FT: OpenAI აშშ-ის მთავრობისთვის კომპანიის 5%-იანი წილის გადაცემას განიხილავს

FT: OpenAI აშშ-ის მთავრობისთვის კომპანიის 5%-იანი წილის გადაცემას განიხილავს

ფოტო: Getty Images

 

Financial Times-ი საკითხთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ OpenAI აშშ-ის მთავრობას კომპანიაში 5%-იანი წილის გადაცემის შესაძლებლობაზე ესაუბრება.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია წინასწარ, კონცეპტუალურ მოლაპარაკებებზე, რომელთა ფარგლებშიც OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმანი უშუალოდ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ვაჭრობის მდივან ჰოვარდ ლუტნიკთან და ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტთან დისკუსიას მართავს.

Financial Times-ის ცნობით, OpenAI-ის ინიციატივა მხოლოდ ამ კომპანიას არ ეხება. წინადადება ითვალისწინებს, რომ აშშ-ის მთავრობას საკუთარი კაპიტალის 5%-იანი წილი სხვა მსხვილმა ამერიკულმა AI-კომპანიებმაც გადასცენ. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დაეთანხმება თუ არა ამ იდეას რომელიმე სხვა კომპანია.

გამოცემის შეფასებით, მსგავსი ნაბიჯი OpenAI-სა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის ურთიერთობას გააძლიერებდა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც თეთრი სახლი ხელოვნური ინტელექტის მოწინავე მოდელების რეგულირებაზე მუშაობს.

როგორც Financial Times-ი წერს, OpenAI-ის წინადადება გარკვეულწილად ეფუძნება Alaska Permanent Fund-ის მოდელს. 1976 წელს შექმნილი სუვერენული ფონდი ალასკის ნავთობის შემოსავლებს მართავს, მიღებული მოგებიდან კი შტატის მოსახლეობას ყოველწლიურ დივიდენდს უხდის. 2026 წლის 31 მაისის მდგომარეობით ფონდის აქტივების ღირებულება დაახლოებით $91.2 მილიარდს შეადგენდა.

ჯერ უცნობია, რომელი კომპანიები შეიძლება ჩაერთონ მსგავს სქემაში. OpenAI-ის მთავარი კონკურენტები არიან Anthropic-ი, Google-ი და Meta, თუმცა გაურკვეველია, შეეხება თუ არა ინიციატივა AI-ბუმით სარგებლის მიმღებ ჩიპების მწარმოებლებსაც, მათ შორის Nvidia-ს, Micron-სა და AMD-ს.

OpenAI-მ მსგავსი იდეა პირველად მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნებულ დოკუმენტში წამოაყენა. კომპანიამ „საზოგადოებრივი კეთილდღეობის ფონდის“ (Public Wealth Fund) შექმნის ინიციატივა გააჟრერა, რომელიც ამერიკელებს AI-კომპანიებსა და შესაბამის ინფრასტრუქტურაში ავტომატურ ეკონომიკურ ინტერესს მიანიჭებდა, მაშინაც კი, თუ ისინი თავად არ იქნებოდნენ ინვესტორები. დოკუმენტი ასევე მოიცავდა ოთხდღიანი სამუშაო კვირის, კორპორაციული გადასახადების გაზრდისა და იმ კომპანიების დამატებით დაბეგვრის ინიციატივებს, რომლებიც ადამიანურ შრომას ხელოვნური ინტელექტით ანაცვლებენ.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს აშშ-ის მთავრობამ Intel-ის 10%-იანი წილი შეიძინა. მას შემდეგ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ჩიპების მწარმოებლებსა და AI-კომპანიებში სახელმწიფოს მონაწილეობის შესაძლებლობაზე არაერთხელ უსაუბრიათ.

გასულ თვეს ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ განიხილება სხვადასხვა კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ამერიკელი მოქალაქეები AI-კომპანიების პარტნიორები გახდებიან. მისივე თქმით, ეს „საინტერესო იდეაა“ და ადმინისტრაცია მის შესწავლას გეგმავს.

Financial Times-ის ინფორმაციით, სემ ალტმანი ამ საკითხზე ვერმონტის შტატის სენატორ ბერნი სანდერსსაც ესაუბრა. გამოცემის ცნობით, სანდერსი კიდევ უფრო ფართო მოდელს უჭერს მხარს, რომლის თანახმად, აშშ-ის მთავრობამ სუვერენული ფონდის მეშვეობით მსხვილ AI-კომპანიებში 50%-იანი წილი უნდა მოიპოვოს.

წაიკითხეთ ასევე: ტრამპის ახალი იდეა – როგორ შეიძლება ამერიკელებმა AI-კომპანიების მოგება გაიზიარონ?