2026 წლის მარტში, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტით გამოწვეული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური არეულობის ფონზე, საფონდო ინდექსები, მათ შორის S&P 500 და Nasdaq-ი, თითქმის 5%-ით დაეცა. საფონდო ბირჟაზე რყევებმა გავლენა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონებაზეც მოახდინა.
შედეგად, Forbes-ის მიმდინარე წლის აპრილის რეიტინგში მოხვედრილი ათეულიდან ცხრა მილიარდერი ნაკლებად მდიდარია, ვიდრე გასულ თვეში. ხოლო კოლექტიურად, ტოპ-10-ის სიმდიდრე $100 მილიარდზე მეტით შემცირდა და 1-ელი აპრილის მონაცემებით, $2.5 ტრილიონს მიაღწია.
მნიშვნელოვანი ცვლილებებია Forbes-ის 2026 წლის აპრილის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ათეულის პოზიციურ განლაგებაშიც. განახლებულ სიაში, გასული თვის ტოპ-10-ში მხოლოდ ოთხმა ადამიანმა შეძლო პოზიციების შენარჩუნება; მათ შორისაა ილონ მასკი, რომელიც გამოცემის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში, 2025 წლის მაისის შემდეგ, პირველ ადგილს უცვლელად იკავებს; ასევე მეორე ადგილზე მყოფი ლარი პეიჯი.
მიუხედავად პოზიციების შენარჩუნებისა, მასკი და პეიჯი იმ ხუთ პირს შორისაც იყვნენ, რომელთაც ბოლო თვეში, სულ მცირე, $20 მილიარდის ქონება დაკარგეს. მასკის სიმდიდრე მარტში $22 მილიარდით შემცირდა და $817 მილიარდს მიაღწია. პეიჯი კი, $20 მილიარდის დაკარგვის შემდეგ, მასკზე სამჯერ უფრო ნაკლებს, $237 მილიარდს ფლობს.
გასულ თვეში, მსოფლიოს ათ უმდიდრეს ადამიანს შორის ყველაზე მეტი LVMH-ის თავმჯდომარემ, ბერნარ არნომ იზარალა. ფრანგი ბიზნესმენის ქონება $28 მილიარდით, $142.5 მილიარდამდე დაეცა, რის შედეგადაც არნომ მე-7-დან მეათე პოზიციაზე გადაინაცვლა. ათეულს მიღმა დარჩა ესპანელი მილიარდერი ამანსიო ორტეგა, რომლის სიმდიდრეც $20 მილიარდით კლების შედეგად $128 მილიარდამდე დავიდა. მეცხრედან მეთერთმეტე პოზიციაზე გადაინაცვლა უორენ ბაფეტმაც. ამ უკანასკნელმა $7 მილიარდი დაკარგა და აპრილის რეიტინგში $142 მილიარდითაა წარმოდგენილი.
სანაცვლოდ, თითქმის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში პირველად, ათეულში მოხვდა Walmart-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის უფროსი ვაჟი — რობ უოლტონი. ამ თვის ათეულში კიდევ ერთი ახალი სახე იყო Dell Technologies-ის დამფუძნებელი და CEO მაიკლ დელი, რომლის ქონებაც $2 მილიარდით გაიზარდა და ახლა, $143.1 მილიარდით ის მერვე პოზიციას იკავებს.
აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის შემდეგ პირველად, Forbes-ის მონაცემებით, ჯეფ ბეზოსი კვლავ მსოფლიოს მესამე უმდიდრესი ადამიანია. მარტში Amazon-ის დამფუძნებლის ქონება შედარებით მოკრძალებული $1 მილიარდით შემცირდა და $223 მილიარდი შეადგინა. ბეზოსმა პოზიციები გაცვალა Google-ის თანადამფუძნებელ სერგეი ბრინთან, რომლის ქონებაც $18 მილიარდით შემცირდა. შედეგად, $219 მილიარდით, ბრინმა მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა.
ქვემოთ მოცემულ რეიტინგში წარმოდგენილია Forbes-ის შეფასებით მსოფლიოს ათი უმდიდრესი ადამიანის ქონება, 2026 წლის პირველი აპრილის მონაცემებით. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ათი ადამიანიდან ცხრა ამერიკელია, ერთადერთი არაამერიკელი წევრი კი ფრანგი მილიარდერი ბერნარ არნოა. პირველი აპრილის მდგომარეობით, Forbes-ის ათეულში კვლავ ყველა მამაკაცია.
ცნობისთვის, პლანეტის უმდიდრესი ქალი Walmart-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის შვილიშვილი ელის უოლტონია. 2026 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, ელის უოლტონი $131 მილიარდის ქონებას ფლობს, რაც მას მსოფლიოში მე-13 უმდიდრეს ადამიანად აქცევს.
მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი (2026 წლის 1-ელი აპრილის მდგომარეობით):
#1 ილონ მასკი
ქონება: $817 მლრდ (-$22 მლრდ)
წყარო: Tesla, SpaceX, xAI, X
ასაკი: 54
საცხოვრებელი ადგილი: ოსტინი, ტეხასი
მოქალაქეობა: აშშ

#2 ლარი პეიჯი
ქონება: $237 მლრდ (-$20 მლრდ)
წყარო: Google
ასაკი: 52
საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ
:max_bytes(150000):strip_icc():focal(734x359:736x361)/larry-page-232d495f39b4483fa35e46da226c5e9f.jpg)
#3 ჯეფ ბეზოსი
ქონება: $223 მლრდ (-$1 მლრდ)
წყარო: Amazon
ასაკი: 61
საცხოვრებელი ადგილი: მაიამი, ფლორიდა
მოქალაქეობა: აშშ

#4 სერგეი ბრინი
ქონება: $219 მლრდ (-$18 მლრდ)
წყარო: Google
ასაკი: 52
საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

#5 მარკ ცუკერბერგი
ქონება: $196 მლრდ (-$27 მლრდ)
წყარო: Meta (Facebook)
ასაკი: 41
საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

#6 ლარი ელისონი
ქონება: $189 მლრდ (-$2 მლრდ)
წყარო: Oracle
ასაკი: 81
საცხოვრებელი ადგილი: ვუდსაიდი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

#7 ჯენსენ ჰუანგი
ქონება: $151 მლრდ (-$3 მლრდ)
წყარო: Nvidia
ასაკი: 62
საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

#8 მაიკლ დელი
ქონება: $143.1 მლრდ (+$2 მლრდ)
წყარო: Dell Technologies
ასაკი: 61
საცხოვრებელი ადგილი: ოსტინი, ტეხასი
მოქალაქეობა: აშშ

#9 რობ უოლტონი
ქონება: $142.6 მლრდ (-$3 მლრდ)
წყარო: Walmart
ასაკი: 81
საცხოვრებელი ადგილი: ბენტონვილი, არკანსასი
მოქალაქეობა: აშშ

#10 ბერნარ არნო
ქონება: $142.5 მლრდ (-$28 მლრდ)
წყარო: LVMH
ასაკი: 76
საცხოვრებელი ადგილი: პარიზი
მოქალაქეობა: საფრანგეთი













