მაკრონმა ინიციატივა „აირჩიე საფრანგეთის“ ფარგლებში €93 მილიარდის ინვესტიცია დააანონსა

მაკრონმა ინიციატივა „აირჩიე საფრანგეთის“ ფარგლებში €93 მილიარდის ინვესტიცია დააანონსა

ფოტო: Grégoire Campione/Sipa

 

ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ინიციატივა „აირჩიე საფრანგეთის“ ფარგლებში €93 მილიარდის ინვესტიციები დააანონსა. მაკრონის თქმით, რეკორდული უცხოური ინვესტიციები ძირითადად ხელოვნური ინტელექტის (AI) სექტორსა და მონაცემთა ცენტრების მშენებლობას მოხმარდება.

შედარებისთვის, გასული წლის კონფერენციაზე დაანონსებული პროექტების საინვესტიციო ღირებულება იმ დროისთვის რეკორდულ 20 მილიარდ ევროს შეადგენდა. თუმცა მაკრონის მიერ მხოლოდ წელს ინიციატივის ფარგლებში გამოცხადებული თანხა ბოლო რვა წლის განმავლობაში ერთობლივად მოზიდულ 87 მილიარდ ევროს აჭარბებს. ცნობისთვის, ვერსალის სასახლეში გამართულ ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 200-მდე წამყვანი ბიზნესლიდერი და აღმასრულებელი დირექტორი ესწრებოდა.

მაკრონის განცხადებით, 93 მილიარდი ევროს დადასტურებული ინვესტიცია საფრანგეთში 15,000-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ელისეს სასახლის ინფორმაციით, 2018 წელს, მაკრონის ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის თავზე ჩამოყალიბებული ინიციატივის ფარგლებში, 230-ზე მეტი პროექტი გამოცხადდა და ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნა.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, წლევანდელ ინვესტორებს შორისაა იაპონური კონგლომერატი SoftBank-ი, რომელიც საფრანგეთში 45 მილიარდი ევროს დაბანდებას გეგმავს. გასულ უქმეებზე SoftBank-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მასაიოში სონმა AI-ინფრასტრუქტურის განსავითარებლად 75 მილიარდი ევროს ინვესტიცია დააანონსა, საიდანაც 45 მილიარდი 2031 წლისთვის ჩრდილოეთ საფრანგეთში მონაცემთა ცენტრების მშენებლობას მოხმარდება.

SoftBank-ის დამფუძნებლის განცხადებით, ინვესტიციებისთვის საფრანგეთის არჩევისას მთავარი ფაქტორი ბირთვული ენერგია გახდა. „ახლა ჩვენ შეგვიძლია ელექტროენერგია, როგორც ნედლეული, უფრო მაღალი ღირებულების მქონე ინტელექტად გარდავქმნათ, მათ შორის საექსპორტო მიზნებისთვის“, — აღნიშნა სონმა.

„აირჩიე საფრანგეთის“ უმსხვილეს ინვესტორებს შორის წელს ასევე იქნება კანადური კერძო კაპიტალის პროვაიდერი Brookfield-ი, რომელიც მონაცემთა ცენტრებში 8.5 მილიარდ ევროს დააბანდებს. საფრანგეთის საინვესტიციო ფირმა Ardian-ი და ნორვეგიაში დაფუძნებული მონაცემთა პლატფორმა Verne კი 4.2 მილიარდ ევროს დააბანდებენ. ინვესტორთა შორისაა Amazon-იც, რომელმაც მომდევნო სამი წლის განმავლობაში 15 მილიარდ ევროზე მეტის ინვესტირებისა და 7,000 სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ განაცხადა.