ფოტო: dig.watch
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დამოკიდებულება კრიპტოვალუტის მიმართ მისი პირველიდან მეორე ვადამდე პრეზიდენტობის პერიოდში რადიკალურად შეიცვალა. ჯერ კიდევ 2019 წელს მილიარდერი ბიზნესმენი ბიტკოინს „ჰაერზე დაფუძნებულს“ უწოდებდა და არარეგულირებად კრიპტოაქტივებს ნარკოტიკებით ვაჭრობისა და სხვა უკანონო საქმიანობების ხელშემწყობად ასახელებდა. 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ეს მიდგომა შეიცვალა. ამ დროს ტრამპმა თავის სამ ვაჟთან ერთად World Liberty დააარსა, რომელმაც ტრამპის ქონებას $1 მილიარდზე მეტი შემატა.
თუმცა ტრამპისა და მისი ოჯახის კრიპტოთი დაინტერესება მხოლოდ World Liberty-ით არ შემოიფარგლება. 2025 წლის მაისში, როდესაც ის თეთრ სახლში მეორე ვადით ახალი დაბრუნებული იყო, ტრამპების ოჯახმა ბიტკოინზე დიდი ფსონის დადება გადაწყვიტა. მაშინ ერთი ტოკენის ღირებულება $108,000-ს უტოლდებოდა. თუმცა პრეზიდენტის ვაჟები თვლიდნენ, რომ უმსხვილესი კრიპტოვალუტის ღირებულება მომდევნო წლის განმავლობაში 50%-ზე მეტით გაიზრდებოდა. „ვფიქრობ, ის [ბიტკოინის ფასი] $170,000-ს გადააჭარბებს“, — განაცხადა ერიკ ტრამპმა ბიტკოინის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი ძმა, დონალდ ტრამპ უმცროსი კი $150,000-დან $175,000-მდე პროგნოზით შემოიფარგლა.
თავად აშშ-ის პრეზიდენტმა კი მის საკუთრებაში არსებული ყველაზე ღირებული აქტივი — Trump Media and Technology Group-ის 52%-იანი წილი, $2.6 მილიარდის შეფასებით — ჩადო ტრასტში, რომლის ტექნიკურ მმართველადაც დონალდ უმცროსი დაინიშნა. თუმცა ამ მმართველობას მხოლოდ ფორმალური სახე ჰქონდა და რეალურ ბენეფიციარად კვლავ უფროსი ტრამპი დარჩა.
ახალგაზრდა ტრამპების მმართველობის ქვეშ კომპანიამ სოციალური მედიის ბიზნესის მიმართულებიდან მკვეთრად გადაუხვია და კრიპტოვალუტაში მსხვილი თანხების ინვესტირება დაიწყო. მათ შორის, გაყიდა $1.4 მილიარდის ღირებულების აქციები და $1 მილიარდის კონვერტირებადი ობლიგაციები და ეს შემოსავალი სრულად ბიტკოინში ჩადო. უნდა აღინიშნოს, რომ გარიგების გამოცხადებასა და დასრულებას შორის ორთვიან პერიოდში ბიტკოინის ფასი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებდა და Trump Media-ს მიერ შესყიდვების განხორციელების დროისთვის $119,000-ს მიაღწია.
ტრანზაქციამ პრეზიდენტის პორტფელი შეცვალა: Trump Media-ში ტრამპის წილი 41%-მდე შეამცირა, ახალი ვალდებულებები დაუმატა და, თან, ბიზნესმენი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ბიტკოინ-ინვესტორად აქცია. თუ ფასები სამიზნე ნიშნულზე შენარჩუნდებოდა, მაშინ ტრამპს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში $1 მილიარდამდე მოგება უნდა მიეღო. თუმცა გათვლები არ გამართლდა.
ფაქტობრივად, ტრამპის მიერ ბიტკოინში ინვესტირების შემდეგ კრიპტოვალუტის ფასებმა ზრდა შეწყვიტა. რამდენიმე თვის განმავლობაში ფასები სტაბილური დარჩა, რის შემდეგაც, უკვე აგვისტოში, Trump Media-მ დამატებით $114 მილიონი დააბანდა ნაკლებად ცნობილ კრიპტოვალუტაში — კრონოსში. ამის მიუხედავად, ნოემბრის ბოლოს ფართო ბაზრებზე ვარდნამ ბიტკოინისა და კრონოსის ფასები დასწია. თვის მიწურულისთვის Trump Media-ს კრიპტოაქტივები, რომლებშიც მან $2.4 მილიარდი გადაიხადა, დაახლოებით $1.8 მილიარდის ღირებულების იყო.
კომპანიამ დანაკარგების შეჩერებაზე მუშაობა დაიწყო. რისკების შესამცირებლად Trump Media-მ წლის ბოლოს ბიტკოინის დაახლოებით მესამედის ჰეჯირება გადაწყვიტა. თუმცა ამჯერად ტრამპის გეგმებზე უარყოფითად Fed-ის გადაწყვეტილებამ იმოქმედა. ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა, პრეზიდენტს მიანიშნა, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირებას არ გეგმავდა. ბიტკოინის ფასი ერთ დღეში 5%-ით დაეცა, ხოლო Trump Media-ს საკუთრებაში არსებული კრიპტოაქტივის ღირებულებამ $1.7 მილიარდამდე დაიწია.
კომპანიის შიგნით დაიწყო დანაკარგების შეჩერების მცდელობები. Trump Media-მ წლის ბოლოს თავისი ბიტკოინის დაახლოებით ერთი მესამედის ჰეჯირება მოახდინა, რაც, როგორც ჩანს, პოტენციურ ვარდნასა და ზრდას ზღუდავდა. იანვარში კიდევ ერთი უსიამოვნო ინციდენტი მოხდა: ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა, პრეზიდენტის იმედგაცრუების მიუხედავად, მიანიშნა, რომ საპროცენტო განაკვეთები მაღალი დარჩებოდა. ბიტკოინი ერთ დღეში 5%-ით დაეცა, რამაც Trump Media-ს აქციების ღირებულება დაახლოებით 1.7 მილიარდ დოლარამდე შეამცირა.
კომპანიამ ჰეჯირება, რომლის ვადაც მარტში იწურებოდა, ივნისამდე გაახანგრძლივა. ჯერჯერობით უცნობია, მოუტანა თუ არა რაიმე რეალური სარგებელი ამან კომპანიას. თუმცა ფაქტია, რომ Trump Media-ს ნდობა ინვესტორებში შეირყა. Trump Media-ს აქციების ფასები იმაზე მკვეთრად დაეცა, ვიდრე თავად ბიტკოინის ღირებულება, რაც არა მხოლოდ კრიპტოვალუტის, არამედ კომპანიის მიმართ ნდობის დაკარგვას ასახავს.
2026 წლის 8 აპრილის მდგომარეობით, მაშინ როდესაც ამერიკულმა Forbes-მა ბიტკოინში ტრამპების $1-მილიარდიან ინვესტიციაზე სტატია გამოაქვეყნა, ბიტკოინის ფასი $72,000-ს შეადგენდა, Trump Media-ს კრიპტოაქტივების ღირებულება კი — $1.4 მილიარდს. ამასობაში, პრეზიდენტის პირადი წილი Trump Media-ში $1.6 მილიარდით შემცირდა მას შემდეგ, რაც მისმა შვილებმა ბიტკოინთან დაკავშირებული პროგნოზები გაასაჯაროვეს
თუმცა ბიტკოინში Trump Media-ს არასახარბიელო ინვესტიციის მიუხედავადაც, ტრამპისთვის პრეზიდენტობის მეორე ვადა, ჯერჯერობით, საკმაოდ მოგებიანი აღმოჩნდა და სწორედ კრიპტოს ხარჯზე. გამოცემა Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების განახლებულ რეიტინგში, რომელიც 2026 წლის პირველი მარტის მდგომარეობით მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა, პრეზიდენტი ტრამპი $6.5 მილიარდი დოლარის ქონებითაა წარმოდგენილი — $1.4 მილიარდით მეტით გასულ წელთან შედარებით.
ამ პერიოდში ტრამპის ქონების ზრდა, დიდწილად, კრიპტოვალუტის გარიგებებზე მოდიოდა. კერძოდ, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ World Liberty Financial-ის მიერ გამოშვებული კრიპტოტოკენების გაყიდვიდან ტრამპმა, სავარაუდოდ, $550 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამას ემატება World Liberty Financial-ში დარჩენილი 38%-იანი წილის ღირებულება, რაც, Forbes-ის დათვლით, დაახლოებით $240 მილიონ დოლარს შეადგენს.















