როგორ გამდიდრდა „ნეტფლიქსი“?

Netflix 2

2025 წელს „ნეტფლიქსმა“ 45 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 11 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები 56 მილიარდი დოლარია, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია – 300 მილიარდი დოლარი. დასაქმებული ჰყავს 16,000 ადამიანი.

„ნეტფლიქსი“ 1997 წელს აშშ-ის შტატ კალიფორნიაში მარკ რენდოლფმა და რიდ ჰასტინგსმა დააარსეს. რენდოლფი მისი მომაავალი პარტნიორის, რიდ ჰასტინგსის კომპანიაში, Pure Atria-ში მარკეტინგის დირექტორად მუშაობდა. ეს კომპანია კომპიუტერულ მომსახურებას ეწეოდა. თავად ჰასტინგსი მათემატიკოსი და კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტია. 1997 წელს მან კომპანია Pure Atria 700 მლნ დოლარად გაყიდა.

„ნეტფლიქსი“ ჰასტინგსმა 2.5 მლნ დოლარით დააარსა. კომპანია მალე DVD–დისკების გაქირავებისა და გაყიდვის პირველი ონლაინპორტალი  (www.netflix.com) გახდა. DVD-ის შეკვეთა ელექტრონული ფოსტით შეიძლებოდა, რომელიც მომხმარებელს სახლში ეგზავნებოდა. კომპანიამ DVD–ვიდეოების ყველაზე დიდი კატალოგი შექმნა, თუმცა ამ დროს სულ 30 კაცი ჰყავდა დასაქმებული. პირველი წარმატებიდან მალევე რენდოლფსა და ჰასტინგს „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი შეხვდა და „ნეტფლიქსის“ სანაცვლოდ 16 მლნ დოლარი შესთავაზა. „ამაზონისგან“ კონკურენციის შიშის გამო რენდოლფმა ჩათვალა, რომ სამართლიანი შემოთავაზება იყო და კომპანიის გაყიდვა სურდა, თუმცა „ნეტფლიქსის“ 70% ჰასტინგსს ეკუთვნოდა და მან გაყიდვაზე უარი თქვა.

ყოველთვიური გამოწერები „ნეტფლიქსმა“ 1999 წლიდან დაიწყო. 2000 წელს უკვე 300,000 გამომწერი ჰყავდა. გამოწერის უპირატესობა ის იყო, რომ მომხმარებლებს თვეში ულიმიტოდ შეეძლოთ ფილმებისა და სხვა ვიდეოჩანაწერების მიღება. 2000-2002 წლებში DVD–დისკების ჩუქება ამერიკაში ძალიან პოპულარული გახდა, მათ შორის – საშობაო საჩუქრადაც.

2000 წელს „ნეტფლიქსი“ ფინანსურად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და დამფუძნებლებმა კომპანია Blockbuster-ს „ნეტფლიქსი“ 50 მილიონ დოლარად შესთავაზეს. Blockbuster-მა უარი თქვა და ეს ბიზნესის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ შეცდომად ითვლება.

2002 წელს „ნეტფლიქსი“ საფონდო ბირჟაზე შევიდა და 100 მლნ დოლარამდე ღირებულების აქციები გაყიდა. 2003 წელს კომპანიის შემოსავალმა 272 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო მოგებამ – 6.5 მლნ დოლარი.

2005 წელს კომპანიის კატალოგში უკვე 35,000-მდე ფილმი იყო და დღეში მილიონამდე DVD-ის ყიდდა ან აქირავებდა. ამავე წლიდან „ნეტფლიქსმა“ ფილმების ონლაინ ჩვენების გაყიდვა დაიწყო. ამისათვის ფილმების გაშვების უფლება შეისყიდა, მაგრამ ამ პერიოდში ინტერნეტის სიჩქარე ჯერ კიდევ არ იყო ისეთი მაღალი, რომ ფილმების ონლაინ ნახვა კომფორტული ყოფილიყო. თუმცა  „იუთუბის“ წარმატებული სტარტი აჩვენებდა, რომ მომავალი ფილმების ონლაინ ჩვენების გაყიდვაში იყო და არა DVD–დისკების. 2007 წლიდან იზრდება ონლაინ ხელმისაწვდომი ფილმების რიცხვი და 2009 წელს 12,000-ს აღწევს.

2007 წელი „ნეტფლიქსის“ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. კომპანიამ გაუშვა ონლაინ სტრიმინგის სერვისი, რომელიც თავიდან მხოლოდ დაახლოებით 1,000 ფილმს მოიცავდა. 2010 წელს „ნეტფლიქსი“ პირველად გავიდა აშშ-ის ფარგლებს გარეთ, პირველი ქვეყანა კანადა იყო.

2013 წელს „ნეტფლიქსს“ ამერიკაში 27 მლნ გამომწერი ჰყავდა, ხოლო 2 მლნ-ზე მეტი – ქვეყნის გარეთ. შემოსავალი კი მილიარდ დოლარს მიუახლოვდა. ამ წელს კომპანიას მხოლოდ 5 ორიგინალური ტელესერიალი ჰქონდა გაქირავებაში.  დღეს კი მათი რაოდენობა 3,000-მდეა.

„ნეტფლიქსის“ ერთ-ერთი პირველი წარმატებული პროექტი სერიალი „ბანქოს სახლი“ იყო, რომლის პირველი სეზონი 2013 წელს გამოვიდა. ამას მოჰყვა ისეთი წარმატებული პროექტები, როგორებიცაა „ნარკოსი“,  „ცხენკაცა ბოჯეკი“ „უცნაური ამბები“, „ქაღალდის სახლი“, „დედოფლის გამბიტი“, „კალმარის თამაში“ და სხვა.

2010-იან წლებში „ნეტფლიქსის“ გამომწერების რაოდენობა და კომპანიის შემოსავალი ყოველ 3 წელიწადში ორმაგდებოდა და 2019 წელს 20 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2016 წელს „ნეტფლიქსი“ ერთდროულად დაახლოებით 130 ახალ ქვეყანაში გაეშვა.

2020-2021 წლებში კორონავირუსით გამოწვეული შიდაიზოლაციების დროს მისი გამომწერების რაოდენობა მნიშვნელოვნათ გაიზარდა, წლიურმა შემოსავალმა კი 30 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო „ნეტფლიქსმა“ რუსეთის ტერიტორიაზე მომსახურების მიწოდება შეაჩერა.

2022 წელს პირველად მრავალი წლის შემდეგ „ნეტფლიქსს“ გამომწერების რაოდენობა შეუმცირდა. ამის მიზეზები Disney-ის და სხვა კონკურენტების გაძლიერება, ბაზრის გაჯერება და პაროლების გაზიარება იყო. „ნეტფლიქსმა“ ამ გამოწვევას რეკლამიანი იაფი პაკეტის დანერგვით და პაროლების გაზიარების შეზღუდვით უპასუხა.

დღეს „ნეტფლიქსის“ ფასიანი პაკეტები 325 მლნ-მდე ადამიანს აქვს გამოწერილი. შემოსავლების 46% აშშ-ში მაუწყებლობაზე მოდის, ხოლო 54% – საზღვარგარეთზე. მისი მომსახურება ყველა ქვეყანაში ხელმისაწვდომია,  გარდა ჩინეთის, რუსეთის, სირიისა და ჩრდილოეთ კორეისა. „ნეტფლიქსი“ მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს გასართობ პლატფორმად იქცა საკუთარი ფილმებით, სერიალებით, პოდკასტებით, თამაშებით და სპორტული ტრანსლაციებით.

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა