აშშ-ში Meta-ს ბავშვთა უსაფრთხოების საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო – რა ვიცით დავაზე?

აშშ-ში Meta-ს ბავშვთა უსაფრთხოების საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო – რა ვიცით დავაზე?

ფოტო: AP /Ryan Sun

 

აშშ-ში Meta-ს წინააღმდეგ ბავშვთა უსაფრთხოების საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო. ტექნოლოგიურ გიგანტს, რომელიც Facebook-სა და Instagram-ს ფლობს, აშშ-ის 29 შტატი ადანაშაულებს პლატფორმების განზრახ ისე შექმნაში, რომ ბავშვებსა და მოზარდებს სოციალური ქსელების ხანგრძლივად გამოყენებისკენ უბიძგოს.

საქმის განხილვა კალიფორნიის ოლქის ფედერალურ სასამართლოში დაიწყო. პროცესს კალიფორნიის, კოლორადოს, კენტუკისა და ნიუ-ჯერსის გენერალური პროკურორები ხელმძღვანელობენ.

კენტუკის გენერალურმა პროკურორმა რასელ კოულმენმა სარჩელს „ამერიკის ისტორიაში მომხმარებელთა დაცვის ყველაზე დიდი საქმე“ უწოდა. შტატების წარმომადგენლების მტკიცებით, Meta-მ იცოდა მისი პროდუქტების შესაძლო ზიანის შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია დამალა, რადგან კომპანიისთვის ზრდის შენარჩუნება უფრო მოგებიანი იყო.

შტატების გენერალური პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ Meta-მ ისეთი ფუნქციები დანერგა, რომლებიც ახალგაზრდა მომხმარებლების ფსიქოლოგიურ მოწყვლადობას იყენებდა და მათ პლატფორმებზე დაბრუნებას ახალისებდა. მათ შორის დასახელდა „ლაიქების“ რაოდენობის ჩვენება, ფოტოს ფილტრები, პერსონალიზებული ალგორითმები, ავტომატური ჩართვა, უსასრულო სქროლვა და „სთორის“ ფორმატი, რომლებიც 24 საათის შემდეგ ქრება და მომხმარებლებში „რაღაცის გამოტოვება-გამორჩენის შიშს“ აძლიერებს.

საქმის შედეგს Meta-სთვის მნიშვნელოვანი ფინანსური და ბიზნესშედეგები შეიძლება მოჰყვეს. შტატები დაახლოებით $200 მილიარდის ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ, თუმცა Meta-ს სასამართლო დოკუმენტებში ნათქვამია, რომ მოთხოვნილი თანხა შესაძლოა $1.4 ტრილიონამდე გაიზარდოს. თუმცა იურიდიული სფეროს ექსპერტებმა ამ მასშტაბის კომპენსაციის დაკისრება ნაკლებად სავარაუდოდ შეაფასეს.

Cornell Law School-ის პროფესორ ჯეიმს გრიმელმანის განცხადებით, ასეთი ოდენობის ჯარიმა კომპანიის გაკოტრებას და მის ფაქტობრივად შტატების საკუთრებაში გადასვლას გამოიწვევდა.

პროცესზე სავარაუდოდ Meta-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგიც გამოიკითხება. სასამართლოში წარდგენილი მოწმეების სიაში მისი ჩვენების თემებად კომპანიისთვის პლატფორმების შესაძლო ზიანის შესახებ ინფორმაციის ცოდნა, ბავშვებზე გავლენა და უსაფრთხოებაზე ზრდის პრიორიტეტის მინიჭებაა მითითებული. მოწმეებს შორის ასევე არიან Instagram-ის ხელმძღვანელი ადამ მოსერი, Meta-ს ფინანსური დირექტორი სიუზან ლი და კომპანიის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც კვლევის, უსაფრთხოების, პროდუქტის დიზაინისა და მარკეტინგის მიმართულებებზე მუშაობდნენ.

წაიკითხეთ ასევე: სოციალური მედიის გავლენა ბავშვებზე: რა ვიცით ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ სასამართლო დავებზე?

პროცესი ექვსიდან რვა კვირამდე გაგრძელდებოდა. რვა ნაფიცი მსაჯული რეკომენდაციას მოსამართლე ივონ გონსალეს როჯერსს წარუდგენს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებასა და შესაძლო ზიანის ოდენობას განსაზღვრავს. როჯერსს მანამდე რამდენიმე მსხვილი ტექნოლოგიური საქმის განხილვაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის, 2026 წელს ილონ მასკისა და სემ ალტმანის სასამართლო დავაში.

Meta ბრალდებებს არ ეთანხმება. კომპანიის განცხადებით, ბავშვთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სარჩელები კომპანიის საქმიანობასა და იმ სამუშაოს არასწორად წარმოაჩენს, რომელსაც ის ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო ონლაინგამოცდილების შესაქმნელად ახორციელებს. Meta-მ ასევე მიუთითა Instagram-ის, Facebook-ისა და Messenger-ის Teen Accounts-ზე, რომლებიც მოზარდებისთვის უსაფრთხოების დამატებით ფუნქციებსა და შეზღუდვებს მოიცავს.

კომპანიამ შტატების გენერალური პროკურორების მოთხოვნებს „არაპროპორციული“ უწოდა და განაცხადა, რომ მათ ვერ წარმოადგინეს მტკიცებულება იმისა, რომ შტატებში კონკრეტული მომხმარებლები Meta-ს პროდუქტების გამო შეცდომაში შეიყვანეს. კომპანიის პოზიციით, სარჩელი ასევე ცდილობს Meta-ს დააკისროს პასუხისმგებლობა ისეთ ინდუსტრიულ პრობლემებზე, როგორიც ასაკის დადასტურებაა.

Meta-სთვის ეს ბავშვთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პირველი საქმე არ არის. მარტში კომპანიასა და YouTube-ს სასამართლომ მომხმარებლის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სოციალური ქსელების გავლენის საქმეზე პასუხისმგებლობა დააკისრა. Meta-ს $4.2 მილიონის, YouTube-ს კი $1.8 მილიონის კომპენსაცია მოსთხოვეს.

გარდა ამისა, აგვისტოში ნიუ-მექსიკოს მოსამართლემ Meta-ს $567 მილიონის გადახდა დააკისრა ბავშვთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დარღვევების გამო, რაც მანამდე დაკისრებულ $375-მილიონიან ჯარიმას დაემატა. სასამართლოს გადაწყვეტილებით Meta-ს აპლიკაციებს ასევე აეკრძალა ახალგაზრდა მომხმარებლებისთვის „ბიძგის მიმცემი“ შეტყობინებების გაგზავნა 22:00-დან 07:00 საათამდე და კომპანიას ბავშვების მიერ პლატფორმების გამოყენების დროის შეზღუდვა დაევალა.

წაიკითხეთ ასევე: ბავშვთა უსაფრთხოების დარღვევის ბრალდებით, Meta-ს დამატებით $567 მილიონის გადახდა დაეკისრა