ფოტო: Depositphotos
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უცხოელი ტურისტებისა და ბიზნესმოგზაურებისთვის ახალ, ფასიან დაჩქარებულ სერვისს ქმნის, რომელიც ვიზის გასაუბრების რიგის გვერდის ავლის შესაძლებლობას იძლევა. სერვისის საფასური $750 იქნება, თუმცა მისი გადახდა ვიზის მიღების გარანტიას არ იძლევა.
აშშ-ის ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 1-ელი ივლისიდან ექვსთვიანი საპილოტე პროგრამა დაიწყება, რომლის ფარგლებშიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ დამატებით $750 გადაიხადონ და B1/B2 კატეგორიის ტურისტული და ბიზნესვიზის გასაუბრების დაჩქარებული თარიღი მიიღონ.
ახალი სერვისი სტანდარტული $185-იანი სავიზო მოსაკრებლის დამატებაა და მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით, კონკრეტულ საელჩოებსა და საკონსულოებში იქნება ხელმისაწვდომი.
დაჩქარებული გასაუბრების დროის დაჯავშნის შემდეგ აპლიკანტს გადასახადის გადახდისთვის მხოლოდ 5-10 წუთი ექნება. თუ ამ პერიოდში $750-იან თანხას არ გადაიხდის, დაჯავშნილი ადგილი ავტომატურად გაუქმდება და სხვა მსურველებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში აშშ-ის ვიზის გასაუბრების მოლოდინის პერიოდი 12 თვესაც კი აღემატება, რაც განსაკუთრებით პრობლემურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც გადაუდებელი ან მოკლევადიანი მოგზაურობის დაგეგმვა სურთ.
პროგრამა 1-ელი ივლისიდან 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მისი მეშვეობით სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად დაახლოებით 25,700 განაცხადის მიღებას და $19.3 მილიონი შემოსავლის გენერირებას ელოდება.
ინიციატივა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ტურისტული და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფონზე ხორციელდება. 2025 წლიდან ადმინისტრაციამ უცხოელი ვიზიტორებისთვის არაერთი ახალი მოთხოვნა დააწესა. მათ შორის იყო $250-იანი სავიზო მოსაკრებელი – Visa Integrity Fee, რომელიც 2026 წელს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ტურიზმის ინდუსტრიის კრიტიკის გამო ჯერ კიდევ არ დანერგილა.
გასულ წელს სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გამოაცხადა, რომ გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებს ვიზის ვადის გადაცილების თავიდან ასაცილებლად შესაძლოა $15,000-მდე ოდენობის ფინანსური გარანტიის წარდგენა დასჭირდეთ. მოგვიანებით ეს მოთხოვნა 50 ქვეყანაზე გავრცელდა.
გარდა ამისა, 2025 წლის სექტემბრიდან აშშ-მა ტურისტული ვიზის მსურველები დაავალდებულა, განაცხადი საკუთარ ქვეყანაში მდებარე ამერიკულ საელჩოში შეიტანონ და იქ მუდმივი საცხოვრებელი სტატუსიც დაადასტურონ, რამაც ვიზის მიღების პროცესი კიდევ უფრო გაართულა.










