მსოფლიო მოდა ქართველი ფოტოგრაფის ობიექტივში

მსოფლიო მოდა ქართველი ფოტოგრაფის ობიექტივში
ქართველი ფოტოგრაფის, იკა პირველის ნამუშევრები წლებია, ადგილობრივ ბაზარს გასცდა და საერთაშორისო მოდის ინდუსტრიის ყურადღება მიიპყრო. მის კადრებს ისეთი გამოცემების ყდებზე შეხვდებით, როგორებიც L’Officiel-ი, Vanguard-ი, 6Xmagazine-ი და Elléments-ია. 20-წლიანი გამოცდილებით, იკა პირველი მოდის ფოტოგრაფიის თანამედროვე ტენდენციებზე საუბრობს და საკუთარ პროფესიულ მიდგომას გვიზიარებს, რომელიც კომერციულ მიზნებსა და ინდივიდუალურ ხედვას შორის ბალანსს ეფუძნება.

 

იკა, ამ ინდუსტრიაში დაახლოებით 20 წელია, რაც მუშაობთ. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ალბათ ბევრი რამ შეიცვალა. როგორია ამჟამინდელი ტრენდები მოდის ფოტოგრაფიაში?

რაც შემიძლია თამამად ვთქვა არის ის, რომ ავთენტურობა ბრუნდება. ხალხი დაიღალა ზედმეტად გაპრიალებული, „პლასტმასის” სრულყოფილებით. ახლა ფასდება ნაოჭები, კანის ბუნებრივი ტექსტურა, ემოცია და მრავალფეროვნება.

დღეს მოდის ფოტოგრაფების მთავარი საქმიანობა მხოლოდ ტანსაცმლის დემონსტრირება აღარ არის, ჩვენ ფოტოების მეშვეობით ამბის თხრობა უნდა შევძლოთ. კადრში უნდა იგრძნობოდეს სუნთქვა, შიში, თავისუფლება ან ტკივილი. თუმცა, ცხადია, ვიზუალური სისუფთავე, სინათლის ზუსტი შეგრძნება, ძლიერი კომპოზიცია და ემოციური სიღრმე არის ფოტოგრაფიის საფუძველი, რომელსაც დრო ვერ ცვლის.

რა მოთხოვნები აქვს ბრენდებს თანამედროვე ფოტოგრაფებთან? როგორი ტიპის კონტენტი სურთ სოციალური ქსელებისთვის და ჟურნალებისთვის?

დღეს ბრენდებისთვის მთავარი მოთხოვნა არის ვიზუალური იდენტობის ქონა. ისინი ეძებენ ფოტოგრაფს, რომელსაც შეუძლია გაიგოს ბრენდის ფილოსოფია და ეს უკანასკნელი ორი განსხვავებული მედიუმის ენაზე თარგმნოს. სოციალური ქსელებისთვის მათ სჭირდებათ მომენტალური კონტენტი: ნაკლებად დადგმული, უფრო დინამიკური, ვერტიკალური კადრები, რომლებიც მაყურებელს პირველ წამსვე იჭერს და ქმნის განცდას, თითქოს ბრენდი ცხოვრობს აქ და ახლა. აქ მნიშვნელოვანია სისწრაფე და ბუნებრიობა.

ჟურნალებისთვის კი მოთხოვნა საპირისპიროა – მათ სურთ ხანგრძლივი, გააზრებული პროცესის შედეგი. აქ ფასდება კონცეპტუალური სიღრმე, იდეალური კომპოზიცია და ისეთი ვიზუალი, რომელიც დროს უძლებს და ხელოვნების ნიმუშად იქცევა. ჩემი გამოცდილებით, ყველაზე წარმატებული პროფესიონალები არიან ისინი, ვინც ერთი და იმავე პროექტის ფარგლებში ახერხებენ ამ ორი სამყაროს შერიგებას და ქმნიან როგორც ღრმა, მხატვრულ ისტორიას პრესისთვის, ისე პროდუქტს, რომლებიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდება.

რა გავლენა ახდენს AI თქვენს საქმეზე? რამდენად ეხმარება ის კრეატიულ პროცესს და უქმნის თუ არა საფრთხეს ავთენტურობას?

AI უდავოდ არის რევოლუციური ინსტრუმენტი. ის შესანიშნავად გვეხმარება პრე-პროდაქშენის ეტაპზე: იდეების ვიზუალიზაციაში, მუდბორდების შექმნასა და ტექნიკური რუტინის შემცირებაში. ეს გვითავისუფლებს დროს, რათა მეტი ყურადღება მივაქციოთ კრეატიულ კონცეფციას და მოდელთან ურთიერთობას.

თუმცა, მეორე მხრივ, მართალია AI-ს შეუძლია შექმნას იდეალური სურათი, მაგრამ მას არ აქვს სული. თუ ინდუსტრია მხოლოდ ალგორითმებზე გადავა, ჩვენ დავკარგავთ იმ უნიკალურ სპონტანურობას, რაც ხელოვნებას ადამიანურს ხდის.

როგორ ხედავთ მოდის ფოტოგრაფიის მომავალს ასეთ პირობებში?

ერთ-ერთი ბრენდის კამპანიის ფარგლებში მოდელების, მათ შორის მატილდა გვარლიანის, AI-ტყუპისცალი გამოჩნდა. მსგავსი მაგალითი გვიჩვენებს, თუ რამდენად რეალისტური შეიძლება იყოს ციფრული ასლები. ეს საინტერესო, მაგრამ საშიში ტენდენციაა.

თუმცა მე არ მჯერა, რომ რეალური ფოტოგრაფია გაქრება. პირიქით, ის, რაც ხელით შექმნილი და რეალურია, ფუფუნება გახდება. რაც უფრო მეტად გაივსება ინტერნეტი AI-სურათებით, მით უფრო მეტად გაიზრდება იმ კონტენტის ფასი, სადაც რეალურ ადამიანს, ემოციასა და ისტორიას ნახავ. მომავალი ეკუთვნის იმ ფოტოგრაფებს, რომლებიც შეძლებენ დაამტკიცონ, რომ მათი ნამუშევარი არის არა მხოლოდ ვიზუალი, არამედ ადამიანური კონტაქტის შედეგი. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ ფოტოგრაფიის მიზანი აღარ იქნება მხოლოდ სილამაზის შექმნა, რაც AI-საც შეუძლია, არამედ რეალობის დაფიქსირება ისე, როგორც ის არის – თავისი არასრულყოფილებით.

ამასთან ერთად, დღეს ვიზუალური კონტენტი ძალიან სწრაფად ვრცელდება და კონკურენციაც დიდია, ამიტომ ფოტოგრაფისთვის პირადი ბრენდინგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. როდესაც ფოტოგრაფს აქვს მკაფიო სტილი და ხედვა, დროთა განმავლობაში სწორედ ეს ხდება მისი ყველაზე ძლიერი იდენტობა.