტ პასპორტს ბლოკის არაწევრ მოქალაქეებზე?

ევროკავშირის რომელი ქვეყნები გასცემენ ყველაზე მეტ პასპორტს ბლოკის არაწევრ მოქალაქეებზე?

Photo by Kit on Unsplash

ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ 2024 წელს ჯამში 1.2 მილიონამდე პასპორტი გაიცა, მაშინ როდესაც 2014 წელს ეს მონაცემი 762 000-ს შეადგენდა. შედეგად, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში EU-ს სახელმწიფოების მხრიდან მოქალაქეობის მინიჭების რიცხვი თითქმის 54%-ითაა გაზრდილი, მათ უმეტესობას კი, დაახლოებით 88%-ს, ბლოკის არაწევრი ქვეყნების მცხოვრებლები შეადგენდნენ.

ევროსტატის მონაცემებით, მოქალაქეობის მინიჭების მაჩვენებლით ევროკავშირის ქვეყნებს შორის გერმანია ლიდერობს. ქვეყანამ 2024 წელს თითქმის 300 000 პასპორტი გასცა, რაც ბლოკის მთლიანი რაოდენობის მეოთხედია. შემდეგ მოდის ესპანეთი 250 000-მდე გაცემული პასპორტით და იტალია — შესაბამისად, 217 000.

თუმცა ნატურალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შვედეთში ფიქსირდება, სადაც ყოველ 100 არაეროვნულ რეზიდენტზე 7.5 მოქალაქეობა გაიცემა. მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ნორვეგიაში — 100 არაეროვნულ რეზიდენტზე 4.3, შემდეგ მოდის იტალია — 4.1, ესპანეთი და ნიდერლანდები — 3.9-ით. ხოლო ევროკავშირში 100 არაეროვნულ რეზიდენტზე ნატურალიზაციის საშუალო მაჩვენებელი 2.73-ს შეადგენდა. ამის პარალელურად, ნატურალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ლიეტუვაში, ბულგარეთსა და ესტონეთშია.

2024 წელს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან გაცემული 110 000-ზე მეტი პასპორტით, EU-ს ახალი მოქალაქეობის მიმღებთა უმსხვილეს ჯგუფს სირიელები წარმოადგენდნენ. მეორე ადგილზე მაროკოელები იყვნენ 97 000-ით, შემდეგ ალბანელები — 48 000-ით და თურქეთის მოქალაქეები — 40 000-ზე მეტი. მეხუთე ადგილზეა რუმინეთი, რომელიც ამავდროულად ევროკავშირის ქვეყნებს შორის ახალი მოქალაქეობის მიმღებთა უმსხვილესი ჯგუფია. 2024 წელს ჯამში 40 000-მდე რუმინელმა მიიღო ბლოკის სხვა წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.

ცნობისთვის, ევროკავშირის ქვეყნებში მოქალაქეობის გაცემის პროცესი ერთიან წესს არ ექვემდებარება. ბლოკის რიგ ქვეყნებში რეზიდენტობის ხანგრძლივობა საშუალოდ ხუთი წელია, მაგრამ ქვეყნების მიხედვით განსხვავებული წესები და შეზღუდვები მოქმედებს.

მაგალითისთვის, ესპანეთში პასპორტის მისაღებად სხვა ქვეყნების მოქალაქეთა უმეტესობას 10-წლიანი რეზიდენტობა სჭირდება. თუმცა ლათინური ამერიკის მოსახლეობისთვის — მათ შორის არგენტინის, მექსიკისა და ბრაზილიის მოქალაქეებისთვის — ესპანეთში რეზიდენტობის ხანგრძლივობა ორ წლამდე მცირდება. იგივე ეხება პორტუგალიის, ანდორის, ფილიპინებისა და ეკვატორული გვინეის მოქალაქეებს, რომელთაც ესპანეთში ცხოვრება სურთ. მსგავსად, მხოლოდ 2-წლიანი უწყვეტი რეზიდენტობა მოეთხოვებათ შვედეთშიც.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებმაც 2024 წელს ყველაზე მეტი პასპორტი გასცეს (100 არაეროვნულ რეზიდენტზე პროცენტული მაჩვენებელი):

  • შვედეთი – 7.55 პასპორტი
  • ნორვეგია – 4.34
  • იტალია – 4.14
  • ესპანეთი – 3.88
  • ნიდერლანდები – 3.87
  • პოლონეთი – 3.74
  • ბელგია – 3.68
  • ფინეთი – 3.1
  • ირლანდია – 2.94
  • გერმანია – 2.38