ფოტო: enigmaperu.com
საერთაშორისო გამოცემა Time Out-მა 2026 წლისთვის მსოფლიოს საუკეთესო საკვები კულტურის მქონე ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა. ყოველწლიური კვლევის ფარგლებში ქალაქის ათასობით მაცხოვრებლებმა კვების ინდუსტრია 18 სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა, მათ შორის ხარისხის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის კუთხით.
კვლევაში ასევე მონაწილეობდნენ შეფმზარეულები, რესტორნების კრიტიკოსები, რედაქტორები და კვების სფეროს ექსპერტები, რომლებმაც ადგილობრივი კულინარიული კულტურის, ტრადიციული კერძებისა და სხვადასხვა კულტურის გავლენის შესახებ ინფორმაცია გააზიარეს.
2026 წლის რეიტინგის ლიდერი პერუს დედაქალაქი ლიმა გახდა, რომელსაც მდიდარი კულინარიული ტრადიციები და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი რესტორნების ინდუსტრია აქვს.
მეორე ადგილი ტაილანდის დედაქალაქმა, ბანგკოკმა დაიკავა, რომელიც ქუჩის საკვების მრავალფეროვნებითა და საერთაშორისო დონის რესტორნებით არის ცნობილი.
მესამე პოზიციაზე კი მექსიკის დედაქალაქი, მეხიკო გავიდა, სადაც ადგილობრივი ტრადიციები და თანამედროვე გასტრონომია ერთმანეთთან ჰარმონიულად არის შერწყმული.
Time Out-ის თანახმად, 2026 წელს მსოფლიოს საუკეთესო გასტრონომიული ქალაქების ათეული ასე გამოიყურება:
- ლიმა, პერუ
- ბანგკოკი, ტაილანდი
- მეხიკო, მექსიკა
- ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
- ბარსელონა, ესპანეთი
- ხო ში მინი, ვიეტნამი
- მელბურნი, ავსტრალია
- პეკინი, ჩინეთი
- ათენი, საბერძნეთი
- ლისაბონი, პორტუგალია
რეიტინგი აჩვენებს, რომ მსოფლიოს საუკეთესო გასტრონომიული ქალაქები მხოლოდ ძვირადღირებული რესტორნებით არ გამოირჩევა. შეფასებისას მნიშვნელოვანი იყო როგორც კერძების ხარისხი და ავთენტურობა, ასევე მრავალფეროვნება და ხელმისაწვდომობა, რაც ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს ერთნაირად იზიდავს.
Time Out-ის შეფასებით, სწორედ ეს ქალაქები ქმნიან თანამედროვე გასტრონომიული კულტურის მთავარ ცენტრებს და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულ სტუმრებს უნიკალურ კულინარიულ გამოცდილებას სთავაზობენ.








