ფოტო: Reuters
Nvidia OpenAI-ის მიერ ოჰაიოში მონაცემთა ცენტრის 20-წლიანი იჯარით აღებისთვის $105 მილიარდამდე გარანტიას გასცემს. ობიექტს SoftBank-ის მფლობელობაში არსებული SB Energy ავითარებს და გარიგება Nvidia-ს ინფრასტრუქტურის დაფინანსების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ვალდებულება იქნება.
Nvidia-მ ორშაბათს ასევე განაცხადა, რომ SB Energy-ში $1.5 მილიარდს ჩადებს. შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ OpenAI-მ და SoftBank-მა მონაცემთა ცენტრების ინფრასტრუქტურის გაფართოებისთვის SB Energy-ში $1 მილიარდის ინვესტიცია განახორციელეს.
გარიგება Nvidia-ს სტრატეგიის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ჩიპების მწარმოებელი იმ ინფრასტრუქტურის დაფინანსებაში მონაწილეობს, სადაც მისი ჩიპები გამოიყენება. ასეთი მიდგომა Nvidia-ს პროდუქტებზე მოთხოვნას ზრდის, თუმცა პარალელურად კითხვებს აჩენს ე.წ. ცირკულარული დაფინანსების შესახებ. ეს არის შემთხვევა, როდესაც ტექნოლოგიური კომპანიები და მათი მომხმარებლები ერთმანეთთან დაკავშირებული ინვესტიციებითა და დაფინანსებით AI-ინფრასტრუქტურის გაფართოებას უწყობენ ხელს.
ამ საკითხზე ყურადღება განსაკუთრებით მას შემდეგ გამახვილდა, რაც Nvidia-მ გასულ კვირას BlackRock-ის ჩათვლით ექვს მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობა გამოაცხადა და AI-ინფრასტრუქტურისთვის $500 მილიარდზე მეტის მესამე მხარის დაფინანსების მოზიდვაზე ორიენტირებული პლატფორმები შექმნა.
Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა განაცხადა, რომ ახალი გარიგება ცირკულარულ დაფინანსებას არ წარმოადგენს და კომპანია საკუთარი მასშტაბისა და გრძელვადიანი პროგნოზირების შესაძლებლობას ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად იყენებს.
ოჰაიოს პაიკის ოლქში მდებარე მონაცემთა ცენტრის ექსკლუზიური ჩიპების მიმწოდებელი Nvidia იქნება. ობიექტის საერთო სიმძლავრემ შესაძლოა 8 გიგავატს მიაღწიოს, ხოლო პირველი 800 მეგავატის ამოქმედება 2028 წლისთვის არის დაგეგმილი.
ამ ეტაპზე დაფინანსების საბოლოო სტრუქტურა განსაზღვრული არ არის. საკითხის შესახებ ინფორმირებულმა პირებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ გარიგება კაპიტალის კომპონენტსაც მოიცავს. კაპიტალის ნაწილი შესაძლოა SB Energy-ის პოტენციური IPO-დან მოზიდული თანხებითა და SoftBank-ის პირდაპირი ინვესტიციით დაფინანსდეს.
კაპიტალის სრული მოცულობის განსაზღვრის შემდეგ, დაფინანსების მეორე ნაწილი, სავარაუდოდ, ვალის სახით იქნება მოზიდული. მათ შორის განიხილება პროექტის დასაფინანსებელი სესხები და, შესაძლოა, საჯარო ვალის ინსტრუმენტები, მაგალითად ობლიგაციები.














