ვენესუელა ინგლისის ბანკისგან €4 მილიარდის ღირებულების 31 ტონა ოქროს დაბრუნებას ითხოვს

ვენესუელა ინგლისის ბანკისგან €4 მილიარდის ღირებულების 31 ტონა ოქროს დაბრუნებას ითხოვს

ფოტო: Getty Images

ვენესუელის მთავრობა და ოპოზიციის ნაწილი შეთანხმდნენ, რომ ინგლისის ბანკში დაცული 31 ტონა ოქროს დაბრუნება ერთობლივად მოითხოვონ. აღნიშნული ოქროს ჯამური ღირებულება დაახლოებით €4 მილიარდს შეადგენს. მხარეებს შორის შეთანხმება აშშ-ის შუამავლობით გამართული ორკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ შედგა.

ვენესუელის 2018 წლიდან ინგლისის ბანკის საცავებში შენახულ ოქროზე წვდომა შეზღუდული აქვს. წვდომა მას შემდეგ შეიზღუდა, რაც გაერთიანებულმა სამეფომ ვენესუელის მთავრობა აღარ ცნო, რასაც აქტივებზე კონტროლთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა მოჰყვა. საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს ჯერ არ მიუღია.

დელსი როდრიგესის ხელმძღვანელობით ვენესუელის მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ოთხშაბათს გავრცელებული ერთობლივი განცხადების მიხედვით, ოქროს დაბრუნების მიზანი 24 ივნისის მიწისძვრების შემდეგ დაზარალებული ქვეყნის აღდგენის დაფინანსებაა. უახლესი მონაცემებით, სტიქიას 6 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ვენესუელის 2015 წლის ეროვნული ასამბლეის დელეგაციის წევრმა და პარლამენტარმა რამონ ლოპესმა განაცხადა, რომ თანხები დაზარალებულ რეგიონებში საცხოვრებელი სახლების, სამედიცინო ცენტრებისა და სკოლების აღდგენას უნდა მოხმარდეს. ლოპესისვე თქმით, ფინანსური რესურსი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ანგარიშებზე განთავსდება და მათ საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები გააკონტროლებენ. აუდიტი თანხების გაცემის ერთ-ერთი პირობა იქნება.

ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ საჭიროა გამჭვირვალობის მექანიზმების შექმნა, რათა ოქროს ღირებულების შესაბამისი თანხები ვენესუელის ხელისუფლებამ არ მიითვისოს.

ვენესუელის ეკონომიკა, რომელიც წლების განმავლობაში არასწორი მართვის, კორუფციისა და აშშ-ის სანქციების გამო მნიშვნელოვნად დასუსტდა, მიწისძვრების გამო დამატებითი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. ქვეყნის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ივლისში ყოველთვიურმა ინფლაციამ 19.9% შეადგინა, ივნისში დაფიქსირებული 13.8%-ის შემდეგ. ეკონომისტების შეფასებით, წლიური ინფლაცია დაახლოებით 575%-ს შეადგენს.

ვენესუელის მთავრობის ხელმძღვანელმა დელსი როდრიგესმა გასულ თვეში მეფე ჩარლზ III-ს წერილით მიმართა და ინგლისის ბანკში დაცულ ოქროზე წვდომის კვლავ გახსნა მოითხოვა.

თავის მხრივ, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობა სასამართლო დავის მხარეს არ წარმოადგენს და კვლავ მხარს უჭერს ვენესუელაში ხელისუფლების დემოკრატიულ გადაცემას, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის ნებას ასახავს.

ინგლისის ბანკი, რომელიც ოქროს ზოდების გაცემამდე სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

ვენესუელა საერთაშორისო ფინანსურ რესურსებზე წვდომის აღდგენასაც ცდილობს. ივლისში ქვეყანამ საერთაშორისო სავალუტო ფონდში (IMF) განთავსებული რეზერვებიდან $350 მილიონი მიიღო.

როდრიგესის მთავრობა ასევე ცდილობს $4.6 მილიარდის ღირებულების სპეციალური ნასესხობის უფლებებზე (SDR) წვდომის მიღებას. ეს IMF-ის სარეზერვო აქტივებია, რომელთა სხვა ვალუტებში გადაცვლაა შესაძლებელი.

ცნობისთვის, ვენესუელის სახელმწიფო ვალი დაახლოებით $240 მილიარდს შეადგენს.