ფოტო: Chip-Somodevilla/AP
2026 წლის ივნისი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგისთვის ისტორიული აღმოჩნდა. Forbes-ის შეფასებით, SpaceX-ის საფონდო ბირჟაზე გასვლის შემდეგ კომპანიის დამფუძნებლის, ილონ მასკის ქონება ერთ თვეში დაახლოებით $218 მილიარდით გაიზარდა და 1-ელი ივლისის მდგომარეობით $1.053 ტრილიონს მიაღწია. შედეგად, მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ $1 ტრილიონს გადააჭარბა.
SpaceX-ის წარმატებული IPO-ს ფონზე მასკის ფინანსური უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. ის ახლა მსოფლიოს მეორე უმდიდრეს ადამიანზე, Google-ის თანადამფუძნებელ ლარი პეიჯზე, სამ-ნახევარზე უფრო მდიდარია. პეიჯის ქონება ივნისში დაახლოებით $18 მილიარდით, $291 მილიარდამდე შემცირდა, რაც Alphabet-ის აქციების ფასის 6%-იანმა კლებამ გამოიწვია. ამავე პერიოდში Google-ის კიდევ ერთმა თანადამფუძნებელმა, სერგეი ბრინმა, დაახლოებით $16 მილიარდი დაკარგა და მისი ქონება $269 მილიარდამდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, ორივემ რეიტინგში საკუთარი პოზიციები შეინარჩუნა.
მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის ყველაზე დიდი დანაკარგი ივნისში Oracle-ის თანადამფუძნებელმა ლარი ელისონმა განიცადა. მაისში, Oracle-ის აქციების მკვეთრი გაძვირების შედეგად, მისი ქონება $71 მილიარდით გაიზარდა, თუმცა ივნისში კომპანიის აქციების ფასის 35%-იანი ვარდნის გამო ელისონმა დაახლოებით $84 მილიარდი დაკარგა. შედეგად, მისი ქონება $192 მილიარდამდე შემცირდა და რეიტინგში მეხუთე ადგილიდან მეშვიდეზე გადაინაცვლა.
მნიშვნელოვანი დანაკარგი ჰქონდა Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსსაც. კომპანიის აქციების ფასის 12%-იანი კლების ფონზე მისი ქონება დაახლოებით $28 მილიარდით, $249 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა მან მსოფლიოს მეოთხე უმდიდრესი ადამიანის სტატუსი შეინარჩუნა.
Meta-ს აქციების ფასის 11%-იანი ვარდნის შედეგად მარკ ცუკერბერგის ქონება დაახლოებით $24 მილიარდით შემცირდა და $194 მილიარდი შეადგინა. მიუხედავად ამისა, ელისონის დაქვეითების გამო ცუკერბერგმა ერთი პოზიციით წინ წაიწია და რეიტინგში მეექვსე ადგილი დაიკავა. ერთი საფეხურით დაწინაურდა მაიკლ დელიც, რომლის ქონება შედარებით მცირედ, დაახლოებით $9 მილიარდით შემცირდა და $235 მილიარდი შეადგინა.
თუ ილონ მასკს არ ჩავთვლით, უმდიდრესთა გასული თვის ათეულში ერთადერთი ადამიანი, რომლის ქონებაც ივნისში არ შემცირებულა, LVMH-ის ხელმძღვანელი ბერნარ არნო იყო. ფრანგის ქონება დაახლოებით $147.9 მილიარდის დონეზე დარჩა.
ამავე დროს, Berkshire Hathaway-ის აქციების ფასის 5%-იანი ზრდის შედეგად უორენ ბაფეტის ქონება დაახლოებით $8 მილიარდით გაიზარდა და $147.8 მილიარდს მიაღწია, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ იგი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ათეულში დაბრუნებულიყო. ათეული კი დატოვა Microsoft-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ბალმერმა, რომლის ქონება კომპანიის აქციების ფასის 17%-იანი ვარდნის ფონზე დაახლოებით $20 მილიარდით შემცირდა.
Forbes-ის მონაცემებით, 2026 წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ერთობლივი ქონება $2.951 ტრილიონს შეადგენს, რაც წინა თვესთან შედარებით $37 მილიარდით მეტია.
მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი, 2026 წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით
#1 ილონ მასკი
ქონება: $1.053 ტრილიონი (+$218 მლრდ)
წყარო: Tesla, SpaceX, xAI, X
ასაკი: 55
საცხოვრებელი ადგილი: ოსტინი, ტეხასი
მოქალაქეობა: აშშ

#2 ლარი პეიჯი
ქონება: $291 მლრდ (-$18 მლრდ)
წყარო: Google
ასაკი: 53
საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ
:max_bytes(150000):strip_icc():focal(734x359:736x361)/larry-page-232d495f39b4483fa35e46da226c5e9f.jpg)
#3 სერგეი ბრინი
ქონება: $269 მლრდ (-$16 მლრდ)
წყარო: Google
ასაკი: 52
საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

#4 ჯეფ ბეზოსი
ქონება: $249 მლრდ (-$28 მლრდ)
წყარო: Amazon
ასაკი: 62
საცხოვრებელი ადგილი: მაიამი, ფლორიდა
მოქალაქეობა: აშშ

#5 მაიკლ დელი
ქონება: $235 მლრდ (-$9 მლრდ)
წყარო: Dell Technologies
ასაკი: 61
საცხოვრებელი ადგილი: ოსტინი, ტეხასი
მოქალაქეობა: აშშ

#6 მარკ ცუკერბერგი
ქონება: $194 მლრდ (-$24 მლრდ)
წყარო: Meta (Facebook)
ასაკი: 42
საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

#7 ლარი ელისონი
ქონება: $192 მლრდ (-$84 მლრდ)
წყარო: Oracle
ასაკი: 81
საცხოვრებელი ადგილი: ვუდსაიდი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

#8 ჯენსენ ჰუანგი
ქონება: $173 მლრდ (-$9 მლრდ)
წყარო: Nvidia
ასაკი: 63
საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

#9 ბერნარ არნო
ქონება: $147.9 მლრდ (უცვლელი)
წყარო: LVMH
ასაკი: 77
საცხოვრებელი ადგილი: პარიზი
მოქალაქეობა: საფრანგეთი

#10 უორენ ბაფეტი
ქონება: $147.8 მლრდ (+$8 მლრდ)
წყარო: Berkshire Hathaway
ასაკი: 95
საცხოვრებელი ადგილი: ომაჰა, ნებრასკა
მოქალაქეობა: აშშ













