Jamie McCarthy/WireImage via Getty Images
Google-ის თანადამფუძნებელმა და ყოფილმა კალიფორნიელმა, მილიარდერმა სერგეი ბრინმა განაცხადა, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება კალიფორნიის შემოთავაზებულ ერთჯერად 5%-იან სიმდიდრის გადასახადს, და მის წინააღმდეგ ლობირებაში უკვე $57 მილიონი დახარჯა. მისი შიში იმაში მდგომარეობს, რომ შტატი ყოფილი საბჭოთა კავშირის მსგავს სოციალისტურ გზას დაადგება – ქვეყნისას, საიდანაც 6 წლის ასაკში გამოიქცა ოჯახთან ერთად.
მთავარი ფაქტები
ბრინმა, რომელიც ლიბერალური მიზნების მხარდამჭერიდან რესპუბლიკელი პრეზიდენტის, ტრამპის მხარდამჭერად გადაიქცა, New York Times-ს იშვიათი განცხადებით მიმართა: „1979 წელს ოჯახთან ერთად სოციალიზმს გავექეცი და ვიცი, რა დამანგრეველი და მჩაგვრელი საზოგადოება შექმნა მან საბჭოთა კავშირში. არ მინდა, კალიფორნია იმავე ადგილას აღმოჩნდეს”.
შემოთავაზებული გადასახადი კალიფორნიის იმ მცხოვრებლებს შეეხებათ, რომელთა აქტივები $1.1 მილიარდს ან მეტს შეადგენს. ამ ინიციატივამ არაერთი ცნობილი მილიარდერი, მათ შორის ბრინი, შტატის დატოვებამდე მიიყვანა.
ინიციატივის მხარდამჭერებმა სამშაბათს განაცხადეს, რომ 1.6 მილიონამდე ხელმოწერა შეაგროვეს – ნოემბრის საარჩევნო ბიულეტებზე მოხვედრისთვის საჭირო ხმებზე თითქმის ორჯერ მეტი. ხელმოწერები დამოწმებისთვის საარჩევნო ორგანოებს გადაეცა.
იდეის მხარდამჭერები ამბობენ, რომ გადასახადი ფედერალური ჯანდაცვის დაფინანსების შემცირების ასანაზღაურებლადაა საჭირო – შემოსავლის დაახლოებით 90% საჯარო ჯანდაცვაზე იქნება მიმართული. მოწინააღმდეგეები, მათ შორის კალიფორნიის დემოკრატი გუბერნატორი გევინ ნიუსომი, კი ამბობენ, რომ მილიარდერების შტატიდან გაძევება კალიფორნიის ეკონომიკასა და ბიუჯეტს მეტ ზიანს მოუტანს, ვიდრე სარგებელს.
რომელმა მილიარდერებმა დატოვეს კალიფორნია?
Google-ის თანადამფუძნებელმა ლარი პეიჯმა ($281.9 მლრდ) გასულ წელს კალიფორნიიდან 45-ზე მეტი შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია გადაიტანა ან დახურა და მაიამიში მდიდრული სახლი შეიძინა. ბრინმა ($260.1 მლრდ) 15 კომპანია გაიტანა შტატიდან და ფლორიდასა და ნევადაში ქონება შეიძინა. Meta-ს CEO მარკ ცუკერბერგი ($231.4 მლრდ) ასევე მიდის შტატიდან. PayPal-ის პიტერ ტილი ($29 მლრდ) პირველ მილიარდერებს შორის იყო, ვინც კომპანია და სახლი შტატიდან გაიტანა – შემდეგ კი გადასახადის წინააღმდეგ ბრძოლაში $3 მილიონი შეიტანა. ავტოსესხების მაგნატმა დონ ჰენკიმ ($8.2 მლრდ) გასვლამდე გადასახადი „სასაცილოდ” მოიხსენია. Uber-ის ყოფილმა CEO ტრევის კალანიკმა ($3.6 მლრდ) გასული თვის ბოლოს რელოკაცია დაადასტურა. DoorDash-ის თანადამფუძნებელმა ენდი ფანგმა ($1.5 მლრდ) გასვლის გეგმა რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა და სიმდიდრის გადასახადი „სულელურად” მოიხსენია. Oracle-ის დამფუძნებელმა ლარი ელისონმა ($217.9 მლრდ) გასულ წელს Pacific Heights-ში „მილიარდერების რიგში” მდებარე მდიდრული სახლი $45 მილიონად გაყიდა – თუმცა ეს მისი ძირითადი საცხოვრებელი არ ყოფილა.
სად მიდიან კალიფორნიის მილიარდერები?
უმეტესწილად – ფლორიდაში. ტილმა, პეიჯმა, ბრინმა და ცუკერბერგმა ბოლო წლებში სახლები ფლორიდაში შეიძინეს – $18 მილიონიდან $170 მილიონამდე. ელისონი 2022 წელს შეძენილ $173-მილიონიან ქონებაში ცხოვრობს პალმ-ბიჩ-კაუნტიში, ტრამპის Mar-a-Lago კლუბიდან რამდენიმე კილომეტრში. Knight Frank-ის ყოველწლიური სიმდიდრის ანგარიშის თანახმად, მაიამის ელიტური უძრავი ქონების ბაზარზე ფასები ბოლო ხუთ წელში 67%-ით გაიზარდა, პალმ-ბიჩში კი – 90.5%-ით. ჰენკი ლას-ვეგასში გადავიდა, კალანიკი კი – ტეხასში.
მთავარი კრიტიკოსები შტატში
ზოგიერთი კალიფორნიელი მილიარდერი ღიად აკრიტიკებს გადასახადს, მაგრამ გასვლის განზრახვა არ გამოუცხადებია. Mercor-ის თანადამფუძნებელი ბრენდან ფუდი ($2.2 მლრდ) წინადადების ნაწილებს „შეშლილად” მოიხსენიებს, მაგრამ ამბობს: „უნდა დავრჩე, რადგან ჩვენი ყველა ამერიკელი თანამშრომელი სან-ფრანცისკოში მუშაობს. ჩვენი მომხმარებლების უმეტესობაც აქ არის”. LinkedIn-ის თანადამფუძნებელმა რიდ ჰოფმანმა ($2.6 მლრდ) წინადადება „ცუდად შემუშავებულ” და ინოვაციისთვის „საშინელ” ინიციატივად მოიხსენია, თუმცა შტატიდან გასვლის გეგმა არ გამოუცხადებია. Anthropic-ის თანადამფუძნებელმა დარიო ამოდეიმ ($7 მლრდ) წინადადება „ცუდად შემუშავებულად” დაახასიათა, მაგრამ გადასახლების განზრახვა არ გამოაცხადა. ვინოდ ხოსლამ ($13.2 მლრდ) გადასახადი „ძალიან სულელურად” მოიხსენია, თუმცა დასძინა: „კალიფორნიის დატოვების გეგმა არ მაქვს”.
საწინააღმდეგო პოზიცია
Nvidia-ს CEO ჯენსენ ჰუანგმა, მსოფლიოს მეშვიდე უმდიდრესმა ადამიანმა $180-მილიარდიანი წმინდა კაპიტალით, განაცხადა, რომ შემოთავაზებული გადასახადი „სავსებით მისაღებია” მისთვის.











