ფოტო: Carlos Giusti/AP
ესპანელმა მომღერალმა ხულიო იგლესიასმა ქვეყნის ვიცე-პრემიერს, იოლანდა დიასს, ესპანეთის უზენაეს სასამართლოში უჩივლა. იგლესიასი ამტკიცებს, რომ დიასმა მომღერლის ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაარღვია. ვიცე-პრემიერმა განცხადებები, რომელთა გამოც იგლესიასი მას უჩივის, მას შემდეგ გააკეთა, რაც წლის დასაწყისში მომღერლის სახლში მომუშავე ორმა ქალმა ის სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.
იგლესიასი სასამართლოსგან მოითხოვს, იოლანდა დიასს 50,000 ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისროს. გარდა ამისა, ის ითხოვს, რომ ვიცე-პრემიერმა საკუთარი განცხადებები საჯაროდ უარყოს.
სარჩელის მიხედვით, დიასმა სოციალურ პლატფორმა Bluesky-ზე და ესპანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის RTVE-ის გადაცემაში „La Hora de la 1“ განაცხადა, რომ მომღერლის სახლში ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას, მასთან დასაქმებულები „მონობის მსგავს პირობებში“ მუშაობდნენ და მათი ფუნდამენტური უფლებები სისტემატურად ირღვეოდა. იგლესიასის იურისტების შეფასებით, ეს განცხადებები მისი რეპუტაციის შელახვას წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ იოლანდა დიასმა უარი თქვა მორიგების პროცესში მონაწილეობაზე და განაცხადა, რომ მის განცხადებებს მომღერლის რეპუტაციისთვის ზიანი არ მიუყენებია, რის შემდეგაც იგლესიასმა საქმე უზენაეს სასამართლოში გადაიტანა.
გარდა ამისა, მომღერალმა მადრიდის სასამართლოში გამოცემა Diario.es-ის რამდენიმე ჟურნალისტის წინააღმდეგეგაც შეიტანა სარჩელი. გამოცემა პირველი იყო, რომელმაც მისი ყოფილი დასაქმებულების ბრალდებები გაასაჯაროვა. იგლესიასი ჟურნალისტებს ცილისწამებას, შეურაცხყოფასა და ღირსების შელახვას ედავება.
მომღერლის დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ Diario.es-ის მთავარი რედაქტორის, იგნასიო ესკოლარისა და გამოცემის ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია „ცრუ და დისკრედიტაციისკენ მიმართული“ იყო.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის დასაწყისში ორმა ქალმა, რომლებიც ხულიო იგლესიასის დომინიკის რესპუბლიკაში, პუნტა-კანასა და ბაჰამის კუნძულებზე, ლაიფორდ-ქეიში მდებარე რეზიდენციებში მუშაობდნენ, განაცხადა, რომ მომღერალმა მათზე სექსუალურად იძალადა.
სამწლიანი ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, რომელიც Diario.es-მა Univisión-თან თანამშრომლობით ჩაატარა, მოპოვებული ჩვენებებისა და დოკუმენტების საფუძველზე ირკვევა, რომ ერთ-ერთი დასაქმებული იძულებული იყო, მომღერალთან სექსუალური ურთიერთობა დაემყარებინა. მისი თქმით, ასეთი შემთხვევის დროს იგლესიასმა მას სახეში გაარტყა და სექსუალური კავშირი თანხმობის გარეშე დაამყარა.
ბრალდებების გასაჯაროების შემდეგ ჟურნალისტმა პალომა გარსია-პელაიომ, რომელიც ხულიო იგლესიასთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა, განაცხადა, რომ მომღერალი მომხდარით ღრმად შეშფოთებულია და ფიქრობს, რომ მისი საერთაშორისო რეპუტაცია სრულად განადგურდა.
მიუხედავად ამისა, ესპანეთის ეროვნული სასამართლოს პროკურატურამ საქმე დახურა. უწყების განმარტებით, სასამართლოს აღნიშნული საქმის განხილვის იურისდიქცია არ გააჩნდა, რადგან სავარაუდო დანაშაულები კარიბის ზღვის რეგიონში მდებარე კერძო რეზიდენციებში მოხდა.













