დასავლური გამოცემების თანახმად, ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას საფონდო ბირჟაზე აქციების საჯაროდ განთავსების შესახებ განაცხადი კონფიდენციალურად წარუდგინა. ეს ნიშნავს, რომ SpaceX-ის IPO-ზე დოკუმენტაცია მხოლოდ მარეგულირებლებისთვისაა ხელმისაწდომი და დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის გასაყიდი აქციების რაოდენობა და ფასების დიაპაზონი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
Wall Street Journal-ის წყაროთა ინფორმაციით, SpaceX-ის IPO-ით დაინტერესებულ მსხვილ ინვესტორებს შორის არიან Bank of America, Citigroup-ი, Goldman Sachs-ი, JPMorgan Chase-ი და Morgan Stanley. SpaceX-ი აქციების საჯაროდ დალისტვას, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივნისში, $75 მილიარდის მოზიდვითა და კომპანიის რეკორდული $1.75-ტრილიონიანი ღირებულებით გეგმავს. ამ დრომდე ერთადერთი კომპანია, რომელმაც IPO $1 ტრილიონზე მაღალი შეფასებით განახორციელა, საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ა. ამ უკანასკნელმა აქციები საჯაროდ 2019 წელს, $1.7-ტრილიონიანი საერთო ღირებულებით განათავსა.
დაანონსებულ IPO-მდე რამდენიმე თვით ადრე, ილონ მასკმა SpaceX-ი თავისივე ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ xAI-სთან გააერთიანა. მიმდინარე წლის თებერვალში გამოცხადებული გარიგებით, გაერთიანებული კომპანიების სავარაუდო ღირებულებამ $1.25 ტრილიონი შეადგინა. მანამდე, გასული წლის მარტში, მასკმა X–ი თავისივე კომპანია xAI-ს $33 მილიარდად მიჰყიდა, რაც ახლა ორივე მათგანს SpaceX-ის ბრენდის ქვეშ აერთიანებს.
SpaceX-ის აქციების საჯაროდ განთავსების შემდეგ, ილონ მასკი, სავარაუდოდ, პირველი ადამიანი გახდება, რომლის საკუთრებაშიც ორი $1-ტრილიონიანი ღირებულების კომპანიაა. CompaniesMarketCap-ის მონაცემებით, ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla, დაახლოებით $1.35-ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციით, მსოფლიოს მეათე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა.
რაც შეეხება ილონ მასკს, Forbes-ის განახლებულ რეიტინგში, 6 აპრილის მდგომარეობით, ის $809 მილიარდის ქონებას ფლობს. მასკის საკუთრებაშია, სავარაუდოდ, SpaceX-ის აქციათა 43%, რაც თითქმის 100%-იან გარანტიას იძლევა, რომ IPO-ს შემდეგ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონება 1 ტრილიონი ამერიკული დოლარის ნიშნულს გადააჭარბებს. ამას ემატება Tesla-ს ინვესტორების მიერ ნოემბერში ილონ მასკისთვის დამტკიცებული $1-ტრილიონიანი კომპენსაციის პაკეტი, რომლის მიღებასაც კომპანიის CEO იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ მომდევნო ათი წლის განმავლობაში Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია დღევანდელი 1 ტრილიონიდან 8.5 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება.













