სადებიუტო უქმეების შემოსავლით „ადამიანი ობობა: ახალი დღე“ ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა

სადებიუტო უქმეების შემოსავლით „ადამიანი ობობა: ახალი დღე“ ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა

„ადამიანი-ობობას“ ახალმა ფილმმა კინოგაქირავების ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა და სადებიუტო უქმეებზე შემოსავლით „შურისმაძიებლების“ მეოთხე ნაწილის შედეგები გააუმჯობესა. ჩრდილოეთ ამერიკის სალაროებში ფილმმა პირველივე შაბათ-კვირას $360 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო 2019 წლის „შურისმაძიებლები: დასასრულის“ შემოსავლები პრემიერის უქმეებზე $357 მილიონს შეადგენდა.

ტომ ჰოლანდის მონაწილეობით გადაღებულმა ახალმა ფილმმა თავდაპირველ შეფასებებსაც მნიშვნელოვნად გადააჭარბა. კრიტიკოსები სადებიუტო უქმეებზე დაახლოებით $355 მილიონის მიღებას ვარაუდობდნენ, თუმცა საბოლოო მონაცემები პროგნოზებს $5 მილიონით აღემატება. ხოლო ანალიტიკური კომპანია Boxoffice Pro პირველ შაბათ-კვირას მხოლოდ $280-$300 მილიონის შემოსავალს ვარაუდობდა.

„ადამიანი ობობა: ახალი დღე“ წარმატებული აღმოჩნდა საერთაშორისო ბაზრებზეც — სხვადასხვა ქვეყანაში საპრემიერო უქმეებზე ფილმმა დამატებით $573 მილიონი გამოიმუშავა. შედეგად, ფილმის გლობალური დებიუტიდან მიღებული შემოსავალი პირველ შაბათ-კვირას $932 მილიონს გაუტოლდა. ამ შედეგით ფილმი კინოგაქირავების ისტორიაში მეორე ყველაზე დიდი გლობალური პრემიერის მქონე ნამუშევარი გახდა. პირველ ადგილზე კვლავ „შურისმაძიებლები: დასასრული“ რჩება, რომელმაც გამოსვლის პირველ უქმეებზე მსოფლიო მასშტაბით $1.22 მილიარდი გამოიმუშავა.

„ადამიანი-ობობას“ ახალმა ფილმმა როგორც მაყურებლების, ისე კრიტიკოსებისგანაც მაღალი შეფასება მიიღო. CinemaScore-ის გამოკითხვაში ფილმს უმაღლესი შეფასება — A აქვს, ხოლო Rotten Tomatoes-ზე კრიტიკოსების 90%-იანი და მაყურებლების 98%-იანი რეიტინგი აქვს.

საერთო ჯამში, „ადამიანი-ობობასა“ და „ოდისეას“ შემოსავლებმა აშშ-ის კინოთეატრებში უქმეებზე რეკორდული შემოსავლები მოიტანა. მხოლოდ ამ ორი ფილმის წყალობით ბილეთების გაყიდვებიდან მიღებულმა თანხამ $425 მილიონი შეადგინა, რაც ქვეყნის კინოგაქირავების ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი შაბათ-კვირაა.