ალექსანდრე მეფარიძე, ალექსანდრე ახალაძე და ზურა ახვლედიანი ეკონომიკურ ანალიზს კვლევითი ფუნქციიდან სტრატეგიულ ინფრასტრუქტურად გარდაქმნიან. ლიბერთის ტრანსფორმაციის პროცესში მაკროეკონომიკისა და კვლევების გუნდი გადაწყვეტილებების მიმართულებას მონაცემებით განსაზღვრავს.
რა იყო ის გარდამტეხი ფაქტორი, რამაც ეკონომიკური ანალიზი ლიბერთის ტრანსფორმაციის სტრატეგიის ცენტრალურ ელემენტად აქცია?
ალექსანდრე მეფარიძე: ლიბერთი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გარდაიქმნა — ერთ სეგმენტზე ორიენტირებული ბანკიდან სრულფასოვან ფინანსურ ეკოსისტემად. სასესხო პორტფელში მნიშვნელოვნად გაიზარდა ბიზნესებზე გაცემული სესხების წილი, შესაბამისად, ბანკში გაიზარდა ახალი მიმართულებები, გაჩნდა განსხვავებული შესაძლებლობები და რისკებიც. ეს ფაქტორები კი საჭიროებდა კომპლექსურ ანალიზს და სხვადასხვა სექტორებზე მუდმივ დაკვირვებას.
სწორედ ამ საჭიროებებზე საპასუხოდ დავიწყეთ მაკროეკონომიკური პუბლიკაციების მომზადება. თავდაპირველად, შევქმენით დოკუმენტი, რომელიც ორიენტირებული იყო ბანკისთვის მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური ცვლადების აღწერასა და ბანკზე მათი მოსალოდნელი ეფექტების დაიდენტიფიცირებაზე. ეტაპობრივად დავიწყეთ სექტორული კვლევების მომზადებაც და უფრო აქტიურად ჩავერთეთ ბანკის ყოველდღიურობაში, რის შედეგადაც მაკროეკონომიკური ანალიზი და სექტორული კვლევები გახდა ბანკის ახალი კომპასი — ინსტრუმენტი, რომელიც დინამიკურ გარემოში მიმართულებას განსაზღვრავს.
რა არის თქვენი გუნდის მთავარი უპირატესობა და როგორ ქმნის ის რეალურ ღირებულებას ლიბერთისთვის?
ალექსანდრე მეფარიძე: გუნდის მიზანი ერთი წინადადებით ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: ანალიტიკა, რომელიც ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში აისახება. ჩვენთვის აუცილებელია კვლევები ბანკის რეალურ საჭიროებებს ეყრდნობოდეს. ანალიტიკა არა მხოლოდ აღწერს არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, არამედ აიდენტიფიცირებს კონკრეტულ რისკებსა და შესაძლებლობებს და ისეთ რეკომენდაციებს შეიმუშავებს, რომლებიც ბანკის სტრატეგიული თუ ოპერაციული გადაწყვეტილებების საფუძველი გახდება.
გუნდის უპირატესობა ბანკის ყოველდღიურობაში მისი ღრმა ინტეგრაციაა. სხვადასხვა მიმართულებასთან ყოველდღიური თანამშრომლობა გვაძლევს რეალურ პრიორიტეტებზე წვდომას. ვიცით, სად არის გამოწვევა, სად არის შესაძლებლობა და სად სჭირდება ბიზნესს მეტი დეტალი ეკონომიკურ კონტექსტზე. შედეგად, ჩვენი ანალიტიკა არა აბსტრაქტულ თეორიაზე, არამედ ბანკის საჭიროებებსა და რეალურ ბიზნესგარემოზეა დაფუძნებული.
გუნდის წევრების უმეტესობამ გზა ლიბერთიში სტაჟირებიდან დაიწყო. ეს ჩვენი ერთ–ერთი ყველაზე ღირებული ტრადიციაა — ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა და მათი ჩამოყალიბება ძლიერ პროფესიონალებად. დღეს მაკროეკონომიკის გუნდში 4 თანამშრომელია, რომელთაგან სამმა მუშაობა სწორედ სტაჟირების ეტაპიდან დაიწყო. გუნდი აერთიანებს მოტივირებულ და ამბიციურ პროფესიონალებს, რომლებიც მუდმივად განვითარებასა და შედეგზე არიან ორიენტირებულნი.
მუშაობის პროცესში ინოვაციური და თანამედროვე ანალიტიკური ხელსაწყოების, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ვცდილობთ, კვლევებითა და პროგნოზებით ინდუსტრიის სტანდარტებთან შესაბამისობაში ვიყოთ. ტექნოლოგიური პროგრესი გვეხმარება კომპლექსური მოდელების მართვაში, აჩქარებს გადაწყვეტილების მიღებას და საშუალებას გვაძლევს, ხმა უფრო ფართო აუდიტორიას მივაწვდინოთ. ეს ყველაფერი კი გვეხმარება, ვიყოთ უფრო ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში.
გუნდის შექმნის პროცესი როგორი იყო?
ალექსანდრე ახალაძე: ბანკში ეკონომიკური მიმართულება დაახლოებით სამი წლის წინ ჩამოყალიბდა, სადაც ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციიდან ეკონომისტის პოზიციაზე გადავედი. გუნდის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე დავინახეთ დიდი შესაძლებლობა და მოთხოვნა ამ მიმართულების ზრდის, რამაც დიდი მოტივაცია მოგვცა შეგვექმნა ახალი პროდუქტები და კვლევები, რომლებიც ბანკის საჭიროებებზე იქნებოდა მორგებული და დაგვეხმარებოდა გადაწყვეტილებების მიღებაში.
მახსოვს, როგორ დავიწყეთ პირველი სექტორული ანალიტიკა და კვლევა, რომლის საშუალებითაც შევძელით, მიგვეღო მყარი გადაწყვეტილება, გაგვეგრძელებინა თუ არა სექტორში აქტიური ზრდის და დაკრედიტების ტემპი. ეს გახდა შემდეგი ეტაპის საფუძველი. დავიწყეთ სხვადასხვა სექტორის პროგნოზირების მოდელების შედგენა და ბანკის სტრატეგიულ პროცესებში უფრო აქტიური ჩართულობა. ყოველი ახალი პროდუქტი წინა გამოცდილებაზე აგებული და ბანკის რეალური საჭიროებებით იყო ნაკარნახევი.
ვამაყობ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ და მის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიმიძღვის. ამ მიმართულების საშუალებით შევძელით, სტრატეგიულად მიგვემართა კაპიტალი სხვადასხვა სექტორში, რაც პირდაპირ აისახა ბანკის მომგებიანობის ზრდასა და რისკების მართვაზე.
დღეს რა როლი აქვს მაკროეკონომიკის გუნდს ლიბერთის ყოველდღიურ სამუშაო პროცესში?
ალექსანდრე ახალაძე: ბოლო სამი წლის განმავლობაში გუნდის საქმიანობა საგრძნობლად ტრანსფორმირდა. ჩვენი როლი ეტაპობრივად გაიზარდა და დღეს უკვე მრავალფეროვან ანალიტიკურ ეკოსისტემას ვმართავთ. ვცდილობთ, შევქმნათ ღირებულება ბანკის თითოეული რგოლისთვის, რაშიც ყოველდღიური ნიუსლეთერები, სექტორული კვლევები, მაკრო დეშბორდები და საბიუჯეტო მოდელები გვეხმარება.
დროთა განმავლობაში ჩვენი კვლევა ბანკის სტრატეგიული პროცესების განუყოფელი ნაწილი გახდა. ისეთი პროცესები, როგორიცაა ბიუჯეტის შედგენა, ახალი მიმართულებების შეფასება, სტრატეგიული გადაწყვეტილებები, ახლა ჩვენს ეკონომიკურ პროგნოზებსა და სექტორულ კვლევებს ეყრდნობა. ეს კი ნიშნავს, რომ ბანკის გადაწყვეტილებები არ ეფუძნება მხოლოდ ინტუიციას ან ისტორიულ გამოცდილებას და მათ უკან დგას მონაცემები, კონტექსტი და გააზრებული პროგნოზი. სწორედ ეს არის ის ღირებულება, რომლის შექმნასაც თავიდანვე ვისახავდით მიზნად.
როგორ აქციეთ ეკონომიკური ანალიტიკა ბანკის კულტურისა და ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომ ინსტრუმენტად?
ალექსანდრე ახალაძე: გუნდის ერთ–ერთი მიზანი იყო, ჩვენი საქმიანობა ბანკის კულტურის და ყოველდღიურობის მნიშვნელოვან ნაწილად გვექცია. გვინდოდა, ეკონომიკური ხედვა ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. პროცესი ყოველთვიური მაკროეკონომიკური პუბლიკაციების გაცნობით დავიწყეთ და დღეს უკვე ყოველი სამუშაო დილა იწყება მაკროეკონომიკური სიახლეების მიმოხილვით, რომელიც ლიბერთის 5,000 თანამშრომელს ეგზავნება, რაც მათ საშუალებას აძლევს, გადაწყვეტილებები ერთიანი ეკონომიკური კონტექსტის საფუძველზე მიიღონ.
შედეგად, ჩვენი ანალიტიკა თეორიული მასალიდან რეალურ და ყოველდღიურ სამუშაო ინსტრუმენტად გადაიქცა, რაც მთელ ბანკს ეხმარება მუდმივად თვალყური ადევნოს ეკონომიკაში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს. შემდეგი ეტაპი კი იყო კვლევები და პუბლიკაციები ფართო აუდიტორიისთვის, ბიზნესებისთვის, ინვესტორებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის გაგვეზიარებინა, რაც მათ დაეხმარებოდა ეკონომიკური მდგომარეობის და მოლოდინების გამჭვირვალედ დანახვაში და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში.
გარე კომუნიკაციის პირველი ნაბიჯები მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებზე სტატიების მომზადებით დავიწყეთ, რომლებსაც აქტიურად ვაზიარებდით LinkedIn-ზე. პარალელურად, ყოველთვიური სიღრმისეული კვლევები ლიბერთის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ.
რატომ არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ტრენდების ანალიზი ბიზნესებისათვის?
ზურა ახვლედიანი: ეკონომიკური ანალიზი ბიზნესისთვის წარმოადგენს არა უბრალოდ ინფორმაციულ ინსტრუმენტს, არამედ სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. კომპანიები ოპერირებენ გარემოში, სადაც მაკროეკონომიკური ცვლადები — ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, საპროცენტო განაკვეთები და ვალუტის დინამიკა — პირდაპირ განსაზღვრავს როგორც მოთხოვნის სტრუქტურას, ისე დაფინანსების პირობებს.
ეს ბიზნესს, უპირველეს ყოვლისა, აძლევს შესაძლებლობას, ცვლილება წინასწარ დაინახოს და არა მას შემდეგ, რაც ის უკვე მოხდა. ეკონომიკური გარემო მუდმივად იცვლება. საპროცენტო განაკვეთები, სავალუტო კურსი, მოხმარების ტენდენციები, სექტორული დინამიკა პირდაპირ ეხება ბიზნესის გადაწყვეტილებებს. ვინც ამ სიგნალებს ადრე კითხულობს, მათი სტრატეგიაც ადრე ადაპტირდება და რესურსებსაც უფრო გონივრულად ანაწილებს.
სისტემური ეკონომიკური ანალიზი კონკურენტული უპირატესობის ყველაზე პრაქტიკული ფორმაა, ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, წინასწარ შეაფასოს ცვლილებები, ადაპტირდეს ბაზრის დინამიკურ ცვლილებებთან, დაგეგმოს გრძელვადიანი სტრატეგია და ოპტიმალურად გადაანაწილოს რესურსები.
რას გვეტყვით საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე დინამიკაზე? რა ფაქტორები განსაზღვრავს მისი ზრდის მდგრადობასა და რისკებს?
ზურა ახვლედიანი: 2021 წლიდან საქართველოს ეკონომიკა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპით ხასიათდება და საშუალოდ 9.2%-ით იზრდება, რაც როგორც შიდა მოთხოვნის აღდგენას, ისე საგარეო შემოსავლების მკვეთრ ზრდას ასახავს.
2025 წელს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, 2026 წლის პირველ სამ თვეში მაღალი აქტივობის ტენდენცია შენარჩუნებულია, იანვარ–მარტში ეკონომიკა 9.1%-ით გაიზარდა. ჩვენი შეფასებით, მიუხედავად გლობალური გაურკვევლობებისა, მათ შორის, ამერიკა–ირანის კონფლიქტთან დაკავშირებული რისკებისა, საქართველოს ეკონომიკა შეინარჩუნებს მდგრადობას და 2026 წელს 7%-ით გაიზრდება.
ჩვენი ეკონომიკა მჭიდროდ არის ინტეგრირებული გარე პროცესებთან. ქვეყნის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფნის სტრატეგიული ლოგისტიკური ფუნქცია, პირდაპირ აისახება მაკროეკონომიკურ მდგრადობაზე. ირანსა და აშშ–ს შორის დაძაბულობამ გლობალური ინფლაციური რისკები და ცენტრალური ბანკების მხრიდან მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მოლოდინები გააჩინა.
ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასების შენარჩუნების შემთხვევაში, წლის ბოლომდე ევროპის ცენტრალური ბანკისაგან განაკვეთების 0.5 პროცენტული პუნქტით ზრდაა მოსალოდნელი, ხოლო აშშ–ის ფედერალური რეზერვისაგან არსებული მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნება. მათი გადაწყვეტილებები პირდაპირ გავლენას ახდენს ვალუტის კურსებსა და საგარეო საპროცენტო განაკვეთებზე. შესაბამისად, ბიზნესებისთვის კრიტიკულად აუცილებელია გლობალური მოვლენების მუდმივი მონიტორინგი.
როგორ ხედავთ ეკონომიკური ანალიზის როლის ზრდას საბანკო სექტორში? რა გეგმები აქვს ლიბერთის ამ მიმართულებით?
ალექსანდრე მეფარიძე: ჩვენი გუნდის ერთ–ერთი პრიორიტეტი ეკონომეტრიკული მოდელების მუდმივი დახვეწა და მათი რეალურ საჭიროებებზე მორგებაა. ამ პროცესში გადამწყვეტ როლს ხელოვნური ინტელექტის გაღრმავებული ინტეგრაცია ასრულებს. ის გვაძლევს საშუალებას, მოვახდინოთ რუტინული პროცესების ავტომატიზაცია, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს დროს. ამის წყალობით, პროგნოზები ხდება უფრო ზუსტი და ვალიდური, ხოლო ბაზრის ცვლილებებზე რეაგირება მყისიერი.
გარდა შიდა პროცესებისა, სამომავლო ხედვაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კლიენტებისათვის მეტი საჭირო პროდუქტის შექმნას. ვაპირებთ ბიზნესაუდიტორიისთვის უფრო მრავალფეროვანი და სპეციალიზებული პროდუქტების შეთავაზებას. ასევე ვგეგმავთ სექტორული კვლევების პრეზენტაციების გამართვას, რათა ცოდნა და ანალიტიკური მიგნებები ფართო საზოგადოებას გავუზიაროთ.
მიგვაჩნია, რომ საჯაროობა და ხარისხიანი ეკონომიკური ანალიზი ბიზნესგარემოს განვითარების საწინდარია. გვინდა, ბიზნესს მივაწოდოთ ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც მათ სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებასა და რისკების სწორად შეფასებაში დაეხმარება.
მიმდინარე წლის აპრილიდან ლიბერთი მსხვილი საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი გახდა. ეს ბანკის ისტორიაში ახალი თავია, რაც ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს გულისხმობს. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ანალიტიკა და მიგნებები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება სამომავლოდ ბანკის სტრატეგიის ფორმირებასა და განვითარებისათვის.
S












