Forbes Georgia
როგორ გამდიდრდა უოლტონების ოჯახი?

ამერიკულმა Forbes-მა, გამოცემის ისტორიაში პირველად, შემოსავლების მიხედვით, ამერიკის უმსხვილესი საოჯახო ბიზნესების რეიტინგი შეადგინა. რეიტინგის სათავეში უოლტონების ოჯახია 713 მილიარდი დოლარის შემოსავლით. საინტერესოა, როგორ გამდიდრდნენ უოლტონები?
სემ უოლტონი 1918 წელს, აშშ-ის შტატ ოკლაჰომაში დაიბადა. მის მშობლებს ოჯახური ბიზნესი ჰქონდათ, მაგრამ 1930-იანი წლების კრიზისის დროს დახურეს და საცხოვრებლად მისურის შტატში, ქალაქ კოლუმბიაში გადავიდნენ. სემი სკოლის ასაკიდან მუშაობდა, ჯერ – ფერმაში, შემდეგ – გაზეთების გამყიდველად. უმაღლესი განათლება მისურის უნივერსიტეტში მიიღო, ეკონომისტის სპეციალობით და თან ოჯახს რომ დახმარებოდა, სტუდენტობისას სხვადასხვა პროფესიით მუშაობდა. 1940 წელს უნივერსიტეტი წარჩინებით დაასრულა და მალევე მუშაობა დაიწყო სუპერმარკეტ JCPenney-ში. სამსახური 18 თვეში დატოვა და მომდევნო ორი წელი ამერიკის ჯარში მსახურობდა.
სამხედრო სამსახურის დატოვების შემდეგ სემ უოლტონმა ბიზნესი წამოიწყო. 1945 წელს, არკანზასის შტატის ქალაქ ბენტონვილში ნათლიისგან ნასესხები 20 ათასი დოლარით და პირადი 5 ათასი დოლარის დანაზოგით, 26 წლის სემ უოლტონმა მაღაზიების ქსელის, „ბენ ფრანკლინის“ მაღაზია იყიდა. მისი მიზანი იყო მაღაზიიდან პროდუქცია რაც შეიძლება დაბალ ფასში გაეყიდა, დაბალი მოგების მარჟაზე ემუშავა და სანაცვლოდ გაყიდვების მოცულობა გაეზარდა. ამასთან, ის ცდილობდა მაღაზიაში პროდუქცია რაც შეიძლება დაბალი ფასის მქონე მიმწოდებლებისგან შემოეტანა. მაღაზიის შემოსავალი და ღირებულება სწრაფად იზრდებოდა, 5 წელიწადში უკვე 250 ათასი დოლარის შემოსავალი ჰქონდა.
სემს მაღაზიის ტერიტორია იჯარით ჰქონდა აღებული. იჯარის გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდა და 1950 წელს ახალი მაღაზია – „უოლტონ’სი“ გახსნა, რომელმაც ამ სახელწოდებით 1969 წლამდე იმუშავა. ამ დროისთვის უკვე არკანზასში 24 მაღაზია ჰქონდა გახსნილი და წლიურად 12 მლნ დოლარს ვაჭრობდა. 1969 წელს კომპანიას „უოლმარტი“ დაერქვა, მაღაზიების რაოდენობა 38-მდე გაიზარდა, შემოსავალი კი 44 მლნ დოლარამდე.
1970 წელს „უოლმარტმა“ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე აქციები გაყიდა. 1975 წლამდე აშშ-ის 8 შტატში გაიხსნა კომპანიის მაღაზიები, შემოსავალმა კი 340 მლნ დოლარს მიაღწია. 1987 წელს კომპანიას 1 200 მაღაზიაჰქონდა და 16 მილიარდის პროდუქციას ყიდდა.
1982-1988 წლებში სემ უოლტონი ამერიკის ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო.
1992 წელს სემი გარდაიცვალა. ამ დროისთვის „უოლმარტის“ შემოსავალი 50 მილიარდი დოლარი იყო, 2000-მდე მაღაზია ჰქონდა გახსნილი. კომპანიის მართვა მისმა შვილმა რობ უოლტონმა გადაიბარა.
1991 წელს „უოლმარტმა“ მაღაზია მექსიკაში გახსნა. ეს იყო კომპანიის პირველი მაღაზია აშშ-ის გარეთ. მექსიკას მალე მოჰყვა კანადა, ბრაზილია, არგენტინა, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. 2009 წელს კომპანიის შემოსავალმა 400 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ნახევარმილიარდიან ზღვარს კი 2018 წელს მიაღწია.
დღეს „უოლმარტს“ მსოფლიოს 19 ქვეყანაში 10,800 მაღაზია აქვს და 2.1 მლნ ადამიანს ასაქმებს. დასაქმებულთა რიცხვით „უოლმარტი“ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. 2025 წელს კომპანიამ 713 მილიარდი დოლარის წლიური შემოსავალი მიიღო და 19 მილიარდი დოლარის მოგება ნახა.
„უოლმარტის“ საბაზრო კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ დოლარზე მეტია და კომპანიის 50.5%-ს უოლტონების ოჯახი ფლობს. სწორედ ამის გამო არის უოლტონების ოჯახი ყველაზე მდიდარი მსოფლიოში (პერსონალური ქონებით მხოლოდ ილონ მასკი უსწრებთ). საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით სემ უოლტონის შთამომავლების ჯამური ქონება 550 მილიარდი დოლარია და მათი ქონება „უოლმარტის“ აქციების ფასის ზრდის პარალელურად იზრდება.
როგორ ნაწილდება უოლტონების ოჯახის ქონება?
- უოლტონების ოჯახიდან ყველაზე მდიდარი სემ უოლტონის შვილი რობ უოლტონია 152 მილიარდი დოლარით, რომელიც მსოფლიოში სიმდიდრით მე-9 ადამიანია;
- 149 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს სემის მეორე შვილი ჯიმ უოლტონი და მსოფლიოში მე-10 ადგილზეა;
- 140 მილიარდი დოლარის ქონება აქვს მათ დას ანუ სემის მესამე შვილს ალის უოლტონს და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალია;
- 51 მილიარდი დოლარი აქვს სემის გარდაცვლილი შვილის (მე-4 შვილი) ჯონ უოლტონის შვილს ლუკას უოლტონს;
- 25 მილიარდი დოლარის აქვს ჯონ უოლტონის ქვრივს, ქრისტი უოლტონს;
- სემ უოლტონის ძმისშვილებს, ნენსი და ანა უოლტონებს 21 და 15 მილიარდი დოლარის ქონება აქვთ.
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
