მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნები საცხოვრებლად და მოგზაურობისთვის

მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნები საცხოვრებლად და მოგზაურობისთვის

ფოტო: Joe Daniel Price / Getty Images

 

U.S. News & World Report-მა „მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნების“ რიგით მეათე, საიუბილეო ანგარიში გამოაქვეყნა. ამერიკული მედიაკომპანიის 2026 წლის რეიტინგმა ჯამში 100 ქვეყანა მოიცვა და ისინი რამდენიმე ძირითადი ინდიკატორის საშუალებით შეაფასა, მათ შორისაა: ჯანდაცვა, მმართველობის სისტემა, ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები და გარემოს მდგრადობა.

ანგარიშის თანახმად, თანამედროვე მსოფლიოში ადამიანები ყველაზე მეტად აფასებენ სტაბილურობას, უსაფრთხოებას, ეკონომიკურ პერსპექტივასა და საერთო კეთილდღეობას. U.S. News & World Report-ის მიგნებები იმეორებს იმ ფართო გლობალურ ტენდენციებს, რომლებიც სხვა ბოლოდროინდელ — მაგალითად, „ბედნიერი ქვეყნებისა“ და „ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების“ — რეიტინგებში შეინიშნება.

საერთო ანგარიშის გარდა, U.S. News-მა ცხოვრების წესსა და მოგზაურობაზე ორიენტირებული რეიტინგების სერიაც გამოაქვეყნა, როგორიცაა: საუკეთესო ქვეყნები ცხოვრების ხარისხის მიხედვით, ბავშვების აღზრდისთვის, მარტო მოგზაურობისთვის, ეკოტურიზმისა და ციფრული ნომადის ვიზის მფლობელთათვის.

2026 წლისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილს შვეიცარია იკავებს. სიაში შვეიცარიის პირველობას არაერთ კატეგორიაში ქვეყნის მუდმივად მაღალი მაჩვენებლები განაპირობებს. შვეიცარია სიის რვა კატეგორიიდან ოთხში პირველ ან მეორე პოზიციაზეა — მათ შორის, მსოფლიო ქვეყნებს შორის პირველია როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე მმართველობის კუთხით.

აღსანიშნავია, რომ U.S. News & World Report-ის 2026 წლის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგის ტოპ-25-ში თვრამეტი სახელმწიფო ევროპის რეგიონიდანაა. მოწინავე პოზიციებზე არიან სკანდინავიის ქვეყნები, რაც სახელმწიფოს მმართველობის, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების კატეგორიებში მაღალი შედეგების დამსახურებაა. სიაში შვეიცარიას მეორე ადგილით დანია მოჰყვება, რომელიც ლიდერია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის მხრივ, შემდეგ მოდის შვედეთი — ცხოვრების ხარისხისა და მმართველობის კატეგორიებით.

2026 წლის რეიტინგით, საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ არა ყველაზე დიდი და მდიდარი ქვეყნები, არამედ ის სახელმწიფოები, რომლებიც წარმატებით აბალანსებენ ეკონომიკურ კეთილდღეობას საზოგადოების ნდობასთან, უსაფრთხოებასთან, ჯანდაცვასა და სტაბილურობასთან.

ცალკეული რეიტინგების შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ ცხოვრების ხარისხის მიხედვით, ამ კატეგორიაში სრული კონტროლი სკანდინავიურ ქვეყნებს აქვთ დამყარებული. პირველი ხუთეული ფინეთით, ისლანდიით, ნორვეგიით, დანიითა და შვედეთითაა დაკომპლექტებული. ეს სწორედ ის სახელმწიფოებია, სადაც სოციალური დაცვის სისტემები, ჯანდაცვა და სამუშაო-ცხოვრების ბალანსი მაღალ დონეზეა. ხოლო მარტო მოგზაურობისთვის საუკეთესო ქვეყნების სამეულში ისლანდია, ირლანდია და ახალი ზელანდია მოხვდნენ. სოლო-მოგზაურობის მოყვარულთათვის პრიორიტეტი კრიმინალის დაბალი მაჩვენებელი, სატრანსპორტო სისტემის გამართულობა და კომფორტია.

დისტანციურად მომუშავე ადამიანებისთვის, რომლებიც მნიშვნელობას გრძელვადიან სტაბილურობასა და კარგ ციფრულ ინფრასტრუქტურას ანიჭებენ, საუკეთესო ქვეყნები ისლანდია, სინგაპური, ირლანდია, აშშ და პორტუგალიაა. ეკოტურიზმისთვის (ნაკლები ინდუსტრიალიზაცია, სიმწვანე) — სეიშელის კუნძულები, სლოვენია და ხორვატია; ხოლო ბავშვების აღზრდისთვის საუკეთესო არჩევანია ფინეთი, შვედეთი, ისლანდია, ნორვეგია და დანია. აღნიშნული ქვეყნები განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სისტემებით გამოირჩევიან.

U.S. News & World Report-ის მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნების 2026 წლის რეიტინგის ათეული:

  1. შვეიცარია
  2. დანია
  3. შვედეთი
  4. გერმანია
  5. ნიდერლანდები
  6. ნორვეგია
  7. გაერთიანებული სამეფო
  8. ფინეთი
  9. ლუქსემბურგი
  10. ავსტრია