საქართველოს ტოპ-10 სავაჭრო საქონელი 2026 წლის იანვარ-ივნისში

საქართველოს ტოპ-10 სავაჭრო საქონელი 2026 წლის იანვარ-ივნისში

ფოტო: Getty Images

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 12.9 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს 2025 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.8%-ით მეტია.

საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტმა 3.87 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო იმპორტი 9 მილიარდ აშშ დოლარს გადასცდა, რაც 0.7%-იან ზრდას გულისხმობს. 2026 წლის ექვს თვეში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5.17 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40%-ია.

2026 წლის I ნახევარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.3% შეადგინა. ექპორტისა და იმპორტის დაჯამების შემდეგ, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: პირველ ადგილზეა თურქეთი 1.65 მლრდ აშშ დოლარით, მეორე ადგილს იკავებს რუსეთი 1.52 მლრდ აშშ დოლარით და მესამე პოზიციაზეა ჩინეთი 1.49 მლრდ აშშ დოლარით.

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 938.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 24.2%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტებია 486.9 მლნ. აშშ დოლარით და მთლიან ექსპორტში 12.6%-იანი წილით, მესამე ადგილზეა კი ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 304.3 მლნ. აშშ დოლარით. ამ უკანასკნელის წილი მთლიან ექსპორტში 7.9%-ს უტოლდება.

წყარო: საქსტატი

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებიდან მსუბუქი ავტომობილები ლიდერობს 1.61 მლრდ. აშშ დოლარითა და მთელი იმპორტის 17.8%-იანი წილით. მეორე ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, რომლის იმპორტი 811.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა და მთლიანი იმპორტის 9% შეადგინა. მესამე პოზიციაზე სამკურნალო საშუალებები 364.3 მლნ. აშშ დოლარითა და 4%-იანი წილით.

წყარო: საქსტატი